იხილეთ Substack-ზე

საინტერესოა, რომ ცოცხალი არსება ამ სამყაროში ცხოვრობს, აწყობს გეგმებს, ისახავს მიზნებს, თუმცა იშვიათად თუ უფიქრდება იმას, თუ ვინ არის ის, სად იმყოფება და რა არის მისი დანიშნულება. იმისათვის, რომ ადამიანმა ამ კითხვებს პასუხი გასცეს, პირველ რიგში უნდა უპასუხოს შეკითხვას – ვინ ვარ? როდესაც ცოცხალი არსება გააცნობიერებს საკუთარ თავს, ის მაშინვე გაიგებს სად იმყოფება და რა არის მისი დანიშნულება.

უპანიშადების1 უმთავარი და ყველაზე ცნობილი გამონათქვამები (მაჰავაკია) გვპასუხობს ამ შეკითხვაზე:

aham brahmāsmi — “მე ბრაჰმანი ვარ, ცნობიერი სულიერი არსება”.
ayam ātmā brahma — “ატმანი (სული) არის ბრაჰმანი”.
tat tvam asi — “შენ ბრაჰმანი ხარ”.
prajñānam brahma — “ცნობიერება ბრაჰმანია”.
sarvam khalv idaṁ brahma — “ყოველივე არსებული ბრაჰმანია”.
so ’ham — “მე ის (ბრაჰმანი) ვარ”.

ის გვეუბნება, რომ სული (ატმანი) არის ბრაჰმანი. თუმცა რა არის ბრაჰმანი:

“ლექსიკონის მიხედვით სიტყვა ბრაჰმა ნიშნავს – რაც დიდია; ბრაჰმანთა ფენას; ინდივიდუალურ სულიერ სულს; და ნახევარღმერთ ბრაჰმას”.

(გოვინდა ბჰაშია2, სუტრა 1 კომ.)

საინტერესოა აქედან რომელი ვართ ჩვენ. დიდი ვერ ვიქნებით, რადგან სულის ზომა უაღრესად მცირე, ატომარულია3. ბრაჰმა და ბრაჰმანთა ფენაც რა თქმა უნდა სულები არიან, თუმცა ისინიც ისეთივე სულები არიან, როგორც სხვა დანარჩენი, უბრალოდ განსაკუთრებულ პოზიციას იკავებენ ამ ეტაპზე, ამიტომაც ატარებენ ამ სახელს. ინდივიდუალური სული რომ ბრაჰმანია, ესეც გავიგეთ, ჩვენ ის გვაინტერესებს რა იგულისხმება ამ ბრაჰმანში.

რა არის ბრაჰმანი?

სიტყვა ბრაჰმანის უმაღლესი მნიშვნელობა არის უზენაესი უფალი, რომელსაც პარაბრაჰმანს, უზენაეს ბრაჰმანს უწოდებენ. უზენაესი უფალი სამგვარად ავლენს საკუთარ თავს: როგორც ბჰაგავანიბრაჰმანი და პარამატმა4ბჰაგავანი საუკეთესო თვისებებითა და ფორმით აღვსილი ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს, როგორც ბრაჰმანს, ისე პარამატმას5. პარამატმას ასპექტი წარმოადგენს ზესულს, რომელიც ყოველი ცოცხალი არსების გულში იმყოფება და მატერიალური სამყაროს ყოველ ატომში ვრცელდება. ბრაჰმანი კი წარმოადგენს სინათლეს, რომელსაც უფალი მაჰა-ვიშნუ6 ასხივებს.

ადვაიტა-ვედანტას7 მიმდევრების აზრით, უპანიშადებში აღწერილი ბრაჰმანი წარმოადგენს უმაღლეს რეალობას. რადგან ვედები გვეუბნება: “შენ ხარ ბრაჰმანი”, ყოველი ჩვენგანი ერთი მთლიანი უპიროვნო რეალობაა, რომელსაც ბრაჰმანის სინათლე წარმოადგენს. ანუ ისინი უარყოფენ როგორც ინდივიდუალურ სულს, ისე უზენაეს უფალს და მის ორ დანარჩენ ასპექტს: ბჰაგავანს და პარამატმას, რაც ვედური ცოდნის დამახინჯება და მისი სწავლების საცოდაობამდე დაყვანაა. ეს სწავლება ვედების ერთ ნაწილს და ერთ განმარტებას იღებს, ხოლო მეორეს უარყოფს. მსგავსი მიდგომით არა თუ ვედების, არამედ მატერიალური საგნების არსსაც ვერ გავიგებთ.

უფალმა ჩაიტანიამ8, ვედანტას9 საბოლოო სკოლა დააარსა (რაც ყველა წინა სკოლის თანდათანობითი ევოლუციის სრულყოფას წარმოადგენს). წინა სკოლებისგან განსხვავებით10 მისი დაარსებული სკოლა (გაუდია-სამპრადაია) ვედების ყველა ნაწილს იღებს და არც ერთ მის ნაწილს არ უარყოფს, რაც საშუალებას იძლევა რეალობა სრულყოფილად დავინახოთ11. შესაბამისად ეს საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად გავიგოთ ვინ ვართ ჩვენ და რა არის ჩვენი დანიშნულება.

ამ სამყაროში (და არა მხოლოდ. მთლიან რეალობაში რაც კი არსებობს) ერთიანობაც არის და განსხვავებაც. ამის გამო ვედების ერთი ნაწილი აღწერს ერთიანობას, მეორე კი განსხვავებას. თუ რომელიმე მათგანს უარვყოფთ, მაშინ რეალობას სრულად ვერ დავინახავთ. ამიტომაც გაუდია-სამპრადაია, იღებს ორივე მათგანს და აყალიბებს ერთდროული განსხვავებისა და ერთიანობის ფილოსოფიას (აჩინტია-ბჰედაბჰედა-ტატტვა).

რეალურად ვედების ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა aham brahmāsmi ნიშნავს, რომ სული ბრაჰმანია, თუმცა არა უზენაესი ბრაჰმანი12. ანუ ის ღმერთისგან ერთის მხრივ არ განსხვავდება, რადგან ბრაჰმანია, თუმცა თან განსხვავდება, რადგან მხოლოდ ნაწილობრივ არის ბრაჰმანი და არა სრულად. უზენაესი ბრაჰმანი, ღმერთი, არის როგორც მზე, ინდივიდუალური ცოცხალი არსება კი მისი სინათლის შემადგენელი ნაწილაკი. ერთის მხრივ მზის სხივები არ განსხვავდება მზისგან, რადგან მასაც აქვს სითბო და სინათლე, თუმცა მეორეს მხრივ მზე განსხვავდება სხივებისგან, რადგან მზე თავად არის სხივების წყარო13. ამგვარად ცოცხალი არსება უზენაესი ბრაჰმანის უმცირეს ნაწილაკს წარმოადგენს, ამიტომაც ის რაოდენობრივად მას ვერ შეედრება. თუმცა ხარისხობრივად მისი ტოლია14.

სული არის მაჰა ვიშნუდან (პარაბრაჰმანიდან) გამომავალი სინათლის, ბრაჰმანის შემადგენელი ნაწილაკი15. ამგვარად ინდივიდუალური სული (ჯივა) არის ბრაჰმანი, თუმცა არა მთლიანი ნათება (როგორც შანკარა ქადაგებს), არამედ ამ ნათების შემადგენელი ინდივიდუალური ნაწილაკი. ისევე როგორც მზე მუდამ კავშირშია თავის სხივებთან, უზენაესი უფალიც მუდამ კავშირშია სულებთან (ჯივებთან)16.

ბრაჰმანის რეალიზაცია

ჯივა, ცოცხალი არსება, წარმოადგენს რა თავად უზენაესი უფლის მიერ გამოსხივებული სინათლის (ბრაჰმანის) ნაწილაკს, ის ტრანსცენდენტულია, როგორც უზენაესი უფალი, რადგან უშუალოდ მისი სინათლის ნაწილაკია. ამ კუთხით ჯივა ღმერთისგან არ განსხვავდება, როგორც სინათლის სხივი და მისი შემადგენელი ნაწილაკები არ განსხვავდებიან მათი წყაროსგან. ისინი ბუნებით ერთნი არიან. განსხვავდება უბრალოდ რაოდენობრივად, რადგან ჯივები ინდივიდუალური პიროვნებები არიან და თავისუფალი ნება გააჩნიათ17.

ამიტომაც სულისთვის უცხოა მკვდარი მატერია. ისინი არ ექვემდებარებიან განადგურებას, როგორც მატერიალური საგნები. ამის გამო ჩვენთვის უცხოა ის აზრიც კი, რომ შეიძლება ჩვენი არსებობა ოდესმე შეწყდეს18. ამიტომაც კრიშნა ბჰაგავად-გიტაში (2.20) არჯუნას ეუბნება, რომ სული მუდამ მყოფი და თავდაპირველია. სულს სრულიად სხვა ბუნება აქვს, ამიტომაც ის არ კვდება სხეულის სიკვდილთან ერთად. იმის მიუხედავად, რომ სული უხუცესია, მას არ ემუქრება სიბერე. სული მუდამ ახალივითაა, ის სულ შეიგრძნობა როგორც ახალთახალი19. მას არ ეხება 6 სახის ცვლილება, რომლებსაც მატერიალური ობიექტები განიცდიან: დაბადება, არსებობა, ზრდა, გარდასახვა, დაშლა და განადგურება20.

ჩვენ გვგონია, რომ ვიბადებით, თუმცა სული არ იბადება. გვგონია, რომ ვმრავლდებით, თუმცა სული არ მრავლდება, მას არ შეუძლია გამრავლება. გამრავლებისას უბრალოდ უკვე არსებულ სულს ვაძლევთ სხეულის, მატერიალური საფარველის მიღების საშუალებას. ეს გაცნობიერება მთელს ჩვენს ხედვას 180 გრადუსით ცვლის და აქრობს ყველანაირ ტანჯვას, რაც საპირისპირო ხედვიდანაა გამოწვეული.

ნათქვამია, რომ ბრაჰმანის სინათლე ყველგან ვრცელდება ამ სამყაროში. საინტერესოა, რომ ჩვენი სამყარო მრავალი საფარველითაა დაფარული21, რის გამოც ბრაჰმანის სინათლე ერთი შეხედვით ჩვენს სამყაროში ვერ აღწევს. როდესაც გათავისუფლებული პიროვნებები ამ სამყაროდან გადიან, მხოლოდ მას შემდეგ ხედავენ ბრაჰმანის სინათლეს, როცა მატერიალური სამყაროს ბოლო საფარველს გასცდებიან ხოლმე22.

ამ შემთხვევაში ჩნდება შეკითხვა: “მაშ, როგორ არის ბრაჰმანი ყოვლისმომცველი?”. ამაზე ჩვენ ასე ვუპასუხებთ – სინამდვილეში მატერიალური სამყაროს ყოველი წერტილი მოცულია ამ სინათლით. ეს სამყარო სავსეა ურიცხვი რაოდენობის ცოცხალი არსებებით, ბრაჰმანის სინათლის ნაწილაკებით, რომლებიც მთელს სამყაროს განმსჭვალავენ მზის სინათლის მსგავსად23.

თვითრეალიზაციის, ღმერთის პიროვნებისაკენ (ბჰაგავანისკენ) მიმავალ გზაზე, ადამიანი პირველ რიგში მის სინათლეს, ბრაჰმანსჯივა-შაქტის24 აცნობიერებს. ამ გაცნობიერებისას ის ერთიანობას გრძნობს მთელს სამყაროსთან, რადგან ხვდება, რომ ყველა ერთი და იგივე პიროვნების, უზენაესი უფლის გამოსხივების შემადგენელი ნაწილაკები არიან.

ახლა ჩვენ განსხვავებებს ვხედავთ. ეს ადამიანი ამ ეროვნებისაა, ამ რელიგიის, ამ სხეულის, ამ ხასიათის, ამ მსოფლმხედველობის – ის სხვა არის. აღარაფერს ვამბობ ცხოველებზე, ფრინველებზე, მწერებზე და ბაქტერიებზე. ჩვენი სხეულისეული აღქმის გამო ვერ ვხედავთ იმ ერთიანობას, რაც ყოველი ცოცხალ არსებას აკავშირებს ერთმანეთს. როდესაც ადამიანს, ცხოველს ან სხვა ცოცხალ არსებას ვხედავთ, ჩვენ გვავიწყდება, რომ სინამდვილეში ის წმინდა, ბრწყინავი ნაწილაკია ერთი და იგივე სინათლის წყაროსი. ერთი და იგივე სინათლის შემადგენელი, წმინდა ინდივიდუალური ნაწილაკი.

ჩვენ ვხედავთ მხოლოდ მატერიას, თუმცა ვერ ვხედავთ იმ სინათლის ნაწილაკებს, რომლებითაც სავსეა მთელი სამყარო25. ბაქტერიები ბინადრობენ ნიადაგში, წყალში, ჰაერში, სხვა ცოცხალი არსებების სხეულებში – ისინი ყველგან არიან. არსებობს უამრავი მცენარე: ბუჩქები, ბალახები, ხეები და ყვავილები. არსებობს უამრავი სახეობის მწერები, ფრინველები და ცხოველები. ცოცხალი არსებები არიან წყალშიც, ხმელეთზეც, ცაშიც. ამგვარად ბრაჰმანის სინათლე ყველაფერს განმსჭვალავს ამ სამყაროში.

სინამდვილეში ამ სამყაროში არსებობს მხოლოდ ეს წმინდა სინათლის ნაპერწკლები (ზესულთან ერთად) და მკვდარი მატერია. წმინდა სინათლის ნაწილაკები მუდმივად უცვლელი რჩება, მათი სხეულები და ადგილსამყოფელი იცვლება. თუმცა ყველა ეს ცვლილება სიზმარს ჰგავს და არარეალურია, რადგან სულს საერთოდ არ ეხება, უბრალოდ ილუზოლურ რეალობებს უქმნის და არ აძლევს გამოღვიძების საშუალებას.

როდესაც ამ რეალობას ვაცნობიერებთ, ჩვენ ეროვნებების, რელიგიების, მსოფლმხედველობების და სხეულების მაგივრად, ვხედავთ ერთი და იგივე ბუნების მქონე სინათლის ნაწილაკებს, რომლებიც ერთი წყაროდან გამომდინარეობს. როდესაც ჩვენ სხვა რელიგიის, ეროვნების ან მსოფლმხედველობის ადამიანს ვუყურებთ, გვიჭირს იმის აღქმა, რომ ის წმინდა სინათლის ნაწილაკია, რომელიც იმავე წყაროსთანაა კავშირში, რასთანაც მე და ყველა სხვა ცოცხალი არსება. არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ყველანაირი სიცოცხლის სახეობა, არის მარადიული ნაწილაკი, რომლებსაც ერთნაირი ბუნება აქვთ და ერთი და იგივე წყაროსთან არიან კავშირში.

ბრაჰმანის ბუნება

შეიძლება გაგვიჩნდეს შეკითხვა: “რატომ მოვხვდით საერთოდ ამ სამყაროში, თუ ის ჩვენთვის უცხო და არაბუნებრივია?” ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, უფრო მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ ონტოლოგიას.

უზენაეს უფალს აქვს სამი სახის ენერგია (შაქტი): შინაგანი (ანტარანგაჩიტ), გარეგანი (ბაჰირანგამაია) და მოსაზღვრე (ტატასთჰა). ამ სამ ენერგიასთან უშუალო თანხვედრაშია უფლის სამი გამოვლინება: ბრაჰმანიპარამატმა და ბჰაგავანი. შინაგან ენერგიას წარმოადგენს სულიერი, ტრანსცენდენტული სამყარო, რომელშიც უზენაესი უფალი ვლინდება როგორც ბჰაგავანი. გარეგან ენერგიას წარმოადგენს მატერიალური სამყაროები, რომლებშიც უფალი ვლინდება პარამატმას ასპექტში. მოსაზღვრე ენერგიას კი წარმოადგენენ ცოცხალი არსებები, რომლებსაც უფლის ბრაჰმანის ასპექტი ავლენს, მას სხვაგვარად ჯივა-შაქტის უწოდებენ, ანუ ენერგიას, რომელიც ცოცხალ არსებებს ავლენს26. ცოცხალ არსებებს ეწოდებათ მოსაზღვრე ენერგიები, რადგან ისინი განლაგებულნი არიან სულიერ და მატერიალურ სამყაროებს შორის27. მათ არ ავლენს არც სულიერი და არც მატერიალური სამყარო28.

ახლა შევეცადოთ უკეთესად დავინახოთ რა არის ეს საზღვარი. მაჰა ვიშნუ, რომელიც მიზეზობრივ ოკეანეზე განისვენებს, ასხივებს თვალისმომჭრელ სინათლეს, ბრაჰმანს, ცოცხალ არსებებს. ამასთან ერთად მისი სხეულის ფორებიდან გამოდის მატერიალური სამყაროები, რომლებიც 5 მთავარი მატერიალური ელემენტების საფარველითაა დაფარული29. ეს სამყაროები მაჰა ვიშნუს ნათებაში ლივლივებენ. ცოცხალი არსებები, რომლებიც საზღვარზე, ანუ ამ ნათებაში იმყოფებიან, ინდივიდუალურობას იქაც ინარჩუნებენ30. უბრალოდ ზოგჯერ მათი გონება ამ ნათებაში იძირება, ზოგჯერ კი გამოფხიზლდება31 და ხედავს მის გარშემო ინდივიდუალურ ცოცხალ არსებებს32, მაჰა ვიშნუს33 და მატერიალურ სამყაროებს34, რომლებიც იქ ტივტივებს. ბრაჰმანის, ვიშნუს სინათლის ზემოთ კი მდებარეობს სულიერი სამყაროები35.

როგორც ვთქვით სულის ზომა ატომარულია და ის თავდაპირველად ვლინდება სულიერი და მატერიალური სამყაროს საზღვარზე36. მისი ატომარულობის გამო ის შეიძლება მოექცეს ან ერთი ენერგიის გავლენის ქვეშ, ან მეორესი37. ზუსტად ამ მდგომარეობაში აკეთებს სული თავდაპირველ არჩევანს, როდესაც ერთის მხირვ მატერიალურ გავლენას გრძნობს მეორეს მხრივ კი სულიერს. ერთ მხარეს წყალია, მეორე მხარეს კი ხმელეთი, თვითონ კი ზღვარზე იმყოფება. სრულად არც წყალი იცის რა არის და არც ხმელეთი, რაც იდეალურ შესაძლებლობას იძლევა მთლიანად გამოავლინოს თავისი თავისუფალი ნება. ის აკეთებს არჩევანს ჩახტეს მატერიალური სამყაროს ოკეანეში თუ გადავიდეს სულიერ სამყაროში. ამ პროცესს ძალიან საინტერესოდ აღწერს ბჰაქტივინოდა თჰაკურა თავის საბოლო და გიგანტურ ნაშრომში “ჯაივა-დჰარმაში”. ეს ნაწილი იმდენად საინტერესოა, რომ გადავწყვიტე სრულად მომეყვანა:

ვაჯრანათჰმა იკითხა: “ო ბერძენზე ბრძენო, როგორ აღწერს ვედანტას ფილოსოფია სიტყვა ტატასთჰას?”

ბაბაჯიმ უპასუხა: “ადგილს, სადაც მდინარის წყალი დედამიწას ხვდება, ტატა ჰქვია. ტატა არის ადგილი, სადაც წყალი ხმელეთს ესაზღვრება. ის ჰგავს უნატიფეს ძაფს, რომელიც წყლისა და ხმელეთის საზღვარზეა გაჭიმული. ტატა ჰგავს უნატიფეს ხაზს, ისეთ ნატიფს, რომ უხეშ მატერიალურ თვალებს ვერ შეუძლიათ მისი ხილვა. ამ მაგალითში სულიერი სამყარო წყალს ჰგავს, მატერიალური კი – ხმელეთს. ნატიფ ხაზს, რომელიც მათ ერთმანეთისგან ჰყოფს ჰქვია ტატა. უნატიფესი საზღვარი ორ სამყაროს შორის, არის ინდივიდუალურ სულთა სამყოფელი. ინდივიდუალური სულები ჰგვანან პაწაწინა, ატომის ზომა, მზის სინათლის ნაწილაკებს. რადგან პაწაწინა ნაწილაკები არიან, სულებს შეუძლიათ დაინახონ როგორც სულიერი, ისე მატერიალური სამყარო. უფლის სულიერი ენერგია, ჩიტ-შაქტი, ნამდვილად უსაზღვროა, ხოლო მისი მატერიალური ენერგია, მაია-შაქტი, ასევე დიდ ზომებს ფლობს. ინდივიდუალური სული, იმყოფება რა მათ შორის, ძალიან პაწაწინაა. ინდივიდუალური სულები უფალი კრიშნას ტატასთჰა-შაქტიდან გამომდინარეობენ. ამიტომაც სულები მოსაზღვრე (ტატასთჰა) მდგომარეობაში იმყოფებიან, მატერიასა და სულს შორის”.

ვაჯრანათჰმა ისევ ჰკითხა: “და რაში მდგომარეობს ინდივიდუალურ სულთა ბუნება, რომელსაც ტატასთჰა ჰქვია?”

ბაბაჯიმ უპასუხა: “იმყოფება რა ორ სამყაროს შორის, სული მათ ხედავს. ისე გამოვიდა, რომ სულები ორი ზემოთხსენებული ენერგიიდან ერთ-ერთის გავლენაში უნდა იყვნენ. ამასთან ერთად, ტატას (ნაპირის) მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს. რაც, ოდესღაც ხმელეთი იყო, საბოლოოდ შეიძლება წყლის ქვეშ აღმოჩნდეს, ხოლო ის, რაც წყლის ქვეშაა, შეიძლება ისევ ხმელეთად იქცეს. თუ სული მზერას უფალი კრიშნასკენ მიმართავს, სული საკუთარ თავს უფლის სულიერი ენერგიის მფარველობის ქვეშ აქცევს. თუმცა თუ სული კრიშნას ზურგს აქცევს და დახარბებულ მზერას მატერიალურ ენერგიას, მაიას აპყრობს, ის მაშინვე ეშმაკი ჭკუის მქონე მაიას სატყუარაში ექცევა. ზუსტად ეს იგულისხმება ფრაზაში “სულს აქვს ტატასთჰას ბუნება”.

(ბჰაქტივინოდა თჰაკურა, ჯაივა-დჰარმა 1.15)

პასუხები მნიშვნელოვან შეკითხვებზე

ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ შეიძლება გაგვიჩნდეს სამართლიანი შეკითხვა: “რა საჭიროა საზღვარზე ყოფნა და ზედმეტად გართულება ყველაფრის, ხომ შეიძლება თავიდანვე სულიერ სამყაროში ვყოფილიყავით?”


მატერიალურ სამყაროს გადმოსახედიდან, სადაც ყველაფერი იქმნება და ნადგურდება (თუმცა რეალურად მატერიალური სამყაროც მარადიულია, უბრალოდ ხან გამოვლენილია, ხან გამოუვლენელი, რის გამოც იქმნება ილუზია, თითქოს რაღაც იქმნება და ნადგურდება), ჩვენ შეიძლება ავხსნათ რა რის გამო მოხდა. თუმცა სინამდვილეში ნამდვილი რეალობა მარადიულია, მას არ აქვს საწყისი. რეალობაზე არ სვამენ შეკითხვას, რატომ მოხდა ასე, რადგან ეს ასეა და უბრალოდ უნდა მიიღო: არის ღმერთის პიროვნება და მისი სხვადასხვა ენერგიები. ეს მუდამ ასეა. არასდროს იყო დრო როდესაც არ არსებობდა ღმერთი თავისი ენერგიებით (სულებითა და მატერიით) და არასდროს იქნება დრო, როცა ის არ იარსებებს. სინამდვილეში მთელი რეალობას ღმერთი და მისი ენერგიებია, რაც თავისთავად მარადიულია.

თუმცა ჩვენ მაინც განვიხილავთ ამ საკითხს. სინამდვილეში ამ დროს ღმერთი პატივს სცემს სულის თავისუფალ ნებას, რომელიც მის ღრმა ბუნებას წარმოადგენს38. უფალს არ სურს ცოცხალი არსება ძალით მოათავსოს მის გვერდით, მას სურს რომ მან თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. თუ ის მას აირჩევს, მაშინ მუდამ მასთან იქნება, ხოლო თუ მატერიალურ სამყაროს აირჩევს, მაშინაც ექნება შანსი ამაღლების და უფალთან უახლოესი ურთიერთობების დამყარების, რომლის მიღწევის დროსაც ის თავისთავად გადაინაცვლებს სულიერ სამყაროში.

სხვა სამართლიანი შეკითხვაც შეიძლება გაგვიჩნდეს: “კარგი, მაგრამ თუ სხვა სულები, რომლებსაც მარად გათავისუფლებულ სულებს უწოდებენ, თავიდანვე სულიერ სამყაროში იყვნენ, მაშ მე რა დავაშავე საზღვარზე რომ აღმოვჩნდი? მათ რატომ არ გააკეთებინეს ეს არჩევანი?”


დიახ, არსებობენ მარად გათავისუფლებული (ნიტია-მუქტა) და მარად განპირობებული სულები. მარად განპირობებულ სულებს ასე იმიტომ ეწოდებათ, რომ მათი განპირობება დაიწყო საზღვარზე, სადაც ილუზოლური ენერგიის გავლენა აირჩიეს და მის ტყვეობაში მოექცნენ39. ეს მატერიალური დროის მიღმა იყო, ამ თვალსაზრისით კი მას არ აქვს დასაწყისი40. რაც შეეხება მარად გათავისუფლებულ სულებს, ისინიც უფლის ტატასთჰა-შაქტის წარმოადგენენ41, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მათ თავიდანვე სულიერ სამყაროში შესვლა აირჩიეს და არასდროს ყოფილან მატერიალურ სამყაროში. სულებს, რომლებიც მატერიალური სამყაროდან მიდიან სულიერ სამყაროში, ეწოდებათ ბადდჰა-მუქტები42. ასე, რომ აქ არანაირი უსამართლობა არ არის. ეს უბრალოდ ინდივიდუალური სულის თავისუფალი არჩევანის შედეგია.

აქ შემდეგი შეკითხვა ჩნდება: “თუ მარად გათავისუფლებული სულებიც ოდესღაც შევიდნენ სულიერ სამყაროში, გამოდის რომ ოდესღაც უფლის უშუალო თანამგზავრები არ არსებობდნენ და სულიერ სამყაროში მხოლოდ უფალი იყო?”


კარგი შეკითხვაა. საქმე იმაშია, რომ უფლის მარადიული, თავდაპირველი გარემოცვა, არ წარმოადგენს ჩვენნაირ ინდივიდუალურ ცოცხალ არსებას. ისინი უფლის შინაგანი ენერგიის გამოვლინებები არიან, რომლებსაც რაგატმიკა-ბჰაქტები ეწოდებათ. ისინი ფაქტიურად უფლის ექსპანსიები არიან43.

“შრიმატი რადჰიკას მეგობრები (საქჰი) მარად სრულყოფილი არსებები (ნიტია-სიდდჰა) არიან. ისინი შრიმატი რადჰარანის ფორმიდან ვლინდებიან, რომელიც ჩიტ-შაქტის გამოვლინებაა. ინდივიდუალური სულები კი უფალი კრიშნას ჯივა-შაქტისგან ვლინდებიან. ჩიტ-შაქტი უფალი კრიშნას სრულ ენერგიებს (პურნა-შაქტის) მიეკუთვნება. ინდივიდუალური სულები (ჯივა-შაქტი) კი უფალი კრიშნას არასრულ ენერგიებს მიეკუთვნებიან. პურნა-შაქტი სრულყოფილ ქმნილებებს ქმნის. აპურნა-შაქტი კი ინდივიდუალურ სულებს, ცნობიერების ატომარულ ნაწილაკებს”.

(ბჰაქტივინოდა თჰაკურა, ჯაივა-დჰარმა 1.15)

საინტერესოა, რომ შრილა პრაბჰუპადა ბალადევა ვიდიაბჰუშანაზე დაყრდნობით, ლაქშმის, იმის გამო, რომ ის უფლის სულიერი ენერგიისგან არის წარმოქმნილი, დამოუკიდებელ ვიშნუ-ტატტვას მიაკუთვნებს44. ლაქშმი სინამდვილეში შრიმატი-რადჰარანის გამოვლინებაა, ისევე როგორც მისი სხვა მეგობრები (საქჰი)45. ეს თანამგზავრები არ არიან ტატასთჰა, პაწაწინა ატომარული ჯივები, როგორც ჩვენ. შეიძლება ითქვას, რომ მათი სხეული არ განსხვავდება მათგან, მაშინ როდესაც ჩვენს შემთხვევაში სულიერი თუ მატერიალური სხეული ატომარულ ჯივას აესხმება, რადგან ის თავის ატომარულობას არასდროს კარგავს. უბრალოდ სულიერ სამყაროში აღარ ექნება ამას მნიშვნელობა, რადგან მთლიანად უფლის შინაგანი ენერგიის გავლენის ქვეშ ექცევა ცოცხალი არსება, რა დროსაც მისი ჩიტ-შაქტი მოასხამს უცვლელ და მარადიულ სხეულს, რომელიც მის ბუნებას სრულად შეესაბამება46. ამის შესახებ დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ.

თუმცა არიან სხვა კატეგორიის გოპებიც47, რომლებიც ჯივა-შაქტის წარმოადგენენ და სადჰანის (სულიერი პრაქტიკის) მეშვეობით მიაღწიეს ამ მდგომარეობას:

ვაჯრანათჰმა იკითხა: “რომლები იყვნენ ამ გოპებიდან მარად გათავისუფლებულები, და რომლებმა მიაღწიეს გათავისუფლებას ერთგული სამსახურის მეშვეობით?”

ბაბაჯიმ უპასუხა: “შრიმატი რადჰიკა არის უფალი კრიშნას შინაგანი ენერგია (სვარუპა-შაქტი). ის საკუთარ თავს ავლენს თავისი რვა ახლო მეგობრის (აშტა-საქჰი) სხეულებად, ისინი კი თავს სხვა გოპების ფორმაში ავლენენ, რომლებსაც საქჰი ეწოდებათ. ყველა ეს გოპი მარად გათავისუფლებული სულია (ნიტია-სიდდჰა). ისინი არ მიეკუთვნებიან ჯივა-შაქტის კატეგორიას, რადგან უფლის შინაგანი ენერგიის მეშვეობით არიან გამოვლენილნი (სვარუპა-შაქტი). მათ გარდა, არიან ასევე სხვა გოპებიც (რომლებსაც ასევე საქჰი ეწოდებათ), რომლებმაც მიაღწიეს გათავისუფლებას, ერთგული მსახურების შესრულებით (სადდჰანა-სიდდჰა), რის შემდეგაც მათ უფლება მიეცათ შრიმატი რადჰიკას გარემოცვაში შესვლისა. ასეთი გოპები ინდივიდუალური სულები არიან, რომლებმაც გათავისუფლებას ერთგული მსახურების შესრულებით მიაღწიეს. უფლის ჰლადინი-შაქტის წყალობით მათ სალოკიას გათავისუფლება და შრი რადჰიკასთან, ვრინდავანის დედოფალთან, ურთიერთობის საშუალება ებოძათ.

(ბჰაქტივინოდა თჰაკურა, ჯაივა-დჰარმა 2.21)

შეგვიძლია გაგვიჩნდეს სხვა გონივრული შეკითხვაც: “თუ სულიერ სამყაროში არასდროს ვყოფილვარ, მაშინ რატომ უნდა დავისახო მიზნად იქ მოხვედრა?”


სინამდვილეში უფლისადმი სიყვარული სულში თავიდანვეა ჩადებული, იმის მიუხედავად, რომ ის სულიერ სამყაროში არ შექმნილა48. ეს მისი დჰარმა, განუყოფელი თვისებაა. ყოველი სული ფლობს ისეთი სულიერი ნაწილაკის ფორმას, რომელიც ამ დჰარმის შესრულებისთვისაა გამოსადეგი49. ამგვარად კრიშნას მსახურება მისი ბუნებრივი დანიშნულებაა50. ყოველ ჯივაში ჩადებულია უფლისადმი სიყვარული და მასთან კონკრეტული ურთიერთობის მარცვალი. ყოველ მათგანში დევს კონკრეტული, მათთვის შესაბამისი ურთიერთობის სახე უფალთან. როდესაც სულიერი პრაქტიკით სული რწყავს ამ სიყვარულის მარცვალს, ის აღწევს სრულყოფილებას, რადგან ბოლომდე ახდენს იმ დჰარმის რეალიზებას, რაც მასში თავიდანვე ჩადებული იყო51. ყოველი ცოცხალი არსება უფალთან მარად არის დაკავშირებული 5-დან ერთ-ერთი კონკრეტული სახის ურთიერთობით52. სულის დანიშნულებაა აღადგინოს თავისი მარადიული ურთიერთობა უფალთან, ურთიერთობა, რომელიც თავიდანვეა მასში ჩადებული.

ჩვენ შეიძლება გაგვიკვირდეს, როგორ შეიძლება სულები ბუნებით კრიშნას მარადიული მსახურები იყვნენ, როდესაც სული პაწაწინა ატომარული ნაწილაკია, რომლის თვალით დანახვაც კი შეუძლებელია და გაუგებარია რა ფორმა აქვს საერთოდ ამ ატომარულ ნაწილაკს, რომლის მეშვეობითაც უფლის მსახურებას შეძლებს. თუმცა ეს ასე არ არის.

“ყველა ინდივიდუალური სულიერი სულები – უზენაესი უფლის მსახურები არიან. “პადმა-პურანაში” ნათქვამია: “ყველა ინდივიდუალური სული – უფალი კრიშნას მსახურია. ისინი, არასდროს არიან ვინმე სხვისი მსახურები”.

აქ ვინმე შეიძლება შეგვეწინააღმდეგოს: “ინდივიდუალური სულები ვერ იქნებიან საბოლოო ჯამში უფალი კრიშნას მარადიული მსახურები, თავისი ბუნებით სულები ხომ უფორმოები არიან, უპიროვნოები და ყოველგვარი თვისებებისგან დაცლილნი. ეს ჭეშმარიტება ჩანს წმინდა წერილების სწავლებაში”.

მე ვპასუხობ: არა, ისე არ არის, როგორც შენ ფიქრობ. იყო კრიშნას მსახური – ინდივიდუალური სულიერი სულის თავდაპირველი ბუნებაა. ისევე როგორც კარაქი გამოჰყავთ ნაღებიდან დღვებით, ხოლო ცეცხლი – ხისგან, ხახუნით, სულის თავდაპირველი ბუნებაც – უფალი კრიშნას მსახურად ყოფნა – ვლინდება, როდესაც ადამიანი წმინდა წერილების სწავლებას მიყვება”.

(ბალადევა ვიდიაბჰუშანა, “ვედანტა-სიამანტაკა”, 3.11)

როდესაც ბჰაქტის საშუალებით ჩვენში ჩადებულ მარცვალს გავზრდით, ის საშუალებას მოგვცემს კონკრეტული სულიერი სხეული მივიღოთ, რაც ჩვენში ჩადებულ მარცვალს შეესაბამება, ისევე როგორც ატმის ხის მარცვალი, საბოლოო ჯამში ატმის ხედ გარდაიქმნება.

სული სულიერ სამყაროში შესვლისას მაინც ტატასთჰა-შაქტი იქნება, რადგან ეს მარადიული კატეგორიაა. ონტოლოგიურად ის ატომარული დარჩება. თუმცა უფლის შინაგანი ენერგია (ჩიტ შაქტი) მას შეასხამს ისეთ სულიერ ფორმას, რომელიც მასში ჩადებულ თავდაპირველ მარცვალში იყო. სულს ბუნებით აქვს ნეტარების თვისება (ანანდა), რომელიც უპიროვნო ბრაჰმანის ნეტარებას ჰგავს და წმინდა მდგომარეობაში ის ამას განიცდის. თუმცა როდესაც ის თავისი მარადიული ბუნების რეალიზებას ახდენს და უფლის ერთგულ მსახურებაში ერთვება, ამ დროს ის ბევრად მეტ ნეტარებას განიცდის, ვიდრე ატომარულ სულში ჩადებული ნეტარებაა, რადგან ამ დროს ის ბჰაქტის საშუალებით უსაზღვრო უზენაესი უფლის ნეტარებაზე იღებს წვდომას, რისი განცდაც მის თავდაპირველ ბუნებაშია ჩადებული.

“თუნდაც სული თავის სულიერ ბუნებაში იმყოფებოდეს და ინარჩუნებდეს მასში არსებულ სიყვარულის თვისებას, მაინც, რადგან ის ძალიან მცირეა, ცალკე აღებული მისი ბუნება და სიყვარულის დჰარმა, არასრული რჩება. სულს, ბუნებით, ნეტარების ნაწილაკი აქვს, და ეს ნეტარება შეიძლება შევადაროთ უპიროვნო აბსოლუტის ნეტარებას (ბრაჰმანანდას).

“თუ უპიროვნო აბსოლუტის ნეტარებას გავამრავლებთ 100 ათას მილიარდჯერ ან კიდევ უფრო მეტზე, ის ვერასდროს შეედრება წმინდა ექსტატიური ერთგული მსახურების ბედნიერების ოკეანის ერთ ატომსაც კი” (ბჰაქტი-რასამრიტა-სინდჰუ, 1.1.38)

როგორც კანონიერ მემკვიდრეს აქვს ყველანაირი უფლება საკუთრების მისაღებად, ინდივიდუალურ სულსაც ბუნებით ყველანაირი საფუძველი აქვს იმისთვის, რომ განიცადოს უმაღლესი ნეტარება, რომელიც ერთგული სამსახურის ამაღლებულ სტადიებზე იგრძნობა.

როდესაც სული აცნობიერებს, რომ უპიროვნო აბსოლუტის ნეტარება უმნიშვნელოა, ის უზენაესი უფლის ერთგული მსახურების გზას ადგება. მას შემდეგ, რაც სული აკმაყოფილებს თავისი მსახურებით ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, ის საკუთარი სულიერი ენერგიის ბუნებას უბოძებს მას. როდესაც ინდივიდუალური სული ამ შინაგანი სულიერი ენერგიის ძალას იღებს, ის უშუალო წვდომას იღებს უმაღლეს ნეტარებაზე”.

(ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ტატტვა-ვივეკა”, 2.4 კომ.)

შეიძლება გაგვიჩნდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა: “კარგი, ვთქვათ მოვახდინე ჩემი მარადიული ბუნების სრულყოფა და მოვხვდი სულიერ სამყაროში, სადაც უზენაესი უფლის მსახურების საშუალება მაქვს. იქიდან რაიმე მიზეზით შეიძლება ისევ უკან დავბრუნდე? თუ ეს შესაძლებელია, მაშინ რატომ უნდა ვიწვალო ამდენი იქ მოსახვედრად? ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ სად ქრება ჩემი თავისუფალი ნება, რომელიც შემიძლია გამოვიყენო და დავბრუნდე უკან?”


კარგი შეკითხვაა. სინამდვილეში სულიერი სამყაროდან არავინ ბრუნდება მატერიალურ სამყაროში53. ეს მხოლოდ უფლის ჩანაფიქრით შეიძლება მოხდეს, მაგალითად იმისათვის, რომ მქადაგებლის როლი შეასრულოს კონკრეტულმა პიროვნებამ. თუმცა ამ პიროვნებას არასდროს ეხება ილუზორული ენერგია და ყოველთვის ახსოვს კრიშნა. ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ ის არც ტოვებს სულიერ სამყაროს.

მატერიალურ სამყაროში ჩვენ შეიძლება მოგვინდეს სხვაგან წასვლა, შეგვშურდეს სხვისი და სხვ. თუმცა სული, სულიერ სამყაროში, სრულიად ბედნიერია. მას უბრალოდ ვერ გაუჩნდება სურვილი მიატოვოს კრიშნა, რომელიც მას სრულად ავსებს და სრულიად აბედნიერებს. მას კრიშნას გარეშე არსებობაც კი ვერ წარმოუდგენია.

შეიძლება შეგვეკამათონ: “ჰიპოთეზის დონეზე შეიძლება დავუშვათ, რომ სულმა, თავისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, მოისურვოს კრიშნას მიტოვება. შესაბამისად შესაძლებელი ხდება სულიერ სამყაროდან წამოსვლაც”.

ეს შეიძლება დავუშვათ იგივენაირად, როგორც შეიძლება დავუშვათ რქიანი კურდღელის არსებობა. ის უბრალოდ არ არსებობს. უბრალოდ შეუძლებელია სულმა მოინდომოს კრიშნასგან წამოვლა. როდესაც სულს მუდმივად სხვადასხვა რაღაც უნდება მატერიალურ სამყაროში და შურს სხვების მდგომარეობის, ეს იმიტომ ხდება, რომ მატერიალურ სამყაროში ვერანაირი მდგომარეობით სრული ბოლომდე კმაყოფილი ვერ ხდება. თუმცა სულიერ სამყაროში სრული ბოლომდე სავსე და ბედნიერია, რის გამოც ისეთ რამეს ვერ მოისურვებს, რაც კრიშნას დააკარგვინებს.

ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც სულს მატერიალური ილუზოლური ენერგიის გავლენა ეხება, სულიერ სამყაროში კი ვერ აღწევს ილუზოლური ენერგია. თუ ცოცხალ არსებას, ილუზოლური ენერგიის გავლენის გარეშე, სულიერ სამყაროში ყოფნისას, უჩნდება მატერიალურ სამყაროში მოსვლის სურვილი, გამოდის რომ მისი ბუნება (სვარუპა), არ არის კრიშნას წმინდა სიყვარული და მის მიმართ უანგარო ერთგული მსახურება, რადგან თუ სულს ბოლომდე რეალიზებული აქვს საკუთარი მარადიული ბუნება, კრიშნას სიყვარული და მისი მსახურება, მას არანაირი ისეთი სურვილი არ უჩნდება, რაც კრიშნასთან არ არის კავშირში, და პირიქით, კრიშნას დააშორებს.

ვერ ვიტყვით იმასაც, რომ ილუზოლური ენერგიის გავლენის გარეშე, მან კრიშნას ადგილზე ყოფნა მოისურვა და ამიტომ მოხვდა მატერიალურ სამყაროში, რადგან სულის ბუნება კრიშნას მსახურებაა და ის ამითაა ბედნიერი. თუ ვიტყვით რომ მას ეს სურვილი გაუჩნდა, მაშინ უარვყოფთ იმას, რომ მისი ბუნება კრიშნას სიყვარული და მისდამი ერთგული მსახურებაა.

ვედანტა სუტრა, რომელიც მთელი ვედური ცოდნის დასკვნას წარმოადგენს, ბოლო სუტრაში, რომელიც თავის მხრივ თავად ვედანტა-სუტრას დასკვნაა, ორჯერ ამბობს, რომ შასტრების მიხედვით უკან დაბრუნება შეუძლებელია. კომენტარებში კი დეტალურად ხსნის ამას ბალადევა ვიდიაბჰუშანა, თავის გოვინდა-ბჰაშიაში:

სუტრა 22

anāvṛttiḥ śabdād anāvṛttiḥ śabdāt

სიტყვასიტყვითი თარგმანი

an — არ; āvṛttiḥ — დაბრუნება; śabdāt — წმინდა წერილების მოწმობათა თანახმად

თარგმანი

არ არის დაბრუნება, რადგან ასე მოწმობს წმინდა წერილები.
არ არის დაბრუნება, რადგან ასე მოწმობს წმინდა წერილები.

კომენტარები

ერთგული, რომელიც რწმენით ეთაყვანება უზენაეს უფალს და ემსახურება მას, შემდეგ კი აღწევს უფლის სულიერ სამყაროს, აღარასდროს აღარ ბრუნდება. საიდან ვიცით ეს? სუტრა პასუხობს: «śabdāt» — “წმინდა წერილების მოწმობაზე დაყრდნობით”.

“ჩანდოგია-უპანიშადში” (4.15.6) ნათქვამია:

etena pratipadyamānā imaṁ mānavam āvartaṁ nāvartante

“ისინი, ვინც სულიერ სამყაროში შედიან, აღარასდროს ბრუნდებიან ადამიანთა სამყაროში”.

“ჩანდოგია-უპანიშადში” (4.15.1) ნათქვამია:

sa khalv eva vartayan yāvad āyuṣam brahmalokam abhisampadyate na ca punar āvartate

“როდესაც ის ასე ატარებს თავის ცხოვრებას, სხეულის დატოვების შემდეგ, ის სულიერ სამყაროს აღწევს და აღარასდროს ბრუნდება უკან”.

“ბჰაგავად-გიტაში” (8.15 და 8.16) უფალი კრიშნა აცხადებს:

mām upetya punar janma
duḥkhālayam aśāśvatam
nāpnuvanti mahātmānaḥ
saṁsiddhiṁ paramāṁ gatāḥ

“ჩემთან მოსვლის შემდეგ დიადი სულები, რომლებიც ღვთის ერთგული იოგები არიან, არასოდეს უბრუნდებიან ტანჯვით აღსავსე ამ წარმავალ სამყაროს, ვინაიდან უმაღლეს სრულქმნას მიაღწიეს”.

ā-brahma-bhuvanāl lokāḥ
punar āvartino ’rjuna
mām upetya tu kaunteya
punar janma na vidyate

“მატერიალურ სამყაროში ყოველი პლანეტა – უმაღლესიდან უმდაბლესამდე, ტანჯვით აღსავსე ადგილია, სადაც თითოეული იძულებულია დაბადებისა და სიკვდილის წრეში იტრიალოს, მაგრამ ის, ვინც ჩემს სასუფეველს აღწევს, ო, კუნტის შვილო, ამ სამყაროში ხელახლა აღარასდროს იბადება”.

აქ ვინმეს შეიძლება შემდეგი შიში გაუჩნდეს: უფალი ჰარი ყოვლისშემძლეა და ყოველივე არსებულის განმგებელია. ხომ შეუძლია მან ოდესმე გამოაგდოს გათავისუფლებული სული სულიერი სამყაროდან? ან იქნებ თავად გათავისუფლებულმა სულმა მოინდომოს ოდესმე სულიერი სამყაროს დატოვება?

ამგვარი შიში არ უნდა გვქონდეს, რადგან უფალი კრიშნას “ბჰაგავად-გიტაში” (7.17) ხსნის:

priyo hi jñānino ’tyartham
ahaṁ sa ca mama priyaḥ

“მათ შორის ის, ვინც სრულ ცოდნას ფლობს და ვინც მუდამ წმინდა ერთგულებით მემსახურება მე, საუკეთესოა. ასეთი ერთგულისათვის მე მეტად ძვირფასი ვარ და ისიც ძვირფასია ჩემთვის”.

უფალი კრიშნა “შრიმად-ბჰაგავატამში” (9.4.68) ასევე აცხადებს:

sādhavo hṛdayaṁ mahyaṁ
sādhūnāṁ hṛdayaṁ tv aham

“წმინდა ერთგული მუდამ ჩემი გულის წიაღშია და მეც მარადიული მკვიდრი ვარ წმინდა ერთგულის გულისა. ჩემი ერთგულნი არაფერსა და არავის სცნობენ ჩემს გარდა და მეც არავის ვცნობ მათ გარდა”.

ამ სიტყვებში აღწერილია ორმხრივი სიყვარული უფლისა და მისი ერთგულისა.

“შრიმად-ბჰაგავატამში” (9.4.65) უფალი კრიშნა აცხადებს:

ye dārāgāra-putrāptān
prāṇān vittaṁ imaṁ param
hitvā māṁ śaraṇaṁ yātāḥ
kathaṁ tāṁs tyaktum utsahe

“რაკი წმინდა ერთგულები ტოვებენ თავიანთ ოჯახებს, შვილებს, ნათესავებს, სიმდიდრესა და თვით სიცოცხლესაც კი უბრალოდ იმისათვის, რომ მემსახურონ, ამავე სიცოცხლეში იქნება თუ მომდევნოში ამქვეყნიური მდგომარეობის გაუმჯობესების ანგარების გარეშე, განა შემიძლია ოდესმე მივატოვო ასეთი ერთგულები?!”

“შრიმად-ბჰაგავატამში” (2.8.6) ასევე ნათქვამია:

dhautātmā puruṣaḥ kṛṣṇa-
pāda-mūlaṁ na muñcati
mukta-sarva-parikleśaḥ
pānthaḥ sva-śaraṇaṁ yathā

“უფლის წმინდა ერთგული, ვისი გულიც ერთხელ განიწმინდა ერთგული სამსახურით, არასდროს ტოვებს უფალი კრიშნას ლოტოსისდარ ტერფებს; მათთან სიახლოვე მას სრულ კმაყოფილებას განაცდევინებს, როგორც მგზავრს – დამღლელი მოგზაურობიდან შინ დაბრუნება”.

ამგვარად, წმინდა წერილები გვიხსნის, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნება არასდროს ტოვებს თავის ერთგულს, ხოლო ერთგულს მუდამ მხურვალედ და შეუცვლელად ეყვარება ღმრთეების უზენაესი პიროვნება.

ღმრთეების უზენაესი პიროვნება ყოველთვის სამართლიანია, და ნებისმიერი მისი სურვილი მაშინვე სრულდება. ის სიყვარულის ოკეანედ ევლინება მათ, ვინც მასთან თავშესაფარს იღებს. ის გვაშორებს იმ უმეცრებას, რომელიც მის ერთგულებს აიძულებდა მისთვის ზურგი ექციათ. როდესაც ის იბრუნებს თავის ძვირფას ერთგულებს, რომლებიც მისი მარადიული განუყოფელი ნაწილაკები არიან, ღმრთეების უზენაესი პიროვნება არასდროს აძლევს მათ მატერიალურ სამყაროში დაბრუნების უფლებას.

იგივენაირად განპირობებული სული, დიდხანს ეძებდა ბედნიერებას და ცდილობდა ის ყველანაირი გზებით მოეპოვებინა მატერიალურ სამყაროში უთვალავი დაბადებების განმავლობაში, მაგრამ იქ მხოლოდ უბადრუკ და ფერმკრთალ მსგავსებას პოულობდა ნამდვილი ბედნიერებისა.

ხოლო როდესაც ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის წყალობით ის იცნობს ჭეშმარიტებას ღმრთეების უზენაესი პიროვნების შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილაკიც არის; როდესაც მას არანაირი სურვილი აღარ რჩება, უზენაეს უფალთან ყოფნის სურვილის გარდა, ვისი სულიერი ფორმაც უსაზღვრო ნეტარებითაა აღვსილი და ვინც მისი მოწყალე მეგობარი და ბატონია, — ასეთი სული არასდროს მოისურვებს უფლის მიტოვებას.

ასეთია ჭეშმარიტება, რომელსაც წმინდა წერილები გვიხსნის. მისი გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ წმინდა წერილებს შევაფარებთ თავს. სუტრას სიტყვები ორჯერ მეორდება, წიგნის დასასრულის აღსანიშნავად.

(ბალადევა-ვიდიაბჰუშანა, “გოვინდა-ბჰაშია”, თავი 4, პადა 4, ადჰიკარანა 11, სუტრა 22 (555 – ბოლო სუტრა))

ერთიანობა მრავალფეროვნებაში

საბოლოო ჯამში ყველაფერი ღმერთი და მისი ენერგიაა. მისი ენერგია თან განსხვავდება მისგან და თან არ განსხვავდება, ისევე როგორც სიმხურვალე ან წვის უნარი, თან განსხვავდება ცეცხლისგან თან არა. არის უფალი მისი სხვადასხვა მარადიული გამოვლინებით. სულიერ სამყაროში უფლის პიროვნება საკუთარი შინაგანი ენერგიით ავლენს სულიერ სამყაროებს და სულიერ მრავალფეროვნებას. უფალი კრიშნასგან წარმოიქმნება ურიცხვი რაოდენობის უფლის მარადიული ფორმები.

უფლის ერთ-ერთი გამოვლინება, მაჰა-ვიშნუ, განისვენებს მატერიალური და სულიერი სამყაროს საზღვარზე. მისი ამოსუნთქვისას მისი ფორებიდან ურიცხვი რაოდენობის მატერიალური სამყაროები წარმოიქმნება, შესუნთქვისას კი უკან ბრუნდებიან მასში. ამის გამო მატერიალური სამყაროები რეალურად არ იქმნება, ისინი უბრალოდ ხან გამოვლენილ მდგომარეობაში არიან, ხან კი გამოუვლენელში. შესაბამისად მატერიალური სამყაროები მისი სხეულის ნაწილებს წარმოადგენენ და ინგრედიენტი, რომლითაც მატერიალური სამყაროები იგება თავად უფლის სხეულია54. ამგვარად მატერიალური და სულიერი სამყაროებიც, ორივე უფლის სხეულად ითვლება55. უმაღლესი გაგებით კი არაფერი მატერიალური არ არსებობს, რადგან შეუძლებელია უფლისგან რაიმე მატერიალური გამოვლინდეს56.

იგივე მაჰა-ვიშნუ ასხივებს უსასრულო რაოდენობის სინათლეს, ისევე, როგორც მზე ასხივებს უსასრულოდ თავის სინათლეს. ამ სინათლის შემადგენელი ნაწილაკები არიან ინდივიდუალური ცოცხალი არსებები57. იმის მიუხედავად, რომ ის უსასრულო რაოდენობის ცოცხალ არსებებს ასხივებს, მას არაფერი აკლდება და სრული მთელი რჩება58. სულები არიან ჯივა-შაქტის ქმნილება და არა ჩიტ-შაქტისა59. უფლისგან ღვთაებრივი სინათლე გამომდინარეობს. ამ სხივების პაწაწინა ნაწილაკები არიან ზუსტად ინდივიდუალური სულები60.

მატერიალური სამყარო მარადიულია, უბრალოდ ხან გამოვლენილია, ხან კი გამოუვლენელი. სულიერი სამყარო მარადიული და ყოველთვის გამოვლენილია.

შეიძლება შეკითხვა გაგვიჩნდეს: “თუ ყველა ცოცხალი არსების ბუნება უზენაესის მსახურებაა და საბოლოოდ მისი დანიშნულება ისაა, რომ სულიერ სამყაროში დაბრუნდეს. რა მოხდება მაშინ, თუ მატერიალურ სამყაროში მყოფი ყველა ცოცხალი არსება სულიერ სამყაროში გადავა? მატერიალური სამყაროები აღარ იარსებებს?”

მატერიალური სამყაროები უფლის სხეულის ნაწილია და ის მარადიულად იარსებებს, უფალთან ერთად. ცოცხალი არსებები კი უსასრულო რაოდენობით წარმოიქმნებიან უფლის სინათლისგან, როგორც მზე წარმოქმნის უსასრულო რაოდენობის სინათლეს. იმის მიუხედავად, რომ უფლისგან უამრავი რაოდენობის ცოცხალი არსება გამომდინარეობს, ის ოდნავადაც არ მცირდება ამით61. ბრაჰმანი, უფლის სინათლე, აჩენს უამრავი რაოდენობის ცოცხალ არსებებს, ბჰაგავანი კი ამით უცვლელი რჩება62. შესაბამისად, თუნდაც ახლა არსებული ყველა ცოცხალი არსება სულიერ სამყაროში მოხვდეს, მატერიალური სამყაროები, უსასრულო რაოდენობის ინდივიდუალური ცოცხალი არსებებით, მაინც იარსებებს, რადგან უფალი თავისი სინათლით მუდამ იარსებებს.

უსასრულო რაოდენობის ცოცხალი არსებების გამოვლენა ხდება მატერიალური დროის მიღმა, სადაც მარადიული აწმყო სუფევს, შესაბამისად ეს არ ეწინააღმდეგება კრიშნას სიტყვებს იმის შესახებ, რომ არასდროს ყოფილა დრო, როცა ჩვენ არ ვარსებობდით63.

სინამდვილეში, როცა ამ თემებთან დაკავშირებით ვიყენებთ სიტყვა “შექმნას”, ეს მთლად სწორად არ ასახავს რეალობას, რადგან იმ ადგილას, სადაც უფალი უსასრულო რაოდენობის ცოცხალ არსებებს ასხივებს, დრო არ არსებობს და მარადიული აწმყო სუფევს64. ამგვარად სულიერი სამყაროდან არასდროს არავინ ბრუნდება, თუმცა უამრავი მატერიალური სამყარო, მასში დასახლებული უსაზღვრო რაოდენობის ცოცხალი არსებებით, მაინც მუდამ იარსებებს.

oṁ pūrṇam adaḥ pūrṇam idaṁ

pūrṇāt pūrṇam udacyate

pūrṇasya pūrṇam ādāya

pūrṇam evāvaśiṣyate

“ღმრთეების პიროვნება სრული და მთლიანია, და რადგან იგი ყოვლად სრულია, ყოველივე მისგან წარმოქმნილი, ანუ ეს კოსმოსური სამყარო, თავისთავად სრულია და აღჭურვილია სრული მთელის თვისებებით; ყოველივე, რაც სრული მთელისგან მომდინარეობს, სრულია თავისთავად; და რაკი უფალი სრული მთელია, მისგან წარმომავალი ესოდენ ურიცხვი ერთეულის მიუხედავად, იგი მაინც სრულ წონასწორობას ინარჩუნებს”.

(ბრიჰადარანიაკა უპანიშადა 5.1.1)


  1. უპანიშადები – ვედების უმთავრესი და ყველაზე საკრალური დანაყოფი, რომელიც უმაღლეს ცოდნას აღწერს. ↩︎
  2. გოვინდა ბჰაშია – ვედანტა-სუტრას განმარტებები ბალადევა ვიდიაბჰუშანას, გაუდია-ვაიშნავი აჩარიას (მასწავლებლის) მიერ. ↩︎
  3. “ინდივიდუალური სულის ზომა წარმოადგენს თმის ღერის ერთ მეასედ ნაწილს, რომელიც კიდევ ასზეა გაყოფილი. და ამ სულის დანიშნულება გათავისუფლებაა”.
    (შვეტაშვატარა უპანიშადი, 5.9) ↩︎
  4. “სწავლული ტრანსცენდენტალისტები, რომლებიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იცნობენ, ამ არაორმაგ სუბსტანციას უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმასა და ბჰაგავანს”.
    (შრიმად-ბჰაგავატამი 1.2.11) ↩︎
  5. “ეს მე ვარ ფუძე უპიროვნო ბრაჰმანისა, რომელიც უკვდავი, უხრწნელი, მარადიულია და რომელიც არის უმაღლესი, თავდაპირველი ნეტარების სავანებელი”.
    (ბჰაგავად-გიტა 14.27) ↩︎
  6. მაჰა ვიშნუ – უზენაესი უფლის გამოვლინება, რომლის სხეულის ფორებიდანაც ურიცხვი მატერიალური სამყაროები გამომდინარეობს. ეს სამყაროები მისი სხეულიდან გამოსულ ბრწყინვალებაში, ბრაჰმანში ტივტივებს. ↩︎
  7. ადვაიტა-ვედანტა – ცნობილი იმპერსონალისტი მოძღვრის, შანკარაჩარიას მიერ დაფუძნებული სწავლება, რომლის თანახმადაც უმაღლეს რეალობას წარმოადგენს ბრაჰმანის სინათლე (ბრაჰმაჯიოტი). მათი ფილოსოფიის მიხედვით არ არსებობს ინდივიდუალური ცოცხალი არსება, არ არსებობს ღმერთის პიროვნება, არსებობს მხოლოდ ეს სინათლე, რომელიც ვართ ჩვენ. ინდივიდუალური პიროვნება ილუზიის მიერაა შექმნილი, გათავისუფლებისას კი პიროვნება ქრება, რჩება მხოლოდ უზენაესი ბრაჰმანი. ქრება ტანჯვა და რჩება მხოლოდ ბრაჰმანის ნეტარება (ბრაჰმანანდა). ↩︎
  8. უფალი ჩაიტანია – უზენაესი უფლის განსაკუთრებული განსხეულება, რომელიც ახ. წ. 1486 წელს მოევლინა სამყაროს. მან დააარსა ვედანტას ბოლო სკოლა, გაუდია-სამპრადაია, რომელიც ვედანტას ფილოსოფიის ევოლუციურ კვინტესენციას წარმოადგენს. ↩︎
  9. ვედანტა-სუტრა – ვიასადევას, ვედების შემქმნელის მიერ დაწერილი ტრაქტატი, რომელიც ვედების უმაღლეს დასკვნას და არსს აღწერს. ↩︎
  10. ადვაიტავადას, აბსოლუტური მონიზმის მომხრეები, ისევე შორს არიან ჭეშმარიტებისგან, როგორც დვაიტავადას, აბსოლუტური დუალიზმის მომხრეები. უფალი თავის თავდაპირველი სახით განსხვავდება ამ სამყაროსგან და ამ სამყაროში არსებული სულებისგან. თუმცა მისი ენერგიების წყალობით სამყარო და მასში მცხოვრები სულები მარადიული და რეალურია. ამიტომაც ვედებში არის მტკიცებები როგორც ადვაიტავადას, ისე დვაიტავადას მხარდასაჭერად”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “შრი ჩაიტანია შიკშამრიტა”, თავი 5) ↩︎
  11. თუ ვედები აღწერს რეალობას. ვედების სრულად მიღება, ნიშნავს რეალობის სრულად დანახვას. ↩︎
  12. “თუ ისეთ ვედურ აფორიზმებს, როგორიცაა აჰამ ბრაჰმასმი (მე – ბრაჰმანი ვარ), განვიხილავთ თავიანთ კონტექსტში, მათგან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ჯივა უზენაესი ბრაჰმანი, ან ღმერთია. უზენაეს ბრაჰმანად (პარაბრაჰმანად) მხოლოდ კრიშნა-ტატტვა, ან ვიშნუ-ტატტვა შეიძლება ჩაითვალოს. ჯივას კი, რადგან ის მხოლოდ სულიერ ნაწილაკს წარმოადგენს, უბრალოდ ბრაჰმანს ეძახიან”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “შრი ჩაიტანია შიკშამრიტა”, თავი 1) ↩︎
  13. “ფილოსოფოსი-მაიავადები ქადაგებენ ფილოსოფიას, რომელიც გამოიხატება სიტყვებით ტატ ტვამ ასი – “შენ ღმერთი ხარ”. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ტატ ტვამ ასი ცოცხალი არსების მოსაზღვრე მდგომარეობას აღწერს, რომელიც მზის სინათლის მდგომარეობას ჰგავს. სითბო და სინათლე მზის სხივებსაც აქვთ, ისევე როგორც თავად მზეს, ამიტომაც მზე და მისი სხივები ერთმანეთის ტოლია ხარისხობრივი კუთხით. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ზუსტად მზე არის სხივების წყარო”.
    (შრილა პრაბჰუპადა, “შრიმად-ბჰაგავატამი”, 6.16.57 კომ.) ↩︎
  14. “ცოცხალი არსება ხარისხობრივად უზენაესი ბრაჰმანის ტოლია თავისი შეცნობის უნარით, მაგრამ, არის რა უზენაესი ბრაჰმანის მხოლოდ უმცირესი ნაწილაკი, ვერ შეედრება მას რაოდენობრივი კუთხით. რადგან ცოცხალი არსება ხარისხობრივად არ განსხვავდება ბრაჰმანისგან, მას შეუძლია ახსოვდეს თავისი სიზმრები და უშუალოდ გააცნობიეროს მომხდარი”.
    (შრილა პრაბჰუპადა, “შრიმად-ბჰაგავატამი”, 6.16.56 კომ.) ↩︎
  15. “ინდივიდუალური სულები, ჯივები, გამოისხივება როგორც მაჰა-ვიშნუს სინათლის სხივების კორპუსკულები”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ბრაჰმა-სამჰიტა”, 5.10 კომ.)
    “შემადგენელი ნაწილაკები, მაჰა ვიშნუს სხივთა წერტილების სახით, გამოვლენილია როგორც ინდივიდუალური სულები”.
    (ბჰაქტისიდდჰანტა სარასვატი თჰაკურა, “ბრაჰმა-სამჰიტა”, 5.10 კომ.) ↩︎
  16. “ისევე როგორც მზე მუდამ კავშირშია თავის სხივებთან, ტრანსცენდენტული უზენაესი უფალიც მუდამ კავშირშია ჯივებთან”.
    (ბჰაქტისიდდჰანტა სარასვატი თჰაკურა, “ბრაჰმა-სამჰიტა” 5.21 კომ.) ↩︎
  17. “სინათლის სხივები და ამ სხივების შემადგენელი ატომარული ნაწილაკები არაფრით განსხვავდება მათი წყაროსგან. ზუსტად ამგვარად მზის სინათლე, ჯივა შაქტი, და ამ სინათლის შემადგენელი ატომარული ნაწილაკები, არ განსხვავდებიან თავიანთი წყაროსგან, კრიშნასგან. ამ კუთხით ინდივიდუალური სულიერი სულები ერთიანნი არიან უფალთან. თუმცა ყველა სული ინდივიდუალური პიროვნებაა, და ყოველი მათგანი თავისუფალ ნებას ფლობს. ამ კუთხით სულები განსხვავდებიან უფალი კრიშნასგან. ამგვარად, ინდივიდუალური სულები ერთდროულად ერთიანნი არიან უფალთან და განსხვავდებიან კიდეც მისგან”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ჯაივა-დჰარმა”, 1.15) ↩︎
  18. “ჯივები – არიან უსაზღვროდ მცირე ნაწილაკები მისი სულიერი სინათლის, რის გამოც არ ექვემდებარებიან განადგურებას მატერიალური საგნებივით. არიან რა ნაწილაკები უზენაესი უფლის მნათობი სხივებისა, ჯივები მინიატურული მასშტაბით ღვთაებრივი ბუნების თვისებებს ავლენენ”.
    (ბჰაქტისიდდჰანტა სარასვატი თჰაკურა, “ბრაჰმა-სამჰიტა”, 5.21 კომ.) ↩︎
  19. ბჰაგავად-გიტა 2.20, რამანუჯაჩარიას კომ. ↩︎
  20. ნირუქტა 1.2; შრიდჰარა სვამისა და ბალადევა ვიდიაბჰუშანას კომ. ბჰაგავად-გიტაზე 2.20; ↩︎
  21. “ეს სამყაროსეული კვერცხი, ანუ კვერცხის ფორმის სამყარო, მატერიალური ენერგიის გამოვლინებად იწოდება. წყლის, ჰაერის, ცეცხლის, ცის, ეგოსა და მაჰატ-ტატტვასგან შემდგარი ერთი მეორეზე სქელი შრეები თანმიმდევრულად გარს ერტყმიან სამყაროს. თითოეული შრე წინაზე ათჯერ სქელია და უკანასკნელი გარე შრე პრადჰანათია დაფარული. ამ კვერცხში უფალი ჰარის კოსმოსური ფორმა იმყოფება, ვისი სხეულის ნაწილებსაც თოთხმეტი პლანეტარული სისტემა წარმოადგენს”.
    (შრიმად-ბჰაგავატამი 3.26.52) ↩︎
  22. “შემდეგ, მივყევი რა უფლის ნებას, გადავლახე ეს უზარმაზარი სამყოფელი და სინათლით სავსე ადგილას აღმოვჩნდი. ეს სინათლე იმდენად კაშკაშა და აუტანელი იყო თვალებისთვის, რომ მე მათი დახუჭვა მომიწია”.
    (ბრიჰად-ბჰაგავატამრიტა 2.3.32) ↩︎
  23. “თუმცა ჯივები ითვლებიან უზენაესი უფლის განუყოფელ ნაწილაკებად. ისინი ჰგვანან უთვალავ სხივებს, რომლებიც სინათლის მკვრივი მასიდან, მზიდან გამომდინარეობს.
    კომენტარები: პარაშარა და სხვა წმინდა ბრძენები თვლიან, რომ ჯივები უფლის პაწაწინა ნაწილობრივ ექსპანსიებს წარმოადგენენ. ის გჰანა-ტეჯასია, სინათლის მკვრივი წყარო, ისინი კი – პატარა ფოტონები, რომლებიც მისგან გამომდინარეობენ. რადგან ჯივები ურიცხვი რაოდენობისაა, ისინი მთელს სამყაროს განმსჭვალავენ, ისევე როგორც მზის სხივებს მოაქვთ შორიდან სინათლე და სითბო მთელი სამყაროსთვის, იმის მიუხედავად, რომ თავად მზე ერთ ადგილზე იმყოფება”.
    (ბრიჰად-ბჰაგავატამრიტა 2.2.183) ↩︎
  24. ჯივა-შაქტი – ღმერთის ენერგია, რომელიც ინდივიდუალური ცოცხალი არსებების (სულების) სახით ვლინდება. ↩︎
  25. “ჯივები იგივე ბუნებას ფლობენ, რასაც ბრაჰმანი, იმის მიუხედავად, რომ თითოეული მათგანის სიკაშკაშე ძალიან სუსტია, მათი გაერთიანებული ნათება (რადგან ისინი ყველგან არიან), მთელს სამყაროს განმსჭვალავს”.
    (ბრიჰად-ბჰაგავატამრიტა 2.2.180 კომ.) ↩︎
  26. “ზუსტად ამგვარად მზის სინათლე, ჯივა შაქტი, და ამ სინათლის შემადგენელი ატომარული ნაწილაკები, არ განსხვავდებიან თავიანთი წყაროსგან, კრიშნასგან”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ჯაივა-დჰარმა”, 1.15) ↩︎
  27. “ამ ენერგიას აქვს სხვა სახელიც – ტატასთჰა, ან “მოსაზღვრე” ენერგია, რადგან ის განლაგებულია საზღვარზე, რომელიც სულიერ და მატერიალურ სფეროებს ყოფს. თავისი სიმცირის გამო ის დაქვემდებარებულია მატერიალური ენერგიის ზემოქმედებას. თუმცა სანამ ის ერთგული რჩება კრიშნასი, მაიას ბატონისა, ის არ მოხვდება მაიას გავლენის ქვეშ”.
    (ბჰაქტისიდდჰანტა სარასვატი თჰაკურა, “ბრაჰმა-სამჰიტა”, 5.21 კომ.) ↩︎
  28. “აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ცოცხალი არსება არ ვლინდება არც სულიერ და არც მატერიალურ სამყაროში. ინდივიდუალური სულები მუდამ ამ ორი სამყაროს საზღვარზე არიან გამოვლენილნი”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ტატტვა-ვივეკა”, 2.5) ↩︎
  29. “სანკარშანას ღვთაებრივი მარცვლები იბადება მაჰა-ვიშნუს ფორებიდან უსასრულო ოქროს კვერცხუჯრედების სახით. ეს ოქროს უჯრედები დაფარულია ხუთი მთავარი მატერიალური ელემენტებით”.
    (ბრაჰმა-სამჰიტა 5.13) ↩︎
  30. “იმის მიუხედავად, რომ ისინი მუდამ პიროვნებებად რჩებიან და არასდროს წყვეტენ პიროვნებად ყოფნას, ახლა მათი პიროვნული თვისებები დაფარულია, არ ჩანს”.
    (ბრიჰად-ბჰაგავატამრიტა 2.3.41 კომ.) ↩︎
  31. “დროდადრო მე უფლის ნათებაში ჩაძირვას ვიწყებდი, თუმცა ის მოწყალედ მიხსნიდა ხოლმე მისი ლოტოსის ტერფების ფრჩხილებიდან გამომავალი სხივების შეხებით”.
    (ბრიჰად-ბჰაგავატამრიტა 2.3.40) ↩︎
  32. “ზოგჯერ ჩემი ჭკუა განსაკუთრებულ სიხარულს გრძნობდა, როდესაც მას დიადი სულებით გარშემორტყმულს ვხედავდი, რომლებსაც სრულყოფილებას ჰქონდათ მიღწეული. ისინი მისი ერთგულები იყვნენ, რომლებიც თან განსხვავდებოდნენ მისგან და თან არა. ისინი მის გარშემო ნატიფ სულიერ ფორმებში იყვნენ, როგორც სხივები მზის გარშემო”.
    (ბრიჰად-ბჰაგავატამრიტა 2.3.41) ↩︎
  33. “როდესაც ამ დამაბრმავებელ სინათლეში ისევ გამოჩნდა უფლის სახის ნაკვთები, ნეტარება, რომელსაც გოპ-კუმარი განიცდიდა, გაიზარდა”.
    (ბრიჰად-ბჰაგავატამრიტა 2.3.39 კომ.) ↩︎
  34. “შეხედე სხვა უფლის თანამგზავრებსაც ვაიკუნთჰადან, რომლებიც ამ პატარა სამყაროში მიემართებიან, სადაც ოთხთავიანი ბრაჰმა მართავს. იქ, მოშორებით, – სხვები, რომლებიც სწრაფად მიემართებიან რვათავიანი ბრაჰმას სამყაროსკენ, რომელიც ორჯერ დიდია, ვიდრე პირველი. ისინი კი თექვსმეტთავიანი ბრაჰმის სამყაროში მიემართებიან – სამყაროში, რომელიც კიდევ ორჯერ მეტია”.
    (ბრიჰად-ბჰაგავატამრიტა 2.3.86-87) ↩︎
  35. “უპიროვნო ბრაჰმანის სამეფოს ზემოთ უფალი ვიშნუს უმაღლესი სამყოფელია. ამ წმინდა, მარადიულ ცას, პარაბრაჰმანი ეწოდება”.
    (ბრიჰად-ბჰაგავატამრიტა 2.3.106 კომ.) ↩︎
  36. “ინდივიდუალური სული – სულის პაწაწინა ნაწილაკია. თავიდან ეს ნაწილაკი სულიერი და მატერიალური სამყაროების საზღვარზე იმყოფება”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, ჯაივა-დჰარმა 1.7) ↩︎
  37. “ამ მდგომარეობაში სული თავის თავდაპირველ ატომარულ სიდიდეს ინარჩუნებს, რის გამოც მისი მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ჯაივა-დჰარმა”, 1.2) ↩︎
  38. “სული ყოველთვის განსხვავდება გაუსულიერებელი მატერიისგან და აღვსილია თავისუფალი ნებით, რომელიც მის უღრმეს ბუნებას შეადგენს, რომელზე უარის თქმაც მას მაშინაც კი არ შეუძლია, როდესაც სრულ ილუზიაში იმყოფება”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ტატტვა-ვივეკა”, 2.11) ↩︎
  39. “რადგან ცოცხალი არსებები ტყვეობაში მოექცნენ ჯერ კიდევ იქამდე, სანამ მატერიალურ სამყაროში აღმოჩნდებოდნენ, მათ მონობას ეწოდება ანადი, ანუ “რასაც არ აქვს დასაწყისი”, ხოლო თავად ცოცხალ არსებებს მარად განპირობებულები ეწოდებათ. ხოლო ის, ვინც არ არის ამგვარ დამოკიდებულებაში, მარად გათავისუფლებული სულები ჰქვიათ”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “შრი ჩაიტანია შიკშამრიტა”, თავი 1) ↩︎
  40. “ეს უმეცრება, რომელიც ინდივიდუალური სულის ფესვია, საწყისს სულისა და მატერიის საზღვარზე (ტატასთჰა) იღებს. შესაბამისად, კარმის დასაწყისი მატერიალური დროის მიღმაა. ამ კუთხით კარმას არ აქვს დასაწყისი”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ჯაივა-დჰარმა”, 1.16) ↩︎
  41. “პირველი კატეგორიის ჯივები [ისინი, ვინც მუდამ ბჰაგავანის ერთგულნი არიან] ასევე მიეკუთვნებიან მოსაზღვრე ენერგიას (ტატასთჰა), რადგან საყოველთაოდ მიღებული პირობა, რომლის თანახმადაც მათ ჯივას სტატუსი აქვთ (ჯივატმა), აუცილებლად გამორიცხავს შესაძლებლობას მივაკუთვნოთ ისინი იგივე კატეგორიას, რაც თავად იშვარაა”.
    (ჯივა-გოსვამი, “პარამატმა სანდარბჰა”, 2.47) ↩︎
  42. “ორი კატეგორიის სულები არიან მაიასგან თავისუფალნი: ნიტია-მუქტები (სულები, რომლებიც არასდროს არ მოხვედრილან მატერიალურ სამყაროში) და ბადდჰა-მუქტები (სულები, რომლებიც ოდესღაც იყვნენ მატერიალურ სამყაროში გამოკეტილნი, და თავისუფლება მოიპოვეს)”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ჯაივა-დჰარმა”, 1.17) ↩︎
  43. “შეიძლება ჩვენ გავხდეთ რაგატმიკები? არა. რაგატმიკა – ეს კრიშნას შინაგანი ენერგიის გამოვლინებაა, ხოლო რაგატმიკები – ისეთი განსაკუთრებული ერთგულები არიან, როგორიც ნანდა და იაშოდა, ლალიტა და შრიმატი რადჰარანია. მათი ადგილი უკვე დაკავებულია. ისინი, სინამდვილეში, კრიშნას ექსპანსიები არიან, ანუ მისი შინაგანი ენერგიის გამოვლინებები”.
    (ბჰაქტი ვიგიანა გოსვამი, “გაუდია სამპრადაიას სათავეებთან”, თავი 11) ↩︎
  44. “უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს აზრით, უფლის სულიერი ენერგია (პარა-შაქტი) არ განსხვავდება მისგან. შესაბამისად, ლაქშმი მიეკუთვნება დამოუკიდებელ ვიშნუ-ტატტვას”.
    “პრამეია-რატნავალის” კომენტარებში სახელად “კანტი-მალა” შემდეგი მტკიცებაა მოცემული:
    “იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი აღიარებული ვაიშნავური პარამპარები ბედის ქალღმერთს, ვაიკუნთჰაზე მცხოვრებ, მარად გათავისუფლებულ ცოცხალ არსებებს (ჯივებს) მიაკუთვნებენ, შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, “ვიშნუ-პურანას” მტკიცებაზე დაყრდნობით, ლაქშმის ვიშნუ-ტატტვას კატეგორიას მიაკუთვნებდა. სწორი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ ლაქშმისა და ვიშნუს შორის განსხვავებებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში საუბრობენ, როდესაც ლაქშმის როლში მარად გათავისუფლებული ცოცხალი არსებაა, რომელსაც მისი ენერგია აქვს მინიჭებული; თავად უფალი ვიშნუს მარადიული მეოღლე მისგან არ განსხვავდება”.
    (შრილა პრაბჰუპადა, “შრიმად-ბჰაგავატამი” 6.19.13 კომ.) ↩︎
  45. “ისეთი გაპიროვნებული ენერგიები, როგორებიცაა ლაქშმი და დურგა, შრი რადჰიკას ექსპანსიები არიან”.
    (ბალადევა ვიდიაბჰუშანა. “პრამეია-რატნავალი”, პირველი პრამეია, ტექსტი 24) ↩︎
  46. “ისევე როგორც მზე არის მრავალი სხივის წყარო, რომლებიც სინათლის ნაწილაკებისგან შედგება, უფალი არის ჯივათა სვარუპის წყარო და ფლობს თავდაპირველ სვარუპას მთელისა (ამში-სვარუპა). ამის შესახებ გარბჰოდაკაშაი ვიშნუ ეუბნება ბრაჰმას:
    yadā rahitam ātmānaṁ bhūtendriya-guṇāśayaiḥ
    svarūpeṇa mayopetaṁ paśyan svārājyam ṛcchati
    როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ატმა მთლიანად გათავისუფლებულია გუნებისგან, რომელიც სხეულისა და გრძნობების სახითაა გამოვლენილი, და მე მას სვარუპას ვანიჭებ, ის აღწევს დასია-რასას.
    სიტყვა upetam ნიშნავს – მინიჭებულს”.
    (ჯივა გოსვამი, “პრიტი სანდარბჰა” 1; “კრამა-სანდარბჰა” 2.10.6) ↩︎
  47. გოპები – უფლის მარადიული მეგობარი გოგონები, რომლებიც უფლის ყველაზე ამაღლებულ ერთგულებად ითვლებიან, რადგან მის გამო მზად არიან ყველაფერი გაიღონ. ↩︎
  48. “ამგვარად, ჯივას საშუალედო (ტატასთჰატვა) მდგომარეობა ნათლად იქნა ნაჩვენები, როგორც მაგალითად, მოცემულ ლექსში “შრიმად-ბჰაგავატამი” 10.87.38: “თუმცა ჯივა მაიას გავლენით იღებს უმეცრებას”, — რადგან, ამ მტკიცების თანახმად, მას ვერ მივაკუთვნებთ ვერც შინაგან, ვერც გარეგან ენერგიას”.
    (ჯივა გოსვამი, “პარამატმა-სანდარბჰა”, ანუჩჰედა 39) ↩︎
  49. “უზენაესი უფალი – მზეა. მისი სინათლე, ინდივიდუალური სულიერი სული, – მარადიული პიროვნებაა, რომელიც მუდამ ერთგულად მიჰყვება მას. მისი დჰარმა – სიყვარულია. ის ფლობს კანონიერ უფლებას განიცადოს უმაღლესი ნეტარება”.
    კომენტარები:
    ამ ლექსში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიტყვა “დჰარმა”, რომელიც ამ შემთხვევაში ნიშნავს ვალს, რელიგიას ან განუყოფელ თვისებას. უზენაესი უფალი ჰგავს მზეს, ინდივიდუალური სულების ერთობლიობა კი – მზის სინათლის პაწაწინა ნაწილაკების გროვას. მათი დჰარმა მხოლოდ ერთგულებით უფლის მიყოლაა. ყოველი სული ფლობს ისეთი სულიერი ნაწილაკის ფორმას, რომელიც გამოსადეგია მისი დჰარმის შესასრულებლად. ჭეშმარიტ მდგომარეობაში ცოცხალი არსება სულის ნაპერწკალია, ამიტომაც წმინდა სული – არის სულიერი “მე”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ტატტვა-ვივეკა” 2.4) ↩︎
  50. “ცოცხალი არსების ბუნებრივი დანიშნულება – კრიშნას მარადიული მსახურებაა, რადგან ცოცხალი არსება მიეკუთვნება კრიშნას მოსაზღვრე ენერგიას და წარმოადგენს უფლის გამოვლინებას, რომელიც ერთის მხრივ იგივეა რაც ის, მეორეს მხრივ კი განსხვავდება მისგან, როგორც მზის სინათლის სხივი ან ცეცხლის ნაპერწკალი იგივეა რაც მათი წყარო და ამავე დროს განსხვავდება მისგან. კრიშნას სამი სახის ენერგია აქვს”.
    (შრი ჩაიტანია ჩარიტამრიტა, მადჰია 20.108-109) ↩︎
  51. “ერთგულის მიჯაჭვულობა უფლის ამა თუ იმ ფორმაზე განისაზღვრება მისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მიდრეკილებებით. თავისი თანდაყოლილი მიდრეკილებების მიხედვით ცოცხალი არსება ეჯაჭვება ტრანსცენდენტური სამსახურის გარკვეულ სახეს, ვინაიდან იგი მარად უფლის მსახურია. უფალი ჩაიტანია ამბობს, რომ ცოცხალი არსება ღმრთეების უზენაესი პიროვნების, შრი კრიშნას მარადიული მსახურია და ამიტომაც მას გარკვეული სახის მარადიული მსახურებრივი დამოკიდებულება აქვს უფალთან. მასში ერთგული სამსახური აღვიძებს მიჯაჭვულობას უფალთან რაიმე სახის ურთიერთობების მიმართ, რასაც შედეგად მოსდევს მიჯაჭვულობა უფლის ერთ-ერთ მარადიულ ფორმაზე – იმის მსგავსზე, მარად განთავისუფლებული ერთგულების გულებში რომ სუფევს. უფლის ერთ რომელიმე ფორმაზე ასეთ მიჯაჭვულობას სვარუპა-სიდდჰი ჰქვია. უფალი ერთგულის ლოტოსის გულზეა დაბრძანებული იმ მარადიული სახით, რისი ხილვაც წმინდა ერთგულს სურს; ასე რომ, უფალი არასოდეს ტოვებს ერთგულს, როგორც ეს წინა ლექსშია ნაჩვენები”.
    (შრილა პრაბჰუპადა, “შრიმად-ბჰაგავატამი”, 3.9.11 კომ.) ↩︎
  52. “ეჭვი არ არის, რომ უფალი ბრაჰმა მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფება უფალთან. ყოველი ცოცხალი არსება მარადიულადაა დაკავშირებული ღმრთეების პიროვნებასთან ხუთი ტრანსცენდენტური ურთიერთობიდან: შანტა, დასია, საქჰია, ვატსალია და მადჰურია – ერთ-ერთით”.
    (შრილა პრაბჰუპადა, “შრიმად-ბჰაგავატამი”, 2.9.30 კომ.) ↩︎
  53. “თუ შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ სულები, რომლებიც სულიერ სამყაროში იმყოფებიან, ვაიკუნთჰას სამეფოში, არასდროს ეცემიან მატერიალურ სამყაროში, რადგან ვაიკუნთჰას სამყარო მარადიულია. თუმცა ზოგჯერ ერთგულები, ემორჩილებიან რა უფლის ნებას, მოდიან მატერიალურ სამყაროში მქადაგებლების ან ათეისტების როლში. აუცილებელია ყოველთვის გვახსოვდეს ის, რომ მათი მოსვლის უკან უფლის ჩანაფიქრი იმალება”.
    (შრილა პრაბჰუპადა, “შრიმად-ბჰაგავატამი”, 3.16.26 კომ.) ↩︎
  54. “თავისი სულიერი ენერგიის (პარა-შაქტი) გამოყენებით, ღმრთეების უზენაესი პიროვნება არის მოქმედი მიზეზი (ნიმიტტა) მატერიალური სამყაროსი. თავისი პრადჰანა-შაქტის და სხვა მატერიალური ენერგიების მეშვეობით ის უშუალო, ან მატერიალურ მიზეზად (უპადანა) გვევლინება ამ სამყაროსი. რადგან თავად წარმოადგენს იმ სუბსტანციას, რომლისგანაც მატერიალური სამყარო შედგება, თავისი თავდაპირველი ბუნებით ეს სამყარო სინამდვილეში სულიერია”.
    (ბალადევა ვიდიაბჰუშანა, “ვედანტა-სიამანტაკა”, მესამე სინათლის სხივი, 30) ↩︎
  55. “საბოლოო ჯამში კრიშნა — ყოველ მიზეზთა მიზეზია (სარვა-კარანა-კარანამ). როგორც მატერიალური, ისე სულიერი სამყაროც უზენაესი უფლის სხეულად ითვლება. მატერიალური სხეული ჩნდება სულიერი სხეულის საფუძველზე, ანუ წარმოადგენს მის ექსპანსიას. ამიტომაც, როდესაც ადამიანი სულიერი საქმიანობით დაკავებას იწყებს, მისი მატერიალური სხეული სულიერდება”.
    (შრილა პრაბჰუპადა, “შრიმად-ბჰაგავატამი”, 7.9.33 კომ.) ↩︎
  56. “უეჭველად, სამყაროსეული სხეული მატერიალურია, მაგრამ, მეორეს მხრივ, რადგან მთელი სამყარო ღმრთეების უზენაესი პიროვნების ენერგიის გამოვლინებაა, უმაღლესი გაგებით არაფერი მატერიალური არ არსებობს”.
    (შრიმად-ბჰაგავატამი 5.16.3 კომ.) ↩︎
  57. “როგორც ნაპერწკლები გამოდიან აგიზგიზებული კოცონიდან, როგორც სინათლის სხივები გამომდინარეობენ მზისგან, ინდივიდუალური სულებიც უზენაესი უფლიდან, უფალი ჰარიდან გამოდიან”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ჯაივა-დჰარმა”, 1.15) ↩︎
  58. “უფალი კრიშნასგან უსასრულო რაოდენობის ინდივიდუალური სულები გამომდინარეობს. თუმცა უფალი კრიშნა ოდნავადაც არ მცირდება”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ჯაივა-დჰარმა”, 1.1) ↩︎
  59. “ინდივიდუალური სულები ჯივა-შაქტის ქმნილებები არიან. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მათ ჩიტ-შაქტი წარმოშობს”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ჯაივა-დჰარმა”, 1.15) ↩︎
  60. ღვთაებრივი სინათლის სხივები, რომლებიც უფლისგან გამომდინარეობს, არის მისი შინაგანი ენერგიის (სვარუპა-შაქტის) ნაწილაკები. პაწაწინა ნაწილაკები, რომლისგანაც ეს სხივები შედგება, ინდივიდუალური სულები არიან.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ჯაივა-დჰარმა”, 1.15) ↩︎
  61. “ღმრთეების უზენაესი პიროვნება არ განიცდის არანაირ ცვლილებას, მაშინაც კი, როდესაც უსასრულო ინდივიდუალურ სულს და მატერიალურ სამყაროებს წარმოქმნის, რომლებიც თოთხმეტი პლანეტარული სისტემისგან შედგებიან”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ჯაივა-დჰარმა”, 1.18) ↩︎
  62. “როცა ბრაჰმანი მოისურვებს, რომ ინდივიდუალური სულები გაჩნდნენ, მისი ენერგია მაშინვე აჩენს მათ. როდესაც ბრაჰმანს სურს, რომ მატერიალური სამყაროები გაჩნდეს, მისი ენერგია უსაზღვრო რაოდენობის მატერიალურ სამყაროებს ქმნის. ეს მოვლენები ბჰაგავანის არსს არ ეხება”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ჯაივა-დჰარმა”, 1.18) ↩︎
  63. “არასდროს ყოფილა ისეთი ჟამი, ოდეს მე, შენ ან აქ მყოფი ყოველი მეფე არ ვარსებობდით; მომავალშიც არც ერთ ჩვენგანს არყოფნა არ გვიწერია”.
    (ბჰაგავად-გიტა 2.12) ↩︎
  64. “როდესაც ჩვენ, უმეცარნი, რომლებიც მატერიალურ დროისა და სივრცის სამყაროში ვცხოვრობ, ვცდილობთ აღვწეროთ სულიერი სამყარო, ნაწილობრივ ვიყენებთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “ინდივიდუალური სულები შექმნილნი იყვნენ”, ინდივიდუალური სულები აღმოჩნდნენ მაიას ტყვეობაში”, “გაჩნდა სულიერი სამყარო” და ა. შ. ამგვარი სიტყვების გამოყენებით, ჩვენ მხოლოდ იმას ვამტკიცებთ, რომ მატერიალურ სამყაროს ჩვენზე უზარმაზარი გავლენა აქვს. სანამ ჩვენ ილუზოლური ენერგიის ძალაუფლების ქვეშ ვიმყოფებით, არ შეგვიძლია გავთავისუფლდეთ ამგვარი წარმოდგენებისა და გამონათქვამებისგან. თუმცა ადამიანმა, რომელიც ცდილობს შეიცნოს სულიერი სამყაროს ჭეშმარიტი ბუნება, უნდა ისწავლოს აზროვნება მარადიული აწმყოს მცნებებით. ბაბა, ლოგიკა არ დაგეხმარება ამ საკითხების მოგვარებაში. უარყავი ის, და შენ შეძლებ სულის ბუნების შეცნობას”.
    (ბჰაქტივინოდა თჰაკურა, “ჯაივა-დჰარმა”, 1.15) ↩︎