რა არის პროგრამა? პროგრამა არის მექანიზმი, რომელიც წარმოიშობა ჩვენი სურვილებისგან, ანუ კარმისგან. აქ შეიძლება შემოგვეკამათონ: “სურვილი და კარმა ერთი და იგივეა? ან საერთოდ რა შუაშია ის უკვე არსებულ პროგრამასთან, რომელიც პირიქით, აქეთ მკარნახობს გარკვეულ სურვილს და მაძლევს მოქმედების იმპულსს”. როდესაც არსებულ პროგრამას ვუყურებთ, ეს შეკითხვა გვიჩნდება, თუმცა თუ შევეცდებით მისი წარმოქმნის მიზეზზე დაფიქრებას, მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება. კარგი, დავიწყოთ იმით, თუ რატომ გავაიგივე სურვილი კარმასთან, შემდეგ კი დავფიქრდეთ იმაზე, რატომ განვიხილავ მას, პროგრამის წარმოქმნის მიზეზად.

პროგრამების წარმოშობა

ჯერ განვიხილოთ რა არის კარმა. ნიაიკები (ნიაიას სკოლის მიმდევრები) მოქმედებას (პრავრიტტი), ანუ კარმას, ასე განმარტავენ:

pravṛttiḥ vāgbuddhiśarīrārambhaḥ

“აქტივობა არის – საუბრის, ფიქრებისა და სხეულის საქმიანობა”

(ნიაია-სუტრა 1.1.17)

ანუ კარმა არის არა მხოლოდ ჩვენი სხეულის ქმედება, არამედ ჩვენი ფიქრების და სიტყვების აქტივობა. რა შუაშია სურვილი? სურვილი არის ზუსტად ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს პრავრიტტის, აქტივობას.

yaṃ arthaṃ adhikṛtya pravartate tatprayojanam

”განზრახვა (მიზანი, სურვილი) არის ის მნიშვნელობა (ართჰა), რომლის დომინირებითაც ადამიანი მოქმედებას იწყებს”.

(ნიაია-სუტრა 1.1.24)

ჩვენი სურვილიდან გამომდინარე, ჩნდება ჩვენი ფიქრები, ფიქრები კი განაპირობებს ჩვენს საუბარს და საქმიანობებს. ჩვენი საქმიანობების (კარმა, პრავრიტტი) შედეგად კი ვიღებთ შესაბამის ნაყოფებს. ზუსტად ამ საქმიანობების ნაყოფებია ჩვენი ახლანდელი პროგრამები.

პროგრამებისგან გათავისუფლება

იმისათვის, რომ გარკვეული პროგრამისგან გათავისუფლების გზაზე დავფიქრდეთ, უნდა დავაკვირდეთ მისი წარმოქმნის ჯაჭვს:

სურვილი → ფიქრი → საუბარი → ფიზიკური მოქმედება → პროგრამა.

თუმცა საინტერესოა, რომ პროგრამა თვითონ წარმოადგენს გარკვეულ სურვილს. ამიტომაც სინამდვილეში ჯაჭვი ასეთია:

პროგრამა → ფიქრი → საუბარი → ფიზიკური მოქმედება → პროგრამა.

როგორც ვხედავთ კარმა არა მხოლოდ წარმოქმნის პროგრამას, პროგრამა წარმოქმნის კარმას, ანუ მათ ურთიერთდამოკიდებულება აქვთ. შესაბამისად უკვე არსებული პროგრამის შესაცვლელად, საჭიროა უშუალოდ ჩარევა შიდა სამ რგოლში (მარცვალსა და ნაყოფს შორის, რომელიც თავის მხრივ ახალ მარცვლად იქცევა. ანუ პროგრამებს შორის).


მაგალითად თუ გვაქვს სიგარეტზე დამოკიდებულების პროგრამა, უნდა დავუფიქრდეთ მის მუშაობის გზას.

პროგრამა ბადებს ფიქრს: “სიგარეტის მოწევა და ყიდვაა საჭირო”. ფიქრი ბადებს საუბარს: “ხომ არ იცი სად იყიდება სიგარეტი; სიგარეტი ხომ არ გაქვს; სად არის ჩემი სიგარეტის კოლოფი და სხვ.; საბოლოოდ კი ვასრულებთ მოქმედებას: მოვიპოვებთ სიგარეტს და ვიწყებთ მოწევას.

საინტერესო ისაა, რომ თუ ჯაჭვის ცვლილებას უკუ მიმართულებით დავიწყებთ, საბოლოოდ საწყის წერტილს, საწყის პროგრამას შევცვლით.

ტრანსფორმაციის პროცესი:

  1. მე არ მივდივარ სიგარეტის საყიდლად. შორს ვდებ სიგარეტის კოლოფს და სანთებელას, ან საერთოდ ვაგდებ მას. ვერიდები იმ ადგილებს, სადაც მწეველები იკრიბებიან. ვეძებ ისეთი ადამიანების წრეს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ და ვიმყოფები მათ გარემოცვაში.
  2. როდესაც ადამიანი იცვლის ფიზიკურ გარემოს და ერთვება ისეთ წრეში, სადაც არავინ ეწევა, იცვლება მისი საუბარიც. ის აღარ ამბობს: “ხომ არ მოვწიოთ?” ის ამბობს: “ხომ არ ვივარჯიშოთ”?
  3. როდესაც იცვლება ადამიანის მოქმედება და საუბარი, იცვლება მისი ფიქრებიც. ის ნაკლებად ფიქრობს მოწევაზე. ამის ნაცვლად მისი ფიქრები სასიკეთო თემებს განიხილავს.
  4. ფიქრების შეცვლასთან ერთად იცვლება ჩვენი თავდაპირველი სურვილი, პროგრამა, რომელიც ამ ჯაჭვის საწყისი იყო.

აქ შეიძლება შემოგვეკამათონ: “ჩვენ მოვიყვანეთ ციტატა (ნიაია-სუტრა 1.1.17), სადაც ნათქვამია, რომ ჩვენს მოქმედებას სურვილი იწვევს. შეუძლებელია იმოქმედო სურვილის გარეშე. მაშ როგორ ვიწყებთ ჯაჭვის განადგურებას ბოლოდან, მოქმედებისგან, როდესაც ჩვენი სურვილი/პროგრამა მოწევაა?”.

დიახ, სინამდვილეში ჩვენი მოქმედებები შეუძლებელია სურვილის/განზრახვის გარეშე. იმაშიც გეთანხმები, რომ მოწევა ჩვენი სურვილია. თუმცა საიდან მოვიდა ეს სურვილი? ეს სურვილი ჩვენში გამჯდარია ჩვენი მოქმედებების შედეგად. ეს არ არის ჩემი რეალური სურვილი. როდესაც ვიწყებ მოქმედებას არსებული პროგრამის, ანუ ჩემი კარმით მიღებული სურვილის შესაცვლელად, მე მჭირდება სურვილი/განზრახვა, რომელიც უშუალოდ ჩემია და არა კარმით მიწებებული. სულს არ სურს მოწევა. მოწევა სურს პროგრამას, რომელიც სინამდვილეში არ წარმოადგენს ჩემს სურვილს. მისი ტრანსფორმაციის სურვილი კი უჩნდება სულს, რომელიც ამ პროგრამის მიღმა იმყოფება. ამ პროცესში სულის თავდაპირველი სურვილი უპირისპირდება მიწებებულ პროგრამას და ანეიტრალებს მას.

ყველა პროგრამისგან გათავისუფლება

ჩვენ ვისწავლეთ ერთი კონკრეტული პროგრამისგან გათავისუფლება. თუმცა რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ ეს პროგრამები უამრავია? რომელ ერთს დავუწყოთ ძებნა, როდესაც საჭიროა არა მხოლოდ ერთი პროგრამის, არამედ მთლიანი ოპერაციული სისტემის განახლება. საჭიროა ჩემი ყველა მიწებებული პროგრამის და იმ ოპერაციული სისტემის ცვლილება, რაც ახლა ჩემზე მოქმედებს.

ამიტომ ვედური ფილსოფია გვაწვდის სხვადასხვა პრაქტკებს, რომლის დახმარებითაც ადამიანი მთლიანად ცვლის თავის ახლანდელ პროგრამებს და ატრანსფორმირებს მას. მეთოდი იგივენაირია, ვიწყებთ მოქმედებით. თუმცა საჭიროა ისეთი მოქმედება, რომელიც არა ერთ კონკრეტულის, არამედ ყველა ჩვენი პროგრამის ცვლილებას მოახდენს.

ტრანსფორმაციის პროცესი:

  1. ადამიანი იცვლის გარემოცვას და პოულობს ადამიანებს, რომლებიც იგივე გზას ადგანან. ისინი შეძლებენ მას კონკრეტული პრაქტკა გაუზიარონ, რომელსაც თვითონ ასრულებენ მიზნის მისაღწევად. (ჩავთვალოთ მივიდა გაუდია-ვაიშნავებთან, რომლებმაც მისცეს კონკრეტული პრაქტიკა, მაჰა მანტრის გამეორების სახით.)
  2. ამ გარემოცვაში ის საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც ეხება უშუალოდ მის მიზანს. ამასთან ერთად ის იწყებს მოცემული პრაქტიკის შესრულებას, მაჰა მანტრის გამეორებას: “ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე”.
  3. სწორ ადამიანებთან ურთიერთობს შედეგად იცვლება მისი ფიქრები. ის ფიქრობს ისეთ თემებზე, რომლებიც უშუალოდ მის მიზანს ეხება. ამასთან მაჰა მანტრის გამეორება, ანუ ბგერის მესამე დონე (ვაიკარი), ასევე ცვლის ბგერის მეორე დონეს, ფიქრებს (მადჰიამა).
  4. საბოლოო ჯამში კი იცვლება ბგერის ყველაზე ნატიფი ფორმა (პაშიანტი), ჩვენი სურვილები/პროგრამები.

იხილეთ Substack-ზე