ბჰაგავად-გიტას მიმოხილვა
წიგნიდან „მე მომენდე“
ბჰურიჯანა დასა
თარგმანი: კახა გორდაძე
***
ბჰაგავად-გიტას დასაწყისში, უსინათლო მეფე დჰრიტარაშტრა ვეზირ სანჯაიას სთხოვს მოუთხროს საკუთარ შვილებს – კაურავებსა და მათსავე ბიძაშვილებს – პანდავებს შორის გაჩაღებული ბრძოლის ამბავი. პანდავების უფლისწულ არჯუნას მეეტლეობა თავად უზენაესმა ღვთაებრივმა პიროვნებამ ინება, რადგან უფალს ძალიან უყვარდა მისი ერთგული არჯუნა. როგორც კი პანდავების უფლისწულმა მშვილდი მოზიდა და საბრძოლო მწყობრში ჩამდგარ დჰრიტარაშტრას ვაჟებს თვალი ჰკიდა, შეუცდომელ კრიშნას სთხოვა ეტლი ორ ლაშქარს შორის გაეყვანა. სწორედ იქ, ორი ლაშქრის შუაგულში, არჯუნას ჭკუას უფორიაქებს მოსალოდნელ ბრძოლაში მისი მასწავლებლის, ნათესავებისა თუ მეგობრების სიკვდილის გარდაუვალობის განჭვრეტა. არჯუნამ მშვილდი გადადო და გადაწყვიტა ბრძოლაზე უარი განეცხადებინა.
გიტას პირველ თავსა და მეორეს დასაწყისში არჯუნა განმარტავს ბრძოლაზე უარის მიზეზს. არსებითად, მას მკვლელობის ცოდვის შიში იპყრობს. თუმცა, როდესაც არჯუნა უფალ კრიშნას მიენდობა და რჩევა-დარიგებას სთხოვს, უფალი იწყებს მისი ყველა ეჭვის თანდათანობით გაცამტვერებას. კრიშნა ანალიტიკურ მსჯელობას მიმართავს და უხსნის უფლისწულს, რომ რეალურად მკვლელობას ვერ ჩაიდენს, რადგან მარადიული სულის მოკვდინება შეუძლებელია. შემდეგ უზენაესი განმარტავს, რომ უფლის მსახურებისთვის ბრძოლა ტრანსცენდენტულ ხასიათს ატარებს და შესაბამისად, ცოდვად ვერ ჩაითვლება. იგი განმარტავს ვედების მიზანსაც, რაც სულის კრიშნას ცნობიერებამდე თანდათანობით ამაღლებაში გამოიხატება. ამიტომ, კრიშნა მოუწოდებს არჯუნას, განმტკიცდეს უფლის მსახურებაში, იბრძოლოს და ყურადღება არ მიაქციოს ჭკუაში აღძრულ სურვილებს.
კრიშნამ მოკლედ აუხსნა არჯუნას, თუ რატომ იყო საჭირო ბრძოლა და თან ხოტბა შეასხა ერთის მხრივ ბუდდჰი-იოგას – გონიერებას, რომელიც გამოიყენება სულიერი ცოდნის სრულყოფისას (2.45, 2.49-50), და მეორეს მხრივ კარმას – მოქმედებას (2.47-48, 2.50). ამ შეგონებებით დაბნეულ პანდავების უფლისწულს სურვილი დაეუფლა, კრიშნას სწავლება ბუდდჰი იოგას შესახებ ბრძოლის ველიდან განრიდებისა და განდეგილობაში მედიტაციისთვის გამოეყენებინა. წიგნის მესამე თავი იწყება არჯუნას შეკითხვით, თუ რატომ აქეზებს კრიშნა მას საბრძოლველად, თუკი გონიერება (ბუდდჰი-იოგა) ანგარებიან საქმიანობაზე მაღლა დგას.
ამის შემდეგ, კრიშნა განმარტავს კარმა-იოგას – უკუქმედებისგან თავისუფალ, თავდადებულ მოღვაწეობას და ააშკარავებს არჯუნას მცდარ წარმოდგენას, რომლის მიხედვითაც ყოველი საქმიანობა ანგარებიანი და ტყვეობის მომტანია. კრიშნა არჯუნას ბრძოლისკენ მოუწოდებს და უხსნის, რომ ერთგული მსახურებით ცოდვის თავიდან არიდება უკეთესია, ვიდრე საქმიანობაზე უარის თქმით ცოდვის ჩადენისგან თავდაცვის მცდელობა. კრიშნა ურჩევს არჯუნას, რომ მოვალეობის ჯეროვანი აღსრულების მაგალითად იქცეს. კრიშნას სწავლების მიხედვით, არჯუნა უნდა შეიარაღდეს ცოდნით, არ დაბრკოლდეს ბრძოლისას (3.29-30) და არ იქცეს საკუთარი კეთილი თუ ბოროტი ზრახვების მსხვერპლად.
შემდეგ, უზენაესი პასუხობს არჯუნას შეკითხვას, თუ რა უბიძგებს სულს უმართებულო საქციელისა თუ მოვალეობის უგულებელყოფისკენ. კრიშნა ასახელებს მთავარ მტერს – ესაა ვნება. ის არჯუნას ურჩევს, გრძნობათა სადავეები ხელში აიღოს და, როგორც კრიშნას მსახური, განმტკიცდეს საკუთარ წმინდა პიროვნულ არსში. ამგვარად უფლისწული მოახერხებს თავი დააღწიოს ვნებათა ბატონობას. სულიერი ძალითა და დინჯი ჭკუით, არჯუნა შეძლებს ძლევამოსილი და ცოდვიანი მტრის – ვნების დამარცხებას.
წიგნის მესამე თავიდან, კრიშნა არჯუნას ურჩევს, რომ ბრძოლაში უფლისმიერი ცოდნით აღსავსე შევიდეს (3.30) მეოთხე თავში კი მას ტრანსცედენტული ცოდნის სხვადასხვა ასპექტს აზიარებს. პირველ რიგში, კრიშნა განმარტავს დამოწაფების გზით ცოდნის მემკვიდრეობად გადაცემის მნიშვნელობას. მას შემდეგ კი, რაც თანმიმდევრობით ნათელს მოჰფენს საკუთარ მოვლინებასა და მისიას, უფალი მის ერთგულ მსახურებას განმარტავს, როგორც ყოველგვარი მსხვერპლშეწირვის დანიშნულებას (მესამე თავის 3.9-16 ლექსებში, კრიშნა უკვე შეეხო იაგიას – მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობას). შემდეგ, უფალი კრიშნა ხსნის სულის, როგორც მისი განუყოფელი ნაწილის, უფალთან ურთიერთობას, რისი სწავლებაც მხოლოდ ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს ძალუძს. მეოთხე თავის დასასრულს, კრიშნა განადიდებს ტრანსცედენტულ ცოდნას და მოუწოდებს არჯუნას, ბრძოლისას აღიჭურვოს ამ ცოდნით, რომელიც ყოველგვარ ცოდვით საზღაურს გააცამტვერებს!
არჯუნა შეცბუნებულია იმის გაგებით, რომ საქმიანობა (აქტიური ქმედება) ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ცოდნის ძიება (შედარებით პასიური ქმედება). მის სიმტკიცეს დაბნეულობა არყევს, რადგან ბრძოლა და ცოდნის ძიება ურთიერთსაპირისპირო ცნებებად ესახება. შესაბამისად, მეხუთე თავი იწყება მისივე შეკითხვით, თუ რომელია უფრო აღმატებული – საქმიანობაზე უარის თქმა (ფიქრი, სანქჰია, გიანა, ცოდნისმიერი უმოქმედობა) თუ საქმიანობა და თავდადებული მსახურება. პასუხად კრიშნა მიუგებს, რომ ჭეშმარიტი განდეგილობა, ესაა საკუთარი საქმიანობის შედეგებზე მიჯაჭვულობის არქონა. ამ დროს ადამიანმა იცის, რომ თუმცა მისი სხეული შრომაშია, სული რეალურად არაფერს აკეთებს. ამიტომ, არჯუნამ უნდა აღასრულოს საკუთარი მოვალეობა და მუდმივად კრიშნას კმაყოფილებისთვის იღვაწოს. გარესამყაროს მიუკერძოებელი ხედვით, ის საკუთარ სხეულში, ამავე სხეულის ქმედებათაგან განყენებულად უნდა მყოფობდეს. იგი, როგორც წმინდა სული, სიმშვიდეს მატერიალური სამყაროს მიღმა ჰპოვებს, როცა ცნობიერებას უზენაესისადმი მიმართავს და შეიმეცნებს, რომ ჭეშმარიტი ტკბობა ეკუთვნის კრიშნას – ისაა ყველა მსხვერპლშეწირვის მიზანი და ყოველი პლანეტის მეუფე.
პირველ ხუთ თავში, კრიშნამ განმარტა ბუდდჰი-იოგა – უანგარო საქმიანობა კრიშნასკენ მიმართული ცნობიერებით. უფალმა ასევე განმარტა სანქჰია, კარმა-იოგა და გიანა-იოგა, როგორც თავისუფლების მოპოვების გზა და კრიშნას ცნობიერებისკენ აღმავალი საფეხურები. მეხუთე თავის დასასრულს (5.27-28) და მეექვსე თავში (სადაც უზენაესი ნათელს ჰფენს პრაქტიკულ საკითხებს იოგის შემსრულებელთათვის), კრიშნა განმარტავს დჰიანა-იოგას და გამოაქვს დასკვნა, რომ დჰიანა, ანუ კრიშნაზე მედიტაცია, თავადაა მედიტაციის მიზანი.
კრიშნა მეექვსე თავის დასაწყისშივე განმარტავს, რომ თუ ახალბედა იოგი სხვადასხვა მჯდომარე პოზას ანგარებით და სანაცვლოს მოლოდინით ასრულებს, გამოცდილი იოგი – ჭეშმარიტი სანნიასი მოქმედებისას შედეგებზე არ არის მიჯაჭვული. უკანასკნელ შემთხვევაში იოგი თავისუფალია და მისი დაჯაბნა ჭკუასაც არ ძალუძს. იოგი მკაცრად ასრულებს დჰიანა-იოგას განმარტოებულ ადგილას და საკუთარ თავს, ჭკუას და სხეულს გულმოდგინედ აწრთობს კრიშნას მსახურებაში. საკუთარ თავში ჩაღრმავებით და ჭკუის კრიშნასკენ მიმართვით, ის ღვთიურ სამეფოში ტრანსცედენტულ ბედნიერებას ეზიარება. შემდეგ, არჯუნა მიანიშნებს, რომ იოგას შესრულების მთავარი სირთულე ჭკუის მართვაშია. პასუხად კრიშნა აცხადებს, რომ დაუმორჩილებელი ჭკუის მოთოკვა მუდმივი ვარჯიშითა და გულმოდგინებით არის შესაძლებელი. არჯუნას კითხვაზე, თუ რა ბედი ელის ხელმოცარულ იოგს, კრიშნა მიუგებს, რომ იგი კვლავ დაიბადება ბრძენი ტრანსცედენტალისტების წრეში და ძალდაუტანებლად მიიზიდავს იოგას პრინციპები. ბოლო ორ ლექსში კრიშნა აღნიშნავს, რომ იოგი განდეგილზე, გიანისა და კარმიზე აღმატებულია. იოგთა შორის კი ყველაზე დიდებულია, ვინც მუდმივად კრიშნაზე ფიქრობს და უდიდესი რწმენითა და სიყვარულით ემსახურება მას.
კრიშნას სწავლების შეცნობის შემდეგ, მეექვსე თავის დასასრულს, ადამიანს იოგას დაუფლებისა და ჭკუის კრიშნაზე კონცენტრაციის სურვილი უნდა გაუჩნდეს. ამიტომ, მეშვიდე თავიდან კრიშნა ნათელს ჰფენს დაუნჯებულ ცოდნას საკუთარ თავსა და ძალმოსილებაზე. ასე არჯუნა სრულყოფილად შეძლებს კრიშნას თაყვანისცემას და ბრძოლისას მისთვის თავდადებას.
პირველ რიგში, კრიშნა ცხადყოფს, რომ ის თავადაა უზენაესი ჭეშმარიტება და ყოველი არსი მისი მრავალფეროვანი მატერიალური და სულიერი ენერგიების კრებულია. ყოვლისმომცველი კრიშნასგან გამომდინარე (თუმცა, მასზე გავლენის არმქონე) ბუნების მოდუსები ამქვეყნიურ მოქმედებებს განაგებენ, ამიტომაც მხოლოდ კრიშნაზე მინდობილთ ძალუძთ მოდუსების გადალახვა და უფლის შეცნობა. კრიშნა ერთდროულად აღწერს ოთხი სახის არაღვთისმოსავ სულს, რომელიც ვერასოდეს შეძლებს მას მიენდოს და ოთხი სახის ღვთისმოსავ სულს, რომელიც მინდობას მოახერხებს. კრიშნა ბურუსით მოცული რჩება იმპერსონალისტებისგან და ნახევარღმერთთა მოთაყვანეთაგან. თუმცა, ჭეშმარიტი ღვთისმოსავნი და კრიშნას გულმოდგინე მსახურნი ერთგულ მსახურებას სწორედ ბრაჰმანული დონიდან ეწევიან, რაც იმპერსონალისტებისთვისაც საბოლოო მიზანს წარმოადგენს. ხოლო სულებს, რომელთაც შეიმეცნეს, რომ კრიშნაა ყოველი განსხეულებული არსის, ნახევარღმერთისა და მსხვერპლშეწირვის გამრიგე, შეუძლიათ კრიშნას შეცნობა და აღქმა, იმიერ ქვეყანაში გარდასვლის ჟამსაც კი.
მერვე თავს ხსნის არჯუნას შეკითხვა ბრაჰმანის, კარმის, ნახევარღმერთების, მატერიალური სამყაროსა და გარდაცვალებისას კრიშნას შეცნობის შესახებ. კრიშნა მოკლედ პასუხობს შეკითხვის პირველ ნაწილს და იწყებს გამოწვლილვით ახსნას, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიშნას შეცნობა ამქვეყნიდან გასვლის წამს. რამდენადაც ადამიანი მიაღწევს იმას, რაც მის მეხსიერებას გარდაცვალების ჟამს შემოუნახავს, თუ იგი ამ დროს კრიშნაზე ფიქრობს, მაშინ მასთან გაემგზავრება. შემდეგ კრიშნა განმარტავს, როგორ არის შესაძლებელი მასზე, როგორც ტრანსცედენტულ არსზე მუდმივად ფიქრი – არსზე, რომელიც ყოვლისმცოდნეა, ყველაზე ასაკოვანია, ყველაფერს მართავს, ყველაზე თავმდაბალია და ყოვლის შემნარჩუნებელი. შესაბამისად, კრიშნა ხსნის, რომ იოგას შესრულებით და უზენაესზე ფიქრით, ადამიანი მარადიულ სულიერ სამყაროს მიაღწევს და აღარასოდეს დაბრუნდება ამ დროებით, უბედურებით აღსავსე მატერიალურ სამყაროში. ამ სამყაროდან თავის დაღწევის სხვადასხვა იოგური გზების აღწერის შემდეგ, კრიშნა არჯუნას ურჩევს, რომ არცერთ მათგანზე არ იღელვოს. იქნება ეს ვედების შესწავლა, იოგა, მსხვერპლშეწირვა, ქველმოქმედება, გიანა თუ კარმა, რადგან ყოველი მათგანის ნაყოფს ერთგული მსახურების გზით ისედაც მოიმკის. საბოლოოდ, ერთგულებით განმსჭვალული იოგი უზენაეს მარადიულ სამყოფელს დაიმკვიდრებს.
მას შემდეგ, რაც მერვე თავში არჯუნას კითხვებს უპასუხა, მეცხრე თავიდან კრიშნა აგრძელებს მეშვიდე თავში წამოწყებულ საუბარს უფლის შემეცნებაზე. ამ თავის დასაწყისში კრიშნა აცხადებს, რომ დადგა ჟამი არჯუნას გაანდოს ყველაზე საკრალური ცოდნა, რომელიც მის რეალურ მდგომარეობას ასახავს. მისი შემეცნება კი მხოლოდ უშურველ და რწმენით აღსავსე ადამიანს ძალუძს. კრიშნა აგრძელებს ახსნას, რომ თუმცა თვითმყოფი და განკერძოებულია, მაგრამ მატერიალური ენერგიის წყალობით მის ხელშია სრულიად კოსმოსის შენარჩუნება, შექმნა და განადგურებაც. ის მაჰატმები, ვინც შეიმეცნა კრიშნა, როგორც უზენაესი ღვთაებრივი პიროვნება, მისი მფარველობის ქვეშ არიან და მასვე ემსახურებიან, როგორც თაყვანისცემის უზენაეს სამიზნეს.
შემდეგ კრიშნა ერთგულთა ბედნიერ მდგომარეობაზე საუბრობს. უზენაესი ზრუნავს მის მსახურებზე. ის ეხმარება მათ სისუსტეების გამოსწორებაში, ხოლო ძლიერებას განუმტკიცებს. ერთადერთი, რასაც კრიშნა ითხოვს – მისდამი მხოლოდ ერთი ფოთლის, ყვავილის ან უბრალოდ წყლის შეთავაზებაა, თუმცა ძღვენი ერთგულებითა და ღვთისმოსაობით უნდა მივუძღვნათ. აქედან გამომდინარე, უფლის ერთგული მასთან დაიმკვიდრებს ადგილს. მაშინაც კი, თუ უფლის ერთგული უნებლიედ საშინელ ქმედებას ჩაიდენს, ის განიწმინდება, რადგან კრიშნა მისი ერთგულის დაღუპვას არ დაუშვებს.
მეშვიდე და მეცხრე თავებში, კრიშნა აღწერს ცოდნას მისი ენერგიების შესახებ. მეათე თავში იგი საკუთარ სიდიადეზე უფრო კონკრეტულად საუბრობს და გამოავლენს მის ჭეშმარიტ ბუნებას, როგორც უზენაესი ღვთაებრივი პიროვნება და ყოველთა პირველწყარო. კრიშნა მოგვითხრობს, თუ რა გზით შეიცნობენ მისი ერთგულნი, როგორც არშობილ უზენაეს უფალს, ყოველგვარი სიბრძნის წყაროს, მატერიალური და სულიერი სამყაროს დასაბამს და ცოცხალ არსებათა ზნის შემოქმედს. ამიტომ, წმინდა და ბრძენი ერთგულნი კრიშნას ადიდებენ, მასზე საუბრობენ, მასზე ფიქრში იძირებიან, ცოდვისგან თავისუფლდებიან და მას ემსახურებიან. კრიშნა კი, მათდამი სიყვარულით გამსჭვალული, ერთგულთა გულებში შემორჩენილ უმეცრებას აცამტვერებს. მოისმინა რა კრიშნას სიდიადის შესახებ, არჯუნამ ავტორიტეტული წყაროებიც მოიშველია, აღიარა იგი, როგორც უზენაესი უფალი და განაცხადა, რომ მხოლოდ კრიშნას შეუძლია საკუთარი თავის სავსებით შეცნობა. კრიშნა განაგრძობს თხრობას სამყაროში მის ღვთიურ გამოვლინებათა შესახებ – როგორც ზესული, ოკეანე, ჰიმალაები, რაც მწირად თუ წარმოაჩენს მის უსაზღვრო სიდიადეს, რადან კრიშნას ენერგიის თუნდაც მცირედი ნაწილი მთელ სამყაროს აღავსებს და ასულდგმულებს!
არჯუნა შეიცნობს და აღიარებს მის წინაშე მდგომ უზენაესს ორხელიან სხეულებრივ ფორმაში, მაგრამ მაინც სთხოვს, რომ მისი ყოვლისმომცველი სამყაროსეული სახე უჩვენოს, რომლითაც სრულიად სამყაროს ასულდგმულებს. მეთერთმეტე თავში კრიშნა დაამტკიცებს, რომ უზენაესი უფალია და განსაზღვრავს წესს, რომლის მიხედვითაც თუ ვინმე თავს ღმერთად აცხადებს, მან ღვთიური სახეც უნდა წარმოაჩინოს. კრიშნა არჯუნას უჩვენებს მის გასაოცარ, ბრწყინვალე, ყოვლისმომცველ ფორმას, რომლის წიაღშიც არჯუნა ხედავს ბრძოლის ველის ორივე მხარეს შეკრებილ მეომართა სიკვდილს. კრიშნა საკუთარ ფორმას წარმოადგენს, როგორც დროს, სამყაროს გამანადგურებელს და არჯუნას მოუწოდებს, რომ ყოველი მეომრის გარდაუვალი სიკვდილის წინასწარ გააზრებით, მის იარაღად გარდაიქმნას. არჯუნას შიშნარევი ვედრების პასუხად, საწყის ორხელიან ფორმად გარდასახვამდე, კრიშნა ჯერ მის ოთხხელიან ფორმას დაუბრუნდება. ამის შემდეგ, უფალი განაცხადებს, რომ მხოლოდ წმინდა ერთგულებს შესწევთ უნარი მისი ორხელიანი ფორმის დანახვისა. ის ერთგულები კი, რომლებიც თავისუფალნი არიან ანგარებიანი საქმიანობისგან, კრიშნასთვის იღწვიან და იგი უზენაეს მიზნად დაუსახავთ, აუცილებლად მიაღწევენ უფალთან.
მეთორმეტე თავში, კრიშნას გასაოცარი სამყაროსეული ფორმის ხილვის შემდეგ, არჯუნას სურვილი აღეძრა, გადაემოწმებინა საკუთარი, როგორც ერთგულისა და უზენაესის უდიდესი თაყვანისმცემლის, პოზიცია. ამიტომ, ის დაინტერესდა, თუ რომელია უფრო სრულყოფილი, კრიშნას ერთგული მსახურება თუ მისი იმპერსონალური (გამოუვლენელი, უპიროვნო ბრაჰმანის) თაყვანისცემა. კრიშნა დაუყოვნებლივ პასუხობს, რომ ყველაზე სრულყოფილია ის, ვინც მის პიროვნულ მსახურებაშია ჩართული. აქედან გამომდინარე, ადამიანი კრიშნას მსახურებაში უნდა ჩაერთოს და ჭკუა მხოლოდ მას მიაპყროს. თუ ამის შესრულება არ შეუძლია, მაშინ ბჰაქტი-იოგას წესებს უნდა მიჰყვეს, რაც ადამიანს განწმენდს და დასახული მიზნის მიღწევას შესაძლებელს ხდის. შემდეგ, კრიშნა აღწერს დანარჩენ გზებსაც, რომელთაც საბოლოოდ უზენაესის წმინდა ერთგულ მსახურებამდე მივყავართ.
ერთგულს კრიშნას სიყვარულით შემდეგი თვისებები აღავსებს: ის თანაბრად ხვდება ბედნიერებასა და უბედურებას, არ ექვემდებარება საქმეთა ჩვეულებრივ მდინარებას და რწმენითა და კმაყოფილებით მიუყვება ერთგული მსახურების გზას.
მეცამეტე თავი იხსნება არჯუნას შეკითხვით სამოქმედო ველის და მის მცოდნეთა შესახებ. კრიშნა პასუხობს, რომ განპირობებული სულის საყუდელი სხეულია, ხოლო სხეულის ურთიერთობა მატერიალურ სამყაროსთან, მისი მოქმედებების შეზღუდული სივრცეა. სხეულს, სულსა და ზესულს შორის განსხვავების აღქმით და შემეცნების გაღრმავებით, სულს შესაძლებლობა ეძლევა გადალახოს ორმაგობა, გააცნობიეროს კრიშნასთან მისი მარადიული დაქვემდებარებულობა და დაიმკვიდროს უზენაესი სავანე.
მეცამეტე თავში გაცხადებულია, რომ ცოდნის თავმდაბლად შეძენის გზით, ადამიანს შეუძლია გათავისუფლდეს მატერიალური ტყვეობიდან. ამავე თავში გადმოცემულია, რომ სულიერი არსების მატერიალურ ტყვეობაში ყოფნა მატერიალური ბუნების მოდუსებთან მისი კავშირითაა განპირობებული (13.20-22). მეთოთხმეტე თავში, უზენაესი დეტალურად განმარტავს მატერიალური ბუნების სამ მოდუსს – სათნოებას, ვნებასა და უგუნურებას, რომლებიც ბოჭავენ და მართავენ განპირობებულ სულებს ამ სამყაროში. თუმცა, სულს ძალუძს ამ მოდუსების გადალახვა ერთგული მსახურებით (ყველა სხვა პროცესი მოდუსების გავლენის ქვეშაა). ამრიგად, სავსებით შესაძლებელია ხსენებული მოდუსების მიერ დაწესებული შეზღუდვების გარღვევა და ბრაჰმანის დონეზე ამაღლება, რაც კრიშნაზე დაფუძნებული სიწმინდისა და ბედნიერების არსებითი მდგომარეობაა.
ვინაიდან უფლის მსახურებისთვის თავის მიძღვნა მატერიალურ მოდუსებთან მიჯაჭვულობის დაძლევას მოითხოვს, მეთხუთმეტე თავში კრიშნა ნივთიერი მარწუხებიდან გათავისუფლების პროცესს აღწერს. იგი მატერიალურ სამყაროს ადარებს უზარმაზარ, თავდაყირა მდგომ ბანიანის ხეს და არჯუნას სთავაზობს ხისგან განყოფას მისადმი მინდობის გზით. ასე მოამთავრებს სულიც ერთი სხეულიდან მეორეში გადასახლებას და დაბრუნდება სულიერ სამყაროში უფალთან.
მართალია, უგუნურნი ვერ ამჩნევენ, რომ სული ერთი სხეულიდან მეორეში გადასახლდება ჭკუაში აღძრული სურვილებიდან გამომდინარე, მაგრამ ტრანსცენდენტალისტები ამას ნათლად ხედავენ. უგუნურთაც შესაძლოა თვალნი აეხილოთ თუ შეიმეცნებენ, რომ კრიშნაა წყარო მზის ბრწყინვალების, მთვარის შუქისა და ცეცხლის ელვარებისა. ის ინარჩუნებს პლანეტებს ორბიტაზე, სასიცოცხლო წვენით აღავსებს ბოსტნეულს, მომნელებელ ცეცხლს დააგზნებს ცოცხალ არსებებში. ისაა პარამატმა (ზესული) ყოველი დაბადებულის გულში. ისაა მახსოვრობის, ცოდნისა და დავიწყების მიმცემი. ისაა ვედების მიზანი და ვედანტას შემდგენელი. კრიშნა არჯუნას გაანდობს, რომ მისი, როგორც უზენაესი ღვთაებრივი პიროვნების შეცნობა და მის მსახურებაში ჩართვა, ვედანტას საბოლოო მიზანი და ვედების ყველაზე საიდუმლო ნაწილია.
მეთხუთმეტე თავში, ბანიანის ხის მაგალითზე აღწერილია სულიერი ზრდისთვის საჭირო მოქმედებები. მეთექვსმეტე თავში, ოცდაექვსი ღვთაებრივი თვისების მოხსენიების შემდეგ, კრიშნა განმარტავს დემონურ ბუნებას, რომელიც სულს აკნინებს ქედმაღლობით, უმეცრებით, პატივმოყვარეობით, გრძნობათა დაკმაყოფილების დაუოკებელი მცდელობითა და ძალაუფლების წყურვილით. კრიშნა დემონურ აზრთა წყობას ასე აღწერს: ეშმაკეულნი მიიჩნევენ, თითქოს სამყარო არარეალური და მხოლოდ სქესობრივი ლტოლვის შედეგად წარმოშობილია. ისინი თავს აფარებენ დაუოკებელ ვნებას. ფიქრობენ, რომ გრძნობათა დაკმაყოფილება ცხოვრების მთავარი მიზანია და არაკანონიერი გზით მოიხვეჭენ სიმდიდრეს. ისინი საკუთარ მტერთა შემუსვრით თავს ძლევამოსილად და ბედნიერად გრძნობენ და თვისტომთაგან გარემოსილნი მსხვერპლს მხოლოდ ამ ბედნიერების მოსამატებლად სწირავენ. მოჩვენებით მღელვარებათაგან თავგზააბნეული, თვითკმაყოფილებით, ავხორცობითა და სიმდიდრით მოტყუებული, საკუთარ და სხვათა სხეულებში მყოფი ზესულის არსებობაზე მოშურველი დემონები ჭეშმარიტ რელიგიას გმობენ. ამ მავნებელ, უმდაბლეს არსებებს, კრიშნა მუდმივად დემონურ და საძაგელ ყოფიერებაში ჩაძირულს ამყოფებს.
კრიშნა მეთხუთმეტე თავს ასრულებს შეგონებით, რომ ვინაიდან ავხორცობა, ბრაზი და სიხარბე დემონური ცხოვრების დასაწყისია, ყოველმა საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა მიატოვოს ეს თვისებები და წმინდა წერილების თანახმად, რწმენით შეუდგეს საკუთარი მოვალეობების შესრულებას.
მეთექვსმეტე თავის დასასრულს, კრიშნა აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში, სხვაობა ღვთიურ და დემონურ ბუნებას შორის ისაა, რომ ღვთიური ბუნება წმინდა წერილებს მისდევს, დემონური კი – არა. მეჩვიდმეტე თავის დასაწყისში არჯუნას სურს შეიტყოს, რა მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც არ მისდევს წმინდა წერილთა კანონებს, მაგრამ თაყვანს სცემენ უფალს თავიანთი წარმოდგენის თანახმად. კრიშნა განმარტავს, რომ მატერიალური ბუნების მოდუსები განაგებენ პიროვნების რწმენის, კვებითი ჩვევების, მსხვერპლშეწირვის, ქველმოქმედებისა და ეპიტიმიის განაწესს. ამავე თავის დასასრულს, კრიშნა განმარტავს მარცვლებს: „ომ ტატ სატ“ და ხსნის, როგორ მიუთითებს ეს მარცვლები, რომ მატერიალური მოდუსებით ნაკარნახევი მსხვერპლშეწირვის, ეპიტიმიისა თუ ქველმოქმედების ყოველი აქტი, რომელიც ერთგული მსახურების გარეშე სრულდება, უსარგებლოა როგორც ამ, ისე შემდეგი ცხოვრებისთვის.
ბჰაგავად-გიტას ძირითადი სწავლება სრულადაა გადმოცემული ჩვიდმეტ თავში, მეთვრამეტე თავი კი მიმოიხილავს და აჯამებს გაცხადებულ ცოდნას. ამ თავში, ისე როგორც ბჰაგავად-გიტას სრულ ტექსტში, კრიშნა დასკვნის სახით აცხადებს, რომ ადამიანი ერთგულ მსახურებას უნდა ეწეოდეს და კრიშნას შემმეცნებელი იყოს.
ვინაიდან არჯუნა საბრძოლო მოვალეობის შესრულებაზე უარს ცოდვის ჩადენის შიშის გამო ამბობდა, კრიშნა განუმარტავს უფლისწულს, რეალურად რაზე ეგების უარი და როგორ გადალახოს ცოდვითი საზღაური. ამისთვის არსებობს სამი გზა: 1) შრომის ნაყოფზე მიჯაჭვულობის უარყოფა; 2) ზესულის მითითებათა შესრულება და 3) უფლის თაყვანისცემა, მისთვის საკუთარი შრომის ნაყოფის შეწირვა საკუთარი როლის (ბრაჰმანის, ქშატრიას, ვაიშიას ან შუდრას) შესრულების გზით. შედეგად, ადამიანი აღწევს თვითრეალიზაციის ბრაჰმა-ბჰუტას დონეს, საიდანაც ყოველივე მატერიალურზე მიჯაჭვულობისგან თავისუფალი, წმინდა ერთგული მსახურების შესაძლებლობა ეძლევა.
კრიშნას შეცნობა, მხოლოდ ერთგული მსახურებით და მასზე მინდობით მიიღწევა. ამ გზით, რომელიც თავისუფალია კარმისა და გიანასგან, არჯუნას შეუძლია ცოდვით საზღაურზეც აღარ იდარდოს. კრიშნას მფარველობით, წმინდა ერთგული კრიშნალოკას მიაღწევს. კრიშნას დარიგებაა, რომ არჯუნა უზენაეს უფალს გულით მიენდოს და ასე მოიპოვოს სიმშვიდე უმაღლეს და მარადიულ სავანეში. დასასრულს, კრიშნა თავს უყრის ყველაზე საკრალურ ცოდნას: „გახდი ჩემი ერთგული, მუდამ ჩემზე იფიქრე, ჩემთვის იმოქმედე, თაყვანი მეც და პატივი მომაგე. მხოლოდ მე მომენდე. ნუ შეგეშინდება ცოდვითი საზღაურის.“
შრი კრიშნას შეგონებათა მოსმენის შედეგად არჯუნა განმტკიცდა და ბრძოლისთვის განეწყო. მას შემდეგ, რაც დჰრიტარაშტრას ეს დიალოგი მოუთხრო, სანჯაია ზეშთაგონებამ მოიცვა. აღტკინებით დაფიქრდა კრიშნას ყოვლისმომცველი, სამყაროსეული ფორმის შესახებ და არჯუნას, როგორც აღმატებული მშვილდოსნის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, რადგან იგი ყოველგვარი მისტიკის მეუფეს – კრიშნას მიენდო.