„მე მომენდე“
ბჰაგავად-გიტას მიმოხილვა
ბჰურიჯანა დასა
წინამდებარე წიგნი დაფუძნებულია შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურას, შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანასა და მისი ღვთაებრივი მოწყალება ა.ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადას, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დაამარსებელი – აჩარიას განმარტებებზე.
თარგმანი: კახა გორდაძე
ლექსები და შრილა პრაბჰუპადას კომენტარები ქართულ ენაზე დაფუძნებულია ზაზა უჯმაჯურიძის (ნანდაპრია დას) თარგმანზე წიგნიდან „ბჰაგავად-გიტა როგორც ასეთი“.
მეორე თავი
გიტას მოკლე შინაარსი
* * *
1. სანჯაიამ თქვა: სიბრალულით გამსჭვალული, დათრგუნული და თვალცრემლიანი არჯუნას დანახვაზე მადჰუსუდანამ – კრიშნამ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა.
კრიშნასთვის „მადჰუსუდანას“ წოდებით, სანჯაია დჰრიტარაშტრას მიანიშნებს, რომ კრიშნას მიერ არჯუნას ეჭვები ახლა ისევე განადგურდება, როგორც მან ბოლო მოუღო დემონ მადჰუს. როგორც შრილა პრაბჰუპადა განმარტავს: „ამ ლექსში მნიშვნელოვანია სიტყვა „მადჰუსუდანა“. ერთხელ, უფალმა კრიშნამ დემონი მადჰუ მოკლა. ახლა კი, არჯუნა ამ სახელით მიმართავდა კრიშნას, რათა მას გაუგებრობის დემონი მოეკლა, რომელიც მის გონებას მოვალეობის აღსრულების წინ დაეპატრონა“.
დჰრიტარაშტრას ახარებდა არჯუნას ბრძოლის საწინააღმდეგო განწყობა. მის ვაჟებს გამარჯვების საშუალება ეძლეოდათ. თუმცა, სანჯაიას სიტყვები დჰრიტარაშტრას ბედნიერებას უმალ გაფანტავს.
2. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ ბრძანა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, როგორ დაგეუფლა ასეთი უკეთური აზრები?! ეს სრულიად არ შეშვენის მას, ვინც გააცნობიერა თავისი სიცოცხლის მნიშვნელობა. ეს გზა უმაღლეს პლანეტებამდე კი არა, სირცხვილამდე მიგიყვანს.
კრიშნა მიუგებს არჯუნას, რომ მისი მრავალი წარმოსადეგი არგუმენტი ანარია-ჯუშტამია და არიელისთვის შეუსაბამო. არჯუნას უკეთური საქციელი მას ასვარგიამამდე ვერ მიიყვანს და მხოლოდ შერცხვენას მოუტანს (აკირტი-კარმა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არჯუნა ახლაც შერცხვებოდა და გარდაცვალების ჟამსაც ვერ დაიმკვიდრებდა უმაღლეს პლანეტებს. შესაბამისად, კრიშნა არჯუნას თანაგრძნობას არ იზიარებს.
3. ო, პრთჰას ძეო, ნუ დანებდები ამ დამამცირებელ უძლურებას. ეს შენ არ შეგფერის. სძლიე დამაკნინებელ გულის სისუსტეს და აღსდექ, ო, მტრის შემმუსვრელო.
კრიშნა მყისიერად გმობს არჯუნას გადაწყვეტილებას ამ სიტყვით – კლაიბიამ (უძლურება). ქშატრიული ბუნება ამაყი და მამაცურია. არჯუნას დადანაშაულებით უძლურებასა და სისუსტეში, კრიშნა სილას აწნის მას. ამავდროულად, კრიშნა არჯუნას საკუთარ წარმომავლობას შეახსენებს მისდამი მიმართვით, როგორც: „პართჰა“. არჯუნა უფალ ინდრას შვილია, რომელიც დიადი მეომარი და სამოთხისეული პლანეტების ხელმწიფეა. კრიშნა ცდილობს გაიგოს, თუ როგორ შეუძლია ასეთი წარმომავლობის პიროვნებას მოიქცეს, როგორც ქშატრა-ბანდჰუ – უბრალოდ, ქშატრიათა ოჯახში დაბადებული წევრივით, რომელიც ნამდვილ ქშატრიად ვერ შედგა. შრილა პრაბჰუპადა ამბობს: „თუ ქშატრიას შვილი ბრძოლაზე უარს ამბობს, იგი მხოლოდ სახელითაა ქშატრია“.
არჯუნას მრავალ არგუმენტთაგან კრიშნამ არც ერთი გაიზიარა. ქშუდრამ ნიშნავს უსუსურსა და დაბალი კლასის წარმომადგენელს. კრიშნა ამ დამცირებას განზრახ მიმართავს არჯუნასკენ, რათა მასში ქშატრიას სისხლი აამოძრაოს. შემდეგ ლექსში არჯუნა კრიშნას პასუხობს და ცდილობს, კრიშნას ანალიზი უარყოს.
4. არჯუნამ თქვა: ო, მტრის შემმუსვრელო, ო, მადჰუს მკვლელო, ბრძოლაში ისრებით როგორ მოვიგერიო ისეთი მეომრები, როგორიც არიან ბჰიშმა და დრონა, ჩემი თაყვანისცემის ღირსნი?
არჯუნას სურდა, კრიშნას გაეგო, რომ მისი გადაწყვეტილების მოტივი სიმამაცე იყო და არა მხდალობა. როგორც შრილა პრაბჰუპადა აღნიშნავს, უფროს პიროვნებასთან სიტყვიერი შელაპარაკებაც კი ვედური ეტიკეტის დარღვევაა, არათუ მათთან შებრძოლება და მათი მოკვლა.
შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურას განმარტების თანახმად, კრიშნასთვის მადჰუსუდანასა და არისუდანას წოდებით, არჯუნა ცდილობს ყურადღება გაამახვილოს, რომ კრიშნა მისი მტრების შემმუსვრელია და არა საკუთარი გურუსა და ბაბუის. არჯუნას ურჩევნია, დრონასა და ბჰიშმას ტერფები ყვავილებით შეამკოს და არა ისრებით.
თუმცა, როგორ უნდა გააგრძელოს არჯუნამ ცხოვრება, თუ იგი მეომრის მოვალეობას მიატოვებს და ბრძოლას განერიდება?!
5. უმჯობესია, ამქვეყნად თავი მათხოვრობით გავიტანო, ვიდრე ჩემს მოძღვართა, დიად სულთა სიცოცხლის ფასად ვიარსებო. ამ ბრძოლაში ამქვეყნიური მოგების სურვილიც რომ
ამოძრავებდეთ, მაინც უფროსები არიან. თუ მათ დავხოცავთ, ყველაფერი, რითაც მომავალში მოგვიწევს ტკბობა, მათი სისხლით იქნება შეღებილი.
კიდევ ერთხელ, ქშატრიები არ მათხოვრობენ, ისინი მართავენ. სამეფოს გარეშე, არჯუნას არაფერი დარჩება სამართავად. არჯუნას ეს კარგად ესმის, მაგრამ სათაყვანო უფროსი პიროვნებების მოკვლას მათხოვრობის სირცხვილი ურჩევნია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ამჟამინდელი ცხოვრება რთული იქნება, სამომავლო ცხოვრებაში მაინც არ დააწვება ტვირთად საკუთარი გურუს მკვლელობა.
არჯუნა მტკიცედ იცავს თავის პოზიციას და შემდეგ ლექსში წარმოადგენს ბრძოლაზე უარის თქმის მეხუთე და საბოლოო მიზეზს.
6. არც ის ვიცით, რა გვიჯობს – დავამარცხოთ ისინი, თუ დაგვამარცხონ მათ?! თუ დჰრიტარაშტრას შვილებს დავხოცავთ, სიცოცხლეც აღარ უნდა გვინდოდეს. ახლა ისინიც ბრძოლის ველზე ჩვენს გასანადგურებლად ამხედრებულან.
არჯუნამ არ იცის, რა მოიმოქმედოს. თუ არ იბრძოლებს, მათხოვრობა მოუწევს. თუ იბრძოლებს და გაიმარჯვებს, მოუწევს ნათესავებისა და მეგობრების უმრავლესობის მოკვლა. ბრძოლაში დამარცხება კი, მის სიკვდილს გულისხმობს. ამიტომაც, დაბნეულია მისი მოვალეობის შესახებ. თუმცა, შრილა პრაბჰუპადა განმარტავს, რომ არჯუნას შესაბამისი თვისებები აქვს ცოდნის მისაღებად. ის აკონტროლებს საკუთარ ჭკუასა და შეგრძნებებს. მას დაძლეული აქვს მიჯაჭვულობები და, ამასთანავე, რწმენა და მიმღებლობა გააჩნია. იგი დაბნეულია, მაგრამ ამ დაბნეულობაში სინათლის სხივის შეტანა სურს, ამიტომაც შემდეგ ლექსს წარმოთქვამს.
7. ამჯერად, მოვალეობამ საგონებელში ჩამაგდო – სავალალო უძლურებამ სიმშვიდე სრულად დამაკარგვინა. ასეთ ყოფაში ჩავარდნილი გევედრები: მაუწყე, რა არის უმჯობესი ჩემთვის. ამჟამად, შენი მოსწავლე და შენზე მონდობილი სული ვარ. დამოძღვრას გთხოვ.
არჯუნას გადაწყვეტილება, რომ არ იბრძოლოს, ეფუძნება თანაგრძნობას, ლოგიკასა და შასტრებს. თუმცა, ამ მსჯელობას ის მაინც დაბნეულობამდე მიჰყავს. ამიტომაც, ამ დაბნეულობის გასაფანტად, არჯუნა მის გურუს – შრი კრიშნას მიენდობა. შრილა პრაბჰუპადა გვიხსნის, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით, ყოველთვის დაბნეულობაში აღმოვჩნდებით, მიუხედავად ჩვენი თავდაუზოგავი ძალისხმევისა პრობლემის გადასაჭრელად:
„თავად ამქვეყნიური ბუნებიდან გამომდინარე, მატერიალური საქმიანობა ყველას სიძნელეს უქმნის, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სირთულეს ახვედრებს. ამიტომ, დასახმარებლად ადამიანმა უნდა მიმართოს ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს, რომელიც სწორი გზით გაუძღვება მას სიცოცხლის დანიშნულების აღსრულებისკენ. მთელი ვედური ლიტერატურაც ამას გვირჩევს, რომ თავი დავაღწიოთ ყოფით წინააღმდეგობებს, რომლებიც ჩვენი სურვილის მიუხედავად არსებობენ. ამის მსგავსად, დღეს მსოფლიოშიც ცხოვრებისეული სირთულეები თავისთავად, ჩვენს უკითხავად ჩნდება, როგორც ტყეში ხანძარი, რომელიც არავის სურს, მაგრამ იგი ჩნდება და ჩვენც ათას თავსატეხს გვიტოვებს. ამიტომ, ვედურ სიბრძნეს უნდა დავუჯეროთ – აღნიშნული სირთულეების გადასაჭრელად და მათი ამოხსნის ცოდნის შესასწავლად, მივმართოთ სულიერ მოძღვარს, რომელიც მოწაფეობრივ თანმიმდევრობას მიეკუთვნება. ითვლება, რომ კაცს, რომელსაც ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი ჰყავს, შეუძლია ყველაფერს ჩასწვდეს. ამიტომ, ადამიანი არ უნდა ჩარჩეს მატერიალურ სიძნელეთა მორევში, არამედ, თავის დასახსნელად სულიერ მოძღვარს უნდა მიმართოს. აი, რას გვიქადაგებს ეს ლექსი“.
ვინაიდან არჯუნა კრიშნას მიენდობა მეშვიდე ლექსში, მოლოდინი გვაქვს, რომ კრიშნა მერვე ლექსიდან მის სწავლებას დაიწყებს. მაგრამ ეს ასე არ ხდება. კრიშნას ჯერ არ მიუღია არჯუნა თავის მოსწავლედ.
როდესაც არჯუნა ამბობს: „დაბნეული ვარ და მსურს შენ მოგენდო“, შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანა კრიშნას პასუხს ასე წარმოგვიდგენს: „შენ იცი შასტრები. რატომ არ იყენებ შენეულ ახსნასა და ლოგიკას?“. შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურას განმარტებით კი, კრიშნა ასე პასუხობს: „მე შენი მეგობარი ვარ. არ მაქვს განწყობა, შენი გურუ გავხდე. ასე რომ, როგორ შემიძლია შენი მოწაფედ აყვანა? რადგანაც პატივს სცემ ვიასადევასა და სხვებს, რატომ მათთან არ მიდიხარ?“. შესაბამისად, კრიშნას თავდაპირველი პასუხი არჯუნას გადაწყვეტილების სიმტკიცეს ამოწმებს. არჯუნა, შემდეგ ლექსში, უფრო მეტად გამოხატავს კრიშნასადმი მინდობის სურვილს.
8. არ ვიცი, რით გავიქარვო სევდა? ალბათ მაშინაც ვერ დავძლევ ამ გრძნობების გამომფიტავ ნაღველს, თუ დედამიწაზე ისეთივე აყვავებულ, სწორუპოვარ სამეფოს დავიპყრობ, როგორიც ნახევარღმერთებს აქვთ ზეცაში.
არჯუნა კიდევ ერთხელ სთხოვს კრიშნას, რომ ნათელი მოჰფინოს მის დაბნეულობასა და მწუხარებას. მან იცის, რომ აყვავებული სამეფო და სამოთხისეული ნეტარებაც კი ვერ მოჰგვრის კმაყოფილებას.
9. სანჯაიამ თქვა: ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, არჯუნამ, მტრის შემმუსვრელმა, ასე მიმართა კრიშნას: „გოვინდა, მე არ ვიბრძოლებ!“ და ჩაჩუმდა.
შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანა განმარტავს, რომ არჯუნას მიერ კრიშნას „ჰრშიკეშად“ (გრძნობათა მბრძანებლად) მოხსენიება შემდეგზე მიანიშნებს: „ვინაიდან შენ ხარ ჩემი გრძნობების მბრძანებელი, ჩემს ჭკუას ბრძოლისკენ მიმართავ. ვინაიდან შენ ხარ ვედების მცოდნე, შენ დამეხმარები გავიგო, რომ ეს ბრძოლა ჩემი პირადი დჰარმაა“.
შრილა პრაბჰუპადა სიტყვა „პარანტაპაჰის“ მნიშვნელობას ხსნის: დჰრიტარაშტრას ძალიან უნდა გახარებოდა იმის გაგება, რომ არჯუნა ბრძოლას არ აპირებდა, ტოვებდა ბრძოლის ველს და მზად იყო მათხოვრობით გაეტანა თავი. მაგრამ სანჯაიამ კვლავ იმედი გაუცრუა და არჯუნა მოიხსენია სიტყვით – „პარანტაპაჰ“, რაც „მტრის შემმუსვრელს“ ნიშნავდა. თუმცა, არჯუნა ოჯახზე წარმავალი მიჯაჭვულობის ამაო დარდით იყო შეპყრობილი. იგი კრიშნას, უმაღლეს სულიერ მოძღვარს, მიენდო, როგორც მოწაფე“.
შემდეგ კი, სანჯაია დჰრიტარაშტრას უამბობს, თუ როგორ მიიღო კრიშნამ არჯუნას სიტყვები.
10. „ო, ბჰარატას შთამომავალო“ – ამ დროს ორ ლაშქარს შორის მდგომმა კრიშნამ, ასეთი სიტყვებით ღიმილით მიმართა სევდით განგმირულ არჯუნას.
პრაჰასან მომღიმარს ნიშნავს. შრილა პრაბჰუპადა განმარტავს, რომ კრიშნა იღიმის, რადგან მისი მეგობარი დაემოწაფა. კრიშნას ღიმილი ნელ-ნელა სერიოზული გამომეტყველება გახდა. ამ წამიდან, ის უკვე არჯუნას სულიერი მოძღვრის როლს შეასრულებს და, შესაბამისად, საუბრები მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სერიოზულ ხასიათს ატარებს. კრიშნა იღიმის, ვიდრე მის მეგობრულ დამოკიდებულებას მშობლის დამოკიდებულება ანაცვლებს, რომელიც გურუსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის მსგავსია.
გურუს როლის საკუთარ თავზე აღებისთანავე, კრიშნა სერიოზული ხდება, რადგან მისი სწავლება არა მხოლოდ არჯუნასთვის, არამედ სრულიად კაცობრიობისთვის არის განკუთვნილი. შრილა პრაბჰუპადა ამბობს: „როგორც ჩანს, მოძღვარსა და მოსწავლეს შორის საუბარი ღიად მიმდინარეობდა, ორივე ლაშქრის თანდასწრებით, რათა მისი მოსმენის სიკეთე ყველას მიეღო“. ბჰაგავად-გიტა მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების ან საზოგადოებისთვის არ არის განკუთვნილი, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ ერაში.
11. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ ბრძანა: სწავლულივით განსჯი, მაგრამ დასტირი მას, რაც მწუხარებად არა ღირს. ბრძენნი არ გლოვობენ არც ცოცხალზე და არც მკვდარზე.
არჯუნას მინდობის მიღებისთანავე, კრიშნა უმალ იწყებს მისი მოწაფის გაკიცხვას. ის არჯუნას ეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ ბრძნული გადმოსახედიდან საუბრობს, ისეთ საკითხებზე მოსთქვამს, რომელზეც ბრძენი პიროვნება არ უნდა დარდობდეს. ფაქტობრივად, ის არჯუნას სულელს უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ არჯუნას სიტყვები თანხვედრაშია დჰარმასა და რაჯა-ნიტისთან (სახელმწიფოს მმართველობა), ისინი არ ითვალისწინებენ ცოდნის ჭეშმარიტ, საბაზისო სტანდარტს – სხვაობას სხეულსა და სულს შორის.
ეს ლექსი, მეთორმეტე ლექსის წინაპირობაა, რომელიც უფრო ცხადად წარმოაჩენს სულიერ ჭეშმარიტებას და უკუაგდებს ცხოვრების სხეულებრივ კონცეფციას.
12. არასოდეს ყოფილა ისეთი ჟამი, ოდეს მე, შენ ან აქ მყოფი ყოველი მეფე არ არსებობდით. მომავალშიც არც ერთ ჩვენგანს არყოფნა არ გვიწერია.
კრიშნა არჯუნას ეუბნება: „წარსულში კრიშნა ვიყავი, აწმყოში კრიშნა ვარ და მომავალში კრიშნა ვიქნები. წარსულში შენ არსებობდი, აწმყოში შენ არსებობ და მომავალში შენ იარსებებ. აქ შეკრებილ მეფეთაგან ყოველი, წარსულში პიროვნებები იყვნენ, აწმყოშიც პიროვნებები არიან და მომავალშიც პიროვნებები იქნებიან. შესაბამისად, ყველა ჩვენგანი მარადიული სულიერი პიროვნებები ვართ“.
ამ ლექსში, კრიშნა უარყოფს მაიავადების კონცეფციას სულიერი არსებების უზენასთან უპიროვნო შერწყმის შესახებ, საკუთარი პიროვნულობის, როგორც უმაღლესი ღვთაებრივი პიროვნების, წარმოჩენის გზით. ის ასევე განსაზღვრავს, რომ არჯუნა და შეკრებილი მეფეებიც მარადიული პიროვნებები არიან. ის არ ამბობს, რომ სამომავლოდ, არჯუნა და მეფეები მას შეერწყმიან. კრიშნა არც იმას ამბობს, რომ წარსულში უფორმო იყო, ახლა ფორმა შეიძინა და სამომავლოდ ისევ უფორმობას დაუბრუნდება. ამის ნაცვლად, იგი სათქმელს პირდაპირ და ნათლად ამბობს: „მე კრიშნა ვიყავი, მე კრიშნა ვარ და მე ყოველთვის კრიშნა ვიქნები“. ამის მსგავსად, კრიშნა არჯუნას მარადიული პიროვნულობის არსსაც განამტკიცებს. ისე არ არის, თითქოს, არჯუნა და ბრძოლის ველზე შეკრებილი მეფეები, წარსულში კრიშნას შეერწყნენ, ახლა სხეულებრივი ფორმით გამოეყვნენ ილუზიის გამო და სამომავლოდ, ისევ კრიშნას შეერწყმებიან. როგორც შრილა პრაბჰუპადა აღნიშნავს, მაიავადები შესაძლოა შეგვეკამათონ, რომ „ამ ლექსში გამოყენებული მრავლობითი ფორმა პირობითია და სხეულს ეხება, მაგრამ წინა ლექსში ასეთი სხეულისეული შეხედულება კრიშნამ უკვე დაგმო. ამის შემდეგ, წინა ლექსში უარყოფილ მტკიცებას ისევ სხეულს რატომ მიაწერდა?!“ ამის საწინააღმდეგოდ, კრიშნა ნათელ აქცენტს სვამს სულიერ პიროვნულობაზე.
ეს ფუნდამენტური განსხვავება, ინდივიდუალურ სულსა და მის დროებით სხეულს შორის, უფრო მეტადაა წარმოჩენილი შემდეგ ლექსში.
13. როგორც ხორცშესხმული სული, ამავე სხეულში, გამუდმებით გადადის ბავშვობიდან სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან სიბერეში. სწორედ ასევე სიკვდილის ჟამს სული გადაინაცვლებს სხვა სხეულში. გონიერი ადამიანი არ ტყუვდება ასეთი ცვლილებით.
არჯუნას ყოყმანის საპასუხოდ, რომელიც ბჰიშმასა და დრონას მოკვლას ეხებოდა, კრიშნა მას არწმუნებს, რომ ბჰიშმაც და დრონაც უკვდავი სულები არიან და მათი მოკვლა შეუძლებელია. სიკვდილი, უბრალოდ, სხეულის გამოცვლაა. სხეულში მოვლენილი თითოეული სული ამას გამოსცდის. ბჰიშმამ სიჭაბუკის ასაკი უკვე გაიარა (კაუმარამ), შემდეგ ახალგაზრდობა (იაუვანამ) და ახლა მხცოვანი კაცია (ჯარა). მას ბევრი სხეული გამოუცვლია. სხეულის ამგვარი ცვლილებები ბრძენს თავგზას არ უბნევს, არც მათზე გლოვობს, რადგან მსგავსი გლოვა ილუზიას ეფუძნება.
მაჰარაჯა იაიატის ისტორია ამის ნათელი მაგალითია. როდესაც მაჰარაჯა იაიატი მოხუცდა, მან თავის ხანდაზმულობა საკუთარი ვაჟის ახალგაზრდობაში გაცვალა. ახალგაზრდული სხეულის შეძენის შემდეგ, არავის უგლოვია იმაზე, რომ მეფემ ძველი სხეული გამოიცვალა. პირიქით, ყველა ბედნიერი იყო. აქ კი, კრიშნა არჯუნას ეკითხება: „რატომ უნდა იგლოვო, თუ ბჰიშმა და დრონა ახალ, ახალგაზრდა სხეულს შეიძენენ? ნუ მოტყუვდები. დჰირას ტატრა ნა მუჰიატი: გონიერი ადამიანი არ ტყუვდება ასეთი ცვლილებით“.
შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურასა და შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანას განმარტებით, არჯუნა ეთანხმება კრიშნას, რომ ბჰიშმაცა და დრონაც ახალგაზრდა სხეულებში უკეთ იქნებიან. თუმცა, არჯუნა ხსნის, რომ ბრძოლის სურვილის არქონა მათთან ამჟამინდელი ურთიერთობიდან გამომდინარეობს და მათი დაკარგვა ტანჯვას მოუტანს. შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა განმარტავს:
„საკუთარ თავთან კავშირით, ადამიანს მისივე სხეულის მიმართ გრძნობები უჩნდება. სხეულთან კავშირის გამო კი, მისი შვილები, და-ძმა და ასე შემდეგ, მისთვის ძვირფასი ხდებიან. შესაბამისად, როდესაც ისინი ნადგურდებიან, მას ბუნებრივად უბედურების შეგრძნება ეწვევა.
წინამდებარე ლექსის საწყისი სიტყვა – დეჰინაჰ სწორედ ამ საკითხს ეხმაურება. ჯივა (სული), რომელიც სხეულის მფლობელია, ბავშვობის ფაზას გაივლის. როდესაც სიყმაწვილე „განადგურდება“, ახალგაზრდობის ფაზა დადგება, ხოლო, როდესაც ახალგაზრდობა „განადგურდება“, ის ხანდაზმულობის ფაზაში გადაინაცვლებს. მსგავსად, ის ახალ სხეულს შეიძენს. ამრიგად, ისევე როგორც არ ვგლოვობთ, როდესაც ბავშვობისა და ახალგაზრდობის ფაზები „ნადგურდება“ (მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაზებთანაც გრძნობები გვაკავშირებს), გოდება არ არის საჭირო, როდესაც სხეული „ნადგურდება“ (მიუხედავად იმისა, რომ მისდამიც გრძნობები გვაქვს, რადგან მასთან თავს ვაიგივებთ).
ზოგი ალბათ შეგვედავება, რომ ახალგაზრდობის დაკარგვასა და ხანდაზმულობაში გადასვლას მწუხარება მოაქვს. თუმცა, როდესაც ბავშვობიდან ახალგაზრდობაში გადავდივართ, ეს ფაქტი გვიხარია. ამიტომაც, უნდა გვახარებდეს, რომ ბჰიშმა, დრონა და სხვები ახალ სხეულებს შეიძენენ, როდესაც მათი ხანდაზმული სხეულები განადგურდება. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როგორც ერთი პიროვნება გადის სხვადასხვა ფაზას ბავშვობიდან დაწყებული, ასევე ჯივაც, რომელიც სხეულის მფლობელია, სხვადასხვა სხეულს შეიძენს“.
შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანა განმარტავს:
შესაძლოა თქვან, მიუხედავად იმისა, რომ სულები, რომლებიც ახლა სხეულით განპირობებული არიან ბჰიშმასა და სხვათა სახით, რეალურად მარადიული არიან, მაინც ბუნებრივია მათი სხეულთა განადგურების თანმდევი მწუხარება.
პასუხი შემდეგია: ბჰიშმასა და სხვათა ხანდაზმული სხეულის განადგურებით, ისინი ახალ სხეულს შეიძენენ. ეს კი უნდა გვახარებდეს, ისევე, როგორც იაიატის ისტორიაში, მის მიერ ახალგაზრდობის დაბრუნება ახარებდათ“.
მეთოთხმეტე ლექსში, კრიშნა არჯუნას მერყეობას ეხმაურება.
14. ო, კუნტის ძეო, წარმავალი ბედნიერებისა და უბედურების გამოჩენა და დროთა ვითარებაში მათი გაუჩინარება ზამთრისა და ზაფხულის მონაცვლეობას ჰგავს. ბედნიერებაც და უბედურებაც გრძნობათა აღქმიდან აღმოცენდება, ო, ბჰარატას შთამომავალო, და ადამიანმა უნდა ისწავლოს უშფოთველად მათი მოთმენა.
კრიშნა ასწავლის არჯუნას, რომ გოდების ნაცვლად, მიმღებლობა გამოიჩინოს. არჯუნამ არ უნდა მიატოვოს მისი მოვალეობა იმ დროებითი ტკივილებისა თუ სიამოვნებების გამო, რომელიც მოვალეობის აღსრულების ჟამს წარმოიშობა.
15. ო, კაცთა შორის გამორჩეულო [არჯუნა], ის, ვისაც არ აწუხებს ბედნიერება და ტანჯვა და რომელიც ორივეს მტკიცედ ეგებება, უდავოდ ღირსია განთავისუფლებისა.
ახლა კი, კრიშნა პირველად ახსენებს სულიერ მიზანს – განთავისუფლებას. ჩვენზე მონიჭებული მოვალეობის (კარმა) შესრულების შედეგად, შევიძენთ ცოდნას (გიანა), რომელიც განთავისუფლების წინაპირობაა.
16. ჭეშმარიტების მხილველებმა დაასკვნეს, რომ წარმავალი [მატერიალური სხეული] დღეგრძელი ვერ იქნება და რომ მარადიულს [სულს] ცვლილება არ უწერია. ამ დასკვნამდე ისინი ორივეს ბუნების შესწავლის საფუძველზე მივიდნენ.
კრიშნა ისევ კიცხავს არჯუნას. ჭეშმარიტების მხედველთ, სხეულსა და სულს შორის სხვაობის გარჩევა შეუძლიათ. ის ირიბად მიანიშნებს არჯუნას, რომ მისი სწავლული სიტყვების მიუხედავად, მას ჭეშმარიტი გაგება არ აქვს. ამ ლექსში, კრიშნა ჭეშმარიტებას ორი წინადადებით წარმოაჩენს: ნასატო ვიდიატე ბჰავო და ნაბჰავო ვიდიატე სატაჰ. პირველია ის, რომ მატერიალური სხეული, მატერიალური მდგომარეობები წარმავალია და ისინი ჭეშმარიტად არ არსებობენ, მეორე – მხოლოდ ის, რაც არის სატ (მარადიული), ჭეშმარიტად არსებობს.
17. იცოდე, რომ ის, რაც მთელ სხეულს განმსჭვალავს, ურღვევი, უხრწნადი სულია, რომლის განადგურება არავის შეუძლია.
ეს ლექსი მეთექვსმეტე ლექსში ხსენებულ მეორე პუნქტს ეხმაურება (ნაბჰავო ვიდიატე სატაჰ). აქ კრიშნა სხეულისა და სულის ორმაგობას მოკლედ განმარტავს და ამ საკითხს ბჰაგავად-გიტას მომდევნო ლექსებში აღარ დაუბრუნდება. პირველ პუნქტს კი (ნასატო ვიდიატე ბჰავო), კრიშნა მეთვრამეტე ლექსში განმარტავს.
18. უხრწნელი, ზღვარდაუდებელი და მარადიული ცოცხალი არსების მატერიალურ სხეულს უცილობელი სიკვდილი უწერია; ამიტომ იბრძოლე, ბჰარატას შთამომავალო!
ეს ლექსი არჯუნას არგუმენტს აბათილებს, რომ თუ არ იბრძოლებს, ამით მის ოჯახს ზიანის მიყენებისგან დაიცავს. მატერიალური სხეული აუცილებლად გაიხრწნება, არც ერთ მატერიალურ სხეულს ძალუძს ჭეშმარიტი არსებობა. სხვისი სიკვდილის შიში უმეცრებაა. სული, ნამდვილი პიროვნება სხეულში, ვერ განადგურდება. შრილა პრაბჰუპადა წერს: „ამრიგად, არც ერთ შემთხვევაში – სულის უკვდავებისა თუ სხეულის წარმავალობის გათვალისწინებით, ადამიანს გლოვის მიზეზი არ აქვს, რადგან შეუძლებელია ცოცხალი არსების, როგორც სულის, მოკვლა; ასევე ვერ შევძლებთ, გარკვეული დროით ვიხსნათ ან სამუდამოდ დავიცვათ მატერიალური სხეული სიკვდილისგან“.
19. უმეცარია ისიც, ვინც თვლის, რომ ცოცხალი არსება მკვლელია და ისიც, ვისაც ჰგონია, რომ ცოცხალი არსება კვდება. სული არც არავის კლავს და არც კვდება.
შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა განმარტავს: „სული არც მკვლელობის სუბიექტია და არც ობიექტი. ის, ვინც ფიქრობს, რომ სული მკვლელია (რომ არჯუნა ბჰიშმას და სხვებს ჰკლავს) და ისიც, ვინც ფიქრობს, რომ სული კვდება (რომ არჯუნამ ბჰიშმა და სხვები მოკლა) – ორივე უმეცარია“. რეალურად, არავინ კლავს და არავის ჰკლავენ. შემდეგ ლექსში, კრიშნა ამ საკითხს დამატებით განმარტავს.
20. სული არასოდეს იბადება და არც კვდება. იგი არც დაბადებულა, არც ახლა იბადება და არც მომავალში დაიბადება. არშობილი, მარადიული, მუდმივად მყოფი და თავდაპირველია. იგი არ კვდება სხეულის სიკვდილთან ერთად.
კრიშნა ნათლად განსაზღვრავს სულის უკვდავებას. ნა ჯაიატე მრიიატე: სული არასოდეს იბადება და არც არასოდეს კვდება. სული არის აჯაჰ – არშობილი წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ის ასევე არის შაშვატაჰ – უკვდავი. არჯუნას შიში მისი გურუს მკვლელობის შესახებ, კიდევ ერთხელ მარცხდება. ამ გზით, კრიშნა ცდილობს არჯუნას არგუმენტების გაცამტვერებას ბრძოლისგან თავშეკავების შესახებ.
21. ო, პართჰა, როგორ უნდა მოკლას ვინმე ან ვინმეს მკვლელობის მიზეზი გახდეს ის, ვინც იცის, რომ სული ურღვევი, მარადიული, არშობილი და უცვლელია?!
ამ ლექსში, კრიშნა არჯუნას გიანას, ცოდნას სთავაზობს, რომლითაც ის ომში ჩართვას შეძლებს ცოდვითი საზღაურის გარეშე. შრილა პრაბჰუპადა აღწერს, თუ რატომ უნდა იბრძოლოს არჯუნამ:
„თუმცა, მოსამართლე სიკვდილს უსჯის მკვლელს, არ შეიძლება მოსამართლის დადანაშაულება, ვინაიდან, სხვის მიმართ ძალადობას სამართლის კანონთა კოდექსით ახორციელებს… სწორედ ასე აიხსნება კრიშნას მიერ ბრძოლის დაწყების განკარგულებაც – მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ეს ძალმომრეობა უმაღლესი სამართლის აღსრულებას ემსახურება. არჯუნამ მისი მითითება უნდა შეასრულოს და ჩაებას ძმათამკვლელ ომში იმ რწმენით, რომ კრიშნასთვის ბრძოლაში ჩადენილი ძალადობა ჩვეულებრივი ძალადობა არ არის, ვინაიდან, საერთოდ შეუძლებელია სულის მოკვლა. ამრიგად, სამართლის აღსრულებისთვის ე. წ. ძალმომრეობა დაშვებულია“.
შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანას განმარტების თანახმად, შესაძლოა არჯუნამ იფიქროს, რომ „მართალია სული უკვდავია, ბჰიშმასა და სხვათა სხეულებს მაინც ბრძოლაში განადგურება უწერიათ. ეს კი არასწორი იქნება, რადგან მათ არამართებულად წაართმევს ბედნიერებას, რომელიც მათი სხეულიდან მომდინარეობს“. შემდეგ ლექსში, კრიშნა არჯუნას ამ ლოგიკის ნაკლოვანებას უხსნის.
22. როგორც ადამიანი იხდის ძველ ტანსაცმელს და ახალს იცვამს, სულიც ასევე იმოსება ახალი მატერიალური სხეულით, როდესაც ძველსა და უვარგისს ტოვებს.
სხეულთა გამოცვლა გარდაუვალია. არჯუნას უარი ბრძოლაზე, ვერ დაიცავს ბჰიშმას, დრონას თუ ნებისმიერ სხვა მებრძოლს, სხეულის ცვლილებისგან. შესაბამისად, კრიშნა კიდევ ერთხელ აცამტვერებს არჯუნას არგუმენტს.
23. სული არც რაიმე იარაღით იჭრება, არც ცეცხლში იწვის, არც წყალში სველდება და არც ქარში შრება.
არჯუნა, როგორც დიადი ქშატრია, უამრავ ძლევამოსილ იარაღს ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ მის ხელთ გამოწრთობილი ხმალია, ამ ხმალს სულის გაკვეთა არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მას ცეცხლოვანი იარაღი გააჩნია, ეს ცეცხლი სულს ვერ დაწვავს. ვერც წყლის იარაღით შეძლებს სულის დატბორვას და ვერც ქარის იარაღით მის გამოშრობას.
24. ეს ინდივიდუალური სული დაუნაწევრებელია – იგი არც განზავდება, არც იწვის და არც შრება. იგი მარადიული, ყველგანმყოფი, უცვლელი, უძრავი და მუდამ ერთი და იგივეა.
25. ამბობენ, რომ სული უხილავი, წარმოუდგენელი და უცვლელია. თუკი ეს იცი, სხეულზე არ უნდა იდარდო.
შლოკები ამ პრინციპს იმეორებენ, რომელიც კრიშნამ განსაზღვრა. ზოგადად, სანსკრიტულ ლიტერატურაში გამეორება მართებულია საკითხის ხაზგასმის მიზნით. კრიშნაც იმეორებს მისივე ნათქვამს, რათა სულის მარადიულობის შესახებ ყოველგვარი ეჭვი გაფანტოს.
ახლა კი, კრიშნა კიდევ ერთ არგუმენტს წამოაყენებს არჯუნას დასარწმუნებლად, რომ ბრძოლაში ჩაერთოს. ოცდამეექვსე ლექსი იწყება სიტყვებით ათჰა ჩა – „თუ მაინც“, რაც მიუთითებს, რომ კრიშნა ახალ საკითხზე მსჯელობას იწყებს. შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა, კრიშნას მოსაზრებას ასე ხსნის: „ამ მომენტამდე ჩემი განმარტებები შარსტრების (წმინდა წერილების) ხედვას ეფუძნებოდა. ახლა კი, ამქვეყნიურ ხედვას გაგაცნობ“.
26. თუ მაინც ფიქრობ, რომ სული [ან სიცოცხლის ნიშნები] მუდამ იბადება და კვდება, მაინც არა გაქვს გლოვის მიზეზი, ო, მკლავუდრეკო.
კრიშნამ ჯერ სულის მარადიულობა ახსნა. ახლა კი, ის მსჯელობას სხვა ფილოსოფიების პრინციპებზე დაყრდნობით წარმართავს, კონკრეტულად კი, ათეისტური და ბუდისტური ფილოსოფიის კუთხით. ამ სვლით, კრიშნა საბოლოოდ ამარცხებს არჯუნას, საკითხის ყოველი კუთხით გაანალიზების გზით.
თუ ბრძოლის ველზე შეკრებილი ყოველი მეომარი რეალურად მარადიული სულია, არც ერთ მათგანს სიკვდილი არ უწერია. შესაბამისად, არჯუნამ თავის მოვალეობა უნდა შეასრულოს და იბრძოლოს. თუ არანაირი სული არ არსებობს და სიცოცხლე უბრალოდ ქიმიური რეაქციებით წარმოიშვა, არჯუნამ მაინც უნდა იბრძოლოს და მისი მოვალეობა შეასრულოს. თუ არჯუნა სულის არარსებობის არგუმენტს მიემხრობა, ბრძოლისაც აღარ უნდა შეეშინდეს. როგორ შეიძლება ქიმიური ნივთიერებების განადგურება მკვლელობად ჩაეთვალოს? ამრიგად, მიუხედავად იმისა, სული არსებობს თუ არა, არჯუნამ გლოვის ნაცვლად ბრძოლას უნდა მიხედოს.
27. ვინც იბადება, მისთვის სიკვდილი და სიკვდილის შემდეგ კვლავ დაბადება გარდაუვალია. ამიტომ ნურაფერს იგლოვ შენი წმინდა მოვალეობის აღსრულებისას, რომელსაც ვერსად გაექცევი.
არჯუნა ცდება, თუ ფიქრობს, რომ უბრძოლველად კაურავების სიკვდილს შეაჩერებს. როდესაც მარადიული სული დროებით სხეულს დაუკავშირდება, ხდება დაბადება, ხოლო, როდესაც მარადიული სული სხეულთან კავშირს დაკარგავს – გარდაცვალება. ეს საკითხი კიდევ ერთხელ არის ახსნილი შემდეგ ლექსში.
28. ყოველი შექმნილი არსება ჯერ გამოუვლენელია, შუალედურ მდგომარეობაში ვლინდება და სამყაროს განადგურების შემდეგ კვლავ გამოუვლენელი ხდება. მაშ, ღირს კი მათზე გლოვა?!
კრიშნა აღნიშნავს, რომ არჯუნამ უნდა იბრძოლოს იმის მიუხედავად, უკვდავი სულის მიერ სხეულის ფლობის სჯერა, თუ სხეულის სულის გარეშე არსებობის. ეს ლექსი განმარტავს, რომ სულის არსებობის გვჯერა თუ არა, სხეული წარსულში მაინც გამოუვლენელი იყო. ახლა ის გარკვეული დროით გამოვლენილია, თუმცა, სამომავლოდ, ისევ გამოუვლენელი გახდება. სხეული აუცილებლად განადგურდება. მაშასადამე, გლოვის მიზეზი რაში მდგომარეობს? იმის მიუხედავად, თუ რომელ მოსაზრებას იზიარებს სულის შესახებ, არჯუნამ მაინც უნდა იბრძოლოს.
გიანა, რომელიც სხეულსა და სულს შორის სხვაობას ეხება, ოცდამეათე ლექსამდე გრძელდება. ოცდამეცხრე ლექსი, „საოცრება“ ლექსია.
29. ერთნი შეჰყურებენ სულს, როგორც საოცრებას, მეორენი საუბრობენ მასზე, როგორც საოცრებაზე, სხვანი ისმენენ, რომ იგი საოცრებაა, არიან ისეთებიც, რომლებიც სულის შესახებ მოსმენის შემდეგაც საერთოდ ვერ სწვდებიან მას.
აშჩარია-ვატ „საოცარს“ ნიშნავს, პაშიატი – „ხედავს“, ვადატი – „აღწერს“, შრინოტი – „ისმენს“. ამ ლექსის პირველი წინადადება ამბობს: აშჩარია-ვატ პაშიატი – ერთნი შეჰყურებენ სულს, როგორც საოცრებას. მეორე წინადადება ამბობს: აშჩარია-ვად ვადატი – მეორენი საუბრობენ მასზე, როგორც საოცრებაზე. მესამე წინადადება კი, ამბობს: აშჩარია-ვაჩ… შრინოტი – სხვანი ისმენენ, რომ იგი საოცრებაა.
შრილა პრაბჰუპადას თარგმანის პირველ წინადადებაში – „ერთნი შეჰყურებენ სულს, როგორც საოცრებას“, სიტყვა „აშჩარია-ვატ“ ანუ„საოცარი“, გამოყენებულია, როგორც სულის განსაზღვრება, სადაც „სული“ ქვემდებარეა. შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანა ორ დამატებით განმარტებას გვთავაზობს:
- აშჩარია-ვატ განსაზღრავს „ადამიანებს“, ანუ წინადადების სუბიექტებს: „ადამიანები, რომლებიც საოცარი არიან, სულს შეჰყურებენ“.
- თუ აშჩარია-ვატ ზმნას (ხედავს) განსაზღვრავს, ასეთ წინადადებას მივიღებთ: „ზოგი ადამიანი გაოცებით შეჰყურებს სულს“.
იმის მიხედვით, თუ როგორ ვთარგმნით ამ ლექსს, ის შესაძლოა გავიგოთ, რომ ადმიანები, რომლებიც სულს ხედავენ, საოცარი არიან, სული საოცარია, ან სულის დანახვის ძალა საოცარია.
მეორე წინადადებაც – „მეორენი აღწერენ მას, როგორც საოცარს“, ასევე სამნაირად შეიძლება გავიგოთ, თუ „ხედვას“ ჩავანაცვლებთ „აღწერით“ (ვადატი). იგივე ეხება მესამე წინადადებასაც და მასში გამოყენებულ სიტყვას – შრინოტი (ისმენს).
ოცდამეათე ლექსით გიანას აღმწერ ლექსებს ასრულებს.
30. ო, ბჰარატას შთამომავალო, შეუძლებელია იმის მოკვლა, ვინც მოცემულ სხეულში ცხოვრობს. ამიტომ, ნურც ერთ ცოცხალ არსებაზე ნუ იდარდებ.
კრიშნა, როგორც უბადლო მოსაუბრე, მისი სწავლების ამ ნაწილს სულის მარადიულობის შესახებ, ოცდამეათე ლექსით აჯამებს. ამრიგად, კრიშნამ არჯუნას ილუზიას ცოდნით მოუღო ბოლო. სათანადო ცოდნას, სათანადო ქმედებამდე მივყავართ. სწავლების ეს ნაწილი პირდაპირი დარტყმაა არჯუნას სურვილზე, რომელიც უმეცრებას ეფუძნება, რომ უარყოს საკუთარი მოვალეობა ოჯახის წევრების მიმართ თანაგრძნობის გამო.
შემდეგ რამდენიმე ლექსში (31-38), კრიშნა მცდელობას აგრძელებს არჯუნას დასარწმუნებლად, რათა იბრძოლოს. თუმცა, ის მოტივები, რომელსაც ის ამ ლექსებში ხაზს უსვამს, არა ცოდნას, არამედ ნაყოფიერ ქმედებებსა და რელიგიურ ვალდებულებებს უკავშირდება. ამ გზით, კრიშნას სამიზნე არჯუნას მიერ წამოჭრილი სხვა მიზეზები ხდება, რომ, თითქოს, ის ვერ შეძლებს ცხოვრებით ტკბობას თუ ბრძოლაში ჩაერთვება.
შესაბამისად, მომდევნო სამ ლექსში კრიშნა არჯუნას არწმუნებს, რომ სწორედ მოვალეობის აღსრულების მიზნით, ბრძოლაში ჩართვა, და არა ბრძოლის ველიდან გაქცევა, მიიყვანს მას ცხოვრებით ტკბობამდე.
31. შენი, როგორც ქშატრიას, მოვალეობაზე ფიქრისას გახსოვდეს, რომ შენთვის არ არსებობს უკეთესი საქმიანობა, ვიდრე ბრძოლა რელიგიური მცნებებისთვის. მაშ, საიდან უნდა გქონდეს ყოყმანის მიზეზი?!
წინა ლექსებში, კრიშნას არგუმენტები ეფუძნებოდა გიანას (ცოდნას), რათა არჯუნა საბრძოლველად წაექეზებინა. ამ ნაწილში კი, კრიშნა უფრო ნაკლებად ამაღლებულ პრინციპებს დაეყრდნობა, რომელიც მატერიალური ჯილდოს მომტანია.
ქშატრიასთვის ბრძოლა იგივეა, რაც ბრაჰმანისთვის ცეცხლით მსხვერპლშეწირვის ცერემონია. საკუთარი მოვალეობის შესრულებისას არც ერთი მათგანი, ქშატრია იქნება ეს თუ ბრაჰმანი, ცოდვას არ სჩადის. შესაბამისად, კრიშნა არჯუნას არწმუნებს, რომ კურუკშეტრას ბრძოლაში მონაწილეობით, მას ცოდვითი საზღაურისგან ტანჯვა არ მოუწევს.
32. ო, პართჰა, ბედნიერი არიან ის ქშატრიები, რომელთაც თავისთავად ეძლევათ ბრძოლის ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ზეციური პლანეტების ჭიშკარს უღებს მათ.
ზეციურ პლანეტებზე მოხვედრა მათი მიზანია, ვინც კარმა-კანდას პროცესს მიჰყვება. კრიშნა არჯუნას ეუბნება, რომ მას, ვინც ნათესავების კეთილდღეობაზე ღელავს, შეუძლია, ეს ნათესავები ზეციურ პლანეტებზე გაამგზავროს, ბრძოლაში მათი დამარცხებით. ბრძოლაში მონაწილეობით არჯუნაც ყველაფერს მიიღებს. უბრძოლველობით კი, ყველაფერს დაკარგავს.
33. მაგრამ თუ სამართლიან ბრძოლაზე უარს იტყვი, ვალს არ მოიხდი, აუცილებლად ცოდვას მოიწევ რელიგიურ მოვალეობათა უგულებელყოფის გამო და მეომრის სახელსაც წაიხდენ.
ეს ლექცი პირდაპირ აცამტვერებს არჯუნას არგუმენტს, რომ ბრძოლით ცოდვას ჩაიდენს, რადგან ამ მოსაზრების საწინააღმდეგო წარმოადგენს სიმართლეს.
33-37-ე ლექსებში, კრიშნა იმ დამატებით დანაკარგებს აღწერს, რომელიც ბრძოლის ვალდებულების უარყოფის შედეგად დადგება. არჯუნა ფიქრობს, რომ ბრძოლის ველიდან წასვლა უფრო ღირსეული საქციელი იქნება, მაგრამ კრიშნა საწინააღმდეგოს უმტკიცებს.
34. ხალხი მუდამ შენს შერცხვენაზე ილაპარაკებს, პატივცემულ ადამიანს კი, უსახელობას სიკვდილი ურჩევნია.
შესაძლოა, კითხვა გაგვიჩნდეს, რომ ისეთი ერთგული, როგორიც არჯუნაა, რატომ უნდა ღელავდეს ღირსებისა და უღირსობის საკითხებზე. უნდა გავიაზროთ, რომ ბჰაგავად-გიტას ამ ნაწილში, კრიშნა არჯუნას ერთგული მსახურების ტრანსცენდენტულ პლატფორმაზე კი არ ესაუბრება, არამედ მისი სამიზნე არჯუნას მამაცი ქშატრიული სულია. ისეთი მეომრისთვის, როგორიც არჯუნაა, პატივაყრილი ცხოვრების ტკივილი სიკვდილზე უფრო მძიმე იქნება.
შრილა პრაბჰუპადა კრიშნას გაფრთხილებას ასე განმარტავს:
„ესაუბრება რა არჯუნას, როგორც მეგობარი და ფილოსოფოსი, უფალ კრიშნას საბოლოო განაჩენი გამოაქვს არჯუნას გადაწყვეტილებაზე – თავი აარიდოს ბრძოლას. უფალი ასე მიმართავს მას: „არჯუნა, თუკი ბრძოლის დაწყებამდე საომარ ველს მიატოვებ, ხალხი მხდალად მოგნათლავს. თუ შენთვის სულერთია, ხალხი ცუდად მოგიხსენიებს თუ კარგად და ფიქრობ, რომ ბრძოლის ველიდან გაქცევით საკუთარ სიცოცხლეს იხსნი, მაშინ სჯობს, ბრძოლაში მოკვდე. შენნაირი პატივცემული ადამიანისთვის სახელის გატეხა სიკვდილზე უარესია. ამიტომაც, სიკვდილის შიშით კი არ უნდა გაიქცე, ბრძოლაში სიკვდილი უნდა ამჯობინო. ეს გიხსნის იმ სირცხვილისგან, რასაც ჩემთან მეგობრობის ბოროტად გამოყენება მოგიტანს და საზოგადოებაში სახელსაც წაგიხდენს“.
35. დიადი მხედართმთავრები, რომლებიც ფრიად აფასებენ შენს სახელსა და დიდებას, იფიქრებენ, რომ მხოლოდ შიშმა დაგატოვებინა ბრძოლის ველი და არარაობად ჩაგთვლიან.
შრილა პრაბჰუპადა განაგრძობს განმარტებას: „უფალი კრიშნა აგრძელებს არჯუნას მხილებას: „ნუ გგონია, რომ ისეთი დიადი მხედართმთავრები, როგორებიც არიან: დურიოდჰანა, კარნა და სხვები, დაიჯერებენ, რომ ბრძოლის ველი ძმებისა და ბაბუისადმი სიბრალულის გამო მიატოვე. ისინი ჩათვლიან, რომ შენ საკუთარი სიცოცხლის საფრთხეს გაექეცი, ამდენად, სრულიად დაკარგავენ შენდამი პატივისცემას“.
ისეთი სახელგანთქმული ქშატრიასთვის, როგორიც არჯუნაა, მისი რეპუტაციის დაკარგვა და სხვათა შეფასებები, მტრის ისრებზე უფრო მტკივნეული იქნება.
36. მტრებიც დაგმობენ და აბუჩად აიგდებენ შენს უძლურებას. რა მოგაყენებს ამაზე მეტ ტანჯვას?!
არჯუნას თანაგრძნობა ლაჩრულ სისუსტედ წარმოჩინდება. მისი ეგრეთ წოდებული თანაგრძნობის შედეგი, რომელიც ილუზიაზეა დაფუძნებული, უბრალოდ შერცხვენა იქნება. შესაბამისად, კრიშნას არჯუნას „თანაგრძნობაზე“ მიაქვს იერიში.
შრილა პრაბჰუპადა წერს: „თავდაპირველად, უფალი კრიშნა გააკვირვა არჯუნას უადგილო თანაგრძნობამ და ეს არიელისთვის შეუფერებელ საქციელად ჩათვალა. შემდეგ, დამაჯერებლად დაუსაბუთა, რომ მართალი იყო, როდესაც არჯუნას ეგრეთ წოდებული თანაგრძნობა არ მოუწონა“.
შემდეგ ლექსში, კრიშნას საბოლოო განაჩენი გამოაქვს.
37. ო, კუნტის შვილო, შენ ან ბრძოლის ველზე მოკვდები და ზეციურ პლანეტებს მიაღწევ, ან გაიმარჯვებ და მიწიერი სამეფოს მმართველი გახდები. ამიტომ, მოუხმე სიმტკიცეს, აღსდექი და იბრძოლე!
არჯუნამ დაასკვნა, რომ ბრძოლა მას ტკბობას კი არა, უბედურებას მოუტანდა. კრიშნა კი, ამ არგუმენტს აბათილებს. არჯუნა ფიქრობდა: „ბრძოლაში გამარჯვება იმ ადამიანების სიკვდილს ნიშნავს, ვისთან ერთადაც სამეფოთი უნდა დავმტკბარიყავი. ბრძოლაში წაგება კი, ჩემი სიკვდილის მაუწყებელია“. კრიშნას სიტყვები კი, ბედნიერების სხვა ფორმულას სთავაზობს მას: „თუ ბრძოლის ველზე მოკვდები, ზეციურ პლანეტებს მიაღწევ. თუ გაიმარჯვებ, მიწიერი სამეფოს მმართველი გახდები“. ვინაიდან არც ერთი სცენარი არ არის წამგებიანი, კრიშნა დასძენს: „აღსდექი და შემართებით იბრძოლე!“
კრიშნას მიერ არჯუნას შთაგონებისთვის წამოყენებული არგუმენტები მატერიალური ტკბობის შესახებ, კონკრეტული მითითებების ნაკრებია (სხეულთან თავის გაიგივებიდან გამომდინარე), რომელიც მოვალეობის შესრულებისას, არჯუნას მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. შემდეგ ლექსში, კრიშნა ამ ნაწილს ასრულებს საუბრით, შესრულებული ქმედების გამოცალკევების შესახებ ქმედების შედეგებისგან. ოცდამეცხრამეტე ლექსიდან კი, მისი მსჯელობა გამორჩენით მოტივირებულ საქმიანობას სცდება და უფრო მაღალი დონის – ცოდნისმიერ საქმიანობაზე გადადის.
38. იბრძოლე ბრძოლის სახელით! ნუ იფიქრებ ბედნიერებასა და უბედურებაზე, ზარალსა და მოგებაზე, გამარჯვებასა და მარცხზე. ამ გზით არასოდეს დაიდებ ცოდვას.
არჯუნა ფიქრობს, რომ ბრძოლაში მონაწილეობა ხანგრძლივ ტანჯვას მოუტანს ცოდვითი საზღაურის გამო, მაგრამ კრიშნა უხსნის, რომ შესაბამისი ცნობიერებით, მოვალეობის აღსრულებისას, ცოდვის ჩადენა არ ხდება.
წინა ლექსებში (11-30), არჯუნას არგუმენტების გასაბათილებლად, კრიშნამ გიანა წარუდგინა: სხვაობა სხეულსა და სულს შორის – ვინაიდან არჯუნა და სხვა მეომრები მარადიული სულები არიან, არც ერთი მათგანი არ მოკვდება. მხოლოდ სხეულის მოკვდინებაა შესაძლებელი, რომლის კვდომა ისედაც გარდაუვალია. ამ არგუმენტების წარდგენის შემდეგ, კრიშნამ კარმის პრინციპებზე დაყრდნობით გაამხნევა არჯუნა, რათა ებრძოლა, შესძლებოდა სიამოვნების მიღება და ტანჯვის თავიდან არიდება. ახლა კი, კრიშნა არჯუნას მოუწოდებს, გააერთიანოს გიანა (ცოდნა) და კარმა (ქმედება), მატერიალური მიჯაჭვულობების გარეშე საბრძოლველად. განჯაჭვული ცნობიერებით საქმიანობას ეწოდება ნიშკამა-კარმა-იოგა ან ბუდდჰი-იოგა, ანუ საქმიანობა მიჯაჭვულობის გარეშე, რომელიც ცოდნას ეფუძნება. შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანა ბუდდჰი-იოგას განმარტავს, როგორც ნიშკამა-კარმა-იოგა, რომელიც თავის თავში გიანას მოიცავს“.
ნიშკამა-კარმა-იოგას შესრულება ორ დონეზეა შესაძლებელი, ტრანსცედენტულ ცოდნაში მიღწეული სიღრმის შესაბამისად. ის, ვინც უბრალოდ გიანას (ცოდნას) ფლობს, სხეულთან საკუთარი თავის არ გაიგივების შესახებ, ასრულებს ნიშკამა-კარმას, ანუ განჯაჭვულ საქმიანობას. ასეთი პიროვნება არ იღებს უკუქმედებას მის ქმედებებზე, რადგან მიღებული ცოდნიდან გამომდინარე, მას საქმიანობის შედეგებზე მიჯაჭვულობა არ გააჩნია.
თუმცა, ის, ვინც რეალურად იაზრებს, რომ უმაღლეს ცოდნას კრიშნა ფლობს, არამარტო სხეულის მიღმა არსებული საკუთარი სულიერი იდენტობის შესახებ იცის, არამედ, იმასაც შეიცნობს, რომ კრიშნას მარადიული მსახურია. ასეთი პიროვნებაც ასრულებს ნიშკამა-კარმას, მაგრამ უკუქმედებას არ იღებს იმის გამო, რომ მისი საქმიანობის ნაყოფს კრიშნას სთავაზობს.
ორივე ნიშკამა-კარმა იოგი თავისუფალია უკუქმედებისგან, რადგან ცოდნისმიერად განჯაჭვული არიან. თუმცა, ის ნიშკამა-კარმა იოგი, რომელიც კრიშნას სიყვარულით მსახურებას ესწრაფვის, ბევრად აღმატებულია. შესაძლოა, ის ჯერ არ იყოს ტრანსცედენტული მსახურების საფეხურზე, მაგრამ მისი ქმედებები, ერთ დღესაც, მას კრიშნას ლოტოსის ტერფებამდე მიიყვანს. ხოლო იმ ნიშკამა-კარმა იოგმა, რომელიც მხოლოდ საკუთარ სხეულთან თავს არ აიგივებს და ბრაჰმავადა გათავისუფლება სურს, შესაძლოა, ეტაპობრივად მუქტის (გათავისუფლებას, გასხივოსნებას) მიაღწიოს. თუ მისი ტრანსცედენტული ცოდნა გაიზრდება ვაიშნავებთან ურთიერთობის გზით, შესაძლოა, მისი სურვილი კრიშნას მსახურების მისწრაფებამდეც ამაღლდეს.
შრილა პრაბჰუპადა ამ ლექსს ბჰაქტის დონეზე განმარტავს: „ახლა უფალი კრიშნა პირდაპირ უცხადებს არჯუნას, იბრძოლოს ბრძოლისთვის, ვინაიდან, ეს თავად კრიშნას სურვილია. კრიშნას ცნობიერებაში მოქმედებისას ადამიანი არ ფიქრობს ბედნიერებასა და უბედურებაზე, დანაკარგსა და სახელზე, გამარჯვებასა და მარცხზე. თუ ადამიანს ესმის, რომ ყველაფერი კრიშნას საამებლად უნდა შესრულდეს – ეს უკვე ტრანსცენდენტურ ცნობიერებად იწოდება. ასეთ შემთხვევაში, მისი საქმიანობა არ იქნება მატერიალური და კარმული შედეგებიც გამორიცხულია“.
ამ ლექსში, კრიშნა პირდაპირ მითითებას აძლევს არჯუნას, რომ იბრძოლოს. თუმცა, მისი მითითება თხოვნის ფორმას ატარებს, რომ არჯუნამ მოვალეობა მოიხადოს და „იბრძოლოს ბრძოლისთვის“. რეალურად, კრიშნას ეს მითითება არჯუნას ბრძოლის შემართებას აქეზებს. სწორედ ეს არის ბჰაქტი. კრიშნას სურს, რომ არჯუნამ იბრძოლოს მისი მითითების შესაბამისად, როგორც მისდამი მინდობილმა მსახურმა, ბჰაქტით განმსჭვალულმა და მოქმედების შედეგებისგან განჯაჭვულმა. ამ გზით, არჯუნა ცოდვის ჩადენას აირიდებს.
39. აქამდე ეს ცოდნა ანალიტიკური გზით გადმოგეცი. ახლა მას უანგარო შრომის თვალთახედვით აგიხსნი. ო, პართჰას შვილო, თუ ამგვარი ცოდნით იმოქმედებ, საკუთარი შრომის შედეგების მარწუხებიდან გათავისუფლდები.
11-30-ე ლექსებში, კრიშნამ აღწერა გიანა (ცოდნა) სულიერსა და მატერიალურს შორის, სულსა და სხეულს შორის სხვაობის შესახებ. გიანა-იოგას მოქმედებები, არსობრივად, სანქჰია-იოგას მოქმედებების მსგავსია და ის მოიცავს მატერიალურისა და სულიერის ანალიტიკური გზით შეცნობას. ორივე მათგანის პრაქტიკულად განხორციელებისას, იოგმა უარი უნდა თქვას ყველა მოქმედებაზე და მედიტაციას მიჰყოს ხელი. თუმცა, კრიშნას მითითებები არჯუნასადმი ამის საპირისპიროა. ის არჯუნას ურჩევს, რომ უარი თქვას მოქმედებების შედეგებზე და არა თავად მოქმედებაზე.
ოცდამეცხრამეტე ლექსი მიანიშნებს, რომ ანალიტიკური გზით შესწავლა (სანქჰია) მოქმედებაზე უარის თქმას ნიშნავს, რომელსაც, წარმატების შესრულების შემთხვევაში, პიროვნება გიანას დონეზე აჰყავს. თუმცა, კრიშნა არ ურჩევს არჯუნას, რომ უარი თქვას მის მოქმედებებზე. ის მოქმედების, და არა მოქმედებისგან თავშეკავების, სარგებლიანობას ხსნის. ის ამბობს, რომ მოქმედება უნდა ცოდნით შესრულდეს, იმ გიანას გააზრებით, რომ ჩვენ ეს სხეული არ ვართ. კრიშნა მოუწოდებს არჯუნას, რომ ყურადღებით შეიმეცნოს, თუ როგორ შეიძლება ცოდვითი საზღაურისგან გათავისუფლება.
შრილა პრაბჰუპადა განმარტავს:
„კრიშნაზე მინდობით, არჯუნამ უკვე აღიარა იგი თავის სულიერ მოძღვრად: „შიშიას ტე ’ჰამ შადჰი მამ ტვამ პრაპანნამ“. ამიტომ, კრიშნა მას მოუთხრობს იმ მოქმედებების შესახებ, რაც სრულდება ბუდდჰი-იოგაში, ანუ კარმა-იოგას ჩარჩოებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ ერთგული მსახურების შესახებ უხსნის, რომლის ერთადერთი მიზანია, უფალს კმაყოფილება მოჰგვაროს. ბჰაგავად-გიტას მეათე თავის მეათე ლექსში ნათლად არის განმარტებული, რომ ბუდდჰი-იოგა ყველას გულში პარამატმას სახით მყოფ უფალთან უშუალო ურთიერთობას წარმოადგენს. მაგრამ ერთგული მსახურების გარეშე, ამგვარი კავშირი შეუძლებელია. ამიტომ ის, ვისაც უფალთან ერთგული, ანუ ტრანსცენდენტული სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს, ანუ კრიშნას ცნობიერებაში მყოფი პიროვნებაა, უფლის განსაკუთრებული წყალობით, ბუდდჰი-იოგას საფეხურს აღწევს. აი, რატომ ამბობს უფალი, რომ მხოლოდ მათ აჯილდოებს სიყვარულისა და ერთგულების ჭეშმარიტი ცოდნით, ვინც ნიადაგ ტრანსცენდენტული სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურებიან უფალს. ამ გზით, ერთგული ადვილად იღებს უფლებას, იყოს უფალთან მის მარადიული ნეტარებით სავსე სამეფოში“.
ბუდდჰი-იოგას ან კარმა-იოგას პრაქტიკა შესაძლებელია სხვადასხვა დონეზე. როგორც შრილა პრაბჰუპადა აღნიშნავს, უმაღლესი საფეხურია, როდესაც კრიშნა წყალობას ანიჭებს ერთგულს სრული ბუდდჰის სახით და, შესაბამისად, იგი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სრულიად შთაინთქმება კრიშნას ცნობიერებაში. ამას ეწოდება ღმერთის სიყვარული.
40. ვინც ამგვარ გზას დაადგა, არაფერს კარგავს და არც ერთი მისი მცდელობა ამაოდ არ ჩაივლის. ამ გზაზე მცირეოდენ წინსვლასაც შეუძლია ადამიანი ყველაზე დიდი ხიფათისგან დაიფაროს.
კრიშნას ცნობიერებაში ყოფნა (ბუდდჰი-იოგა) გვიცავს დაბალ სახეობებში ხელახალი დაბადებისგან და სამსარას წრეში გამომწყვდეული ყოფისგან. ამ გზის არჩევით, არაფერი იკარგება და ყოველგვარი წინსვლა მარადიულია, განსხვავებით მატერიალური წინსვლისგან, რომელიც ყოველთვის დროებითია.
კრიშნა განაგრძობს არჯუნას წახალისებას, რომ მეტი შეიმეცნოს ბუდდჰი-იოგას შესახებ. ორმოცდამეერთე ლექსს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ISKCON-ის ერთგულებისთვის.
41. ამ გზით მიმავალნი მიზანსწრაფული არიან და მათი მიზანი ერთია. ო, კურუთა ღირსეულო შთამომავალო, ხოლო მრავლად განტოტვილია არამტკიცეთა გონება.
ვიავასაია-ატმიკა ბუდდჰიჰ – გონების ერთი მიმართულებით მიმართვა, წარმატებისთვის საჭირო მოთხოვნაა. ერთხელ, შრილა პრაბჰუპადამ თავის მოსწავლეებს უთხრა, რომ 1950-იან წლებში, ვიდრე იგი კრიშნას ცნობიერებას მსოფლიოში გაავრცელებდა, ამ ლექსზე შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურას განმარტება წაიკითხა. ამ განმარტებამ მეტი შემართება შესძინა, რომ შრილა ბჰაქტისიდჰანტა სარასვატი თჰაკურას მითითება შეესრულებინა და კრიშნას ცნობიერება ინგლისურ ენაზე ექადაგა.
შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა წერს:
„ყველა ტიპის ინტელექტზე საუკეთესო ის ინტელექტია, რომელიც ბჰაქტი-იოგაზეა მომართული. ბჰაქტი-იოგაში პიროვნების ინტელექტი ერთი მიმართულებით არის შეუპოვრად მიმართული. ამ პროცესში პიროვნება ფიქრობს: „ჩემი სულიერი მოძღვრის მითითება, რომ ვადიდო უზენაესი ღვთაებრივი პიროვნება გალობით, მასზე მუდმივი ფიქრით, მის ტერფებთან მსახურებით და ასე შემდეგ, ჩემი ერთადერთი სადჰანაა, ჩემი ერთადერთი სადჰია, ჩემი ერთადერთი საარსებო საშუალებაა. მე არ ძალმიძს ამ მითითებების უარყოფა არც შესწავლის და არც სრულყოფის ეტაპზე. მხოლოდ ისინი წარმოადგენს ჩემს სურვილთა ერთადერთ ობიექტს და ჩემს ერთადერთ პასუხისმგებლობას. არ შემიძლია, ვისურვო მის გარდა სხვა რამ, ჩემს ოცნებებშიც კი. ჩემთვის სულ ერთია ბედნიერად ვგრძნობ თავს თუ უბედურად, ან ჩემი მატერიალური ყოფა დაძლეულია თუ არა“.
შრილა პრაბჰუპადა, შრიმად-ბჰაგავატამის კომენტარებში, დამატებით განმარტავს ამ ლექსს (2.4.3-4): „ამ საკითხს სრულიად აჯამებს ბჰაგავად-გიტა (2.41), როგორც ვიავასაია-ატმიკა ბუდდჰიჰ, ანუ სრულყოფილი გზა სრულყოფისკენ. შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანა ამას განსაზღვრავს, როგორც ბჰაგავად-არჩანა-რუპაიკა-ნიშკამა-კარმაბჰირ ვისუდდჰა-ჩიტტაჰ: მიღება უფლის ტრანსცედენტული სიყვარულით მსახურებისა, როგორც უპირველესი მოვალეობა, რომელიც მოქმედების შედეგებისგან თავისუფალია“.
42-43. მწირი ცოდნის მქონე ადამიანებს იზიდავს ვედების ხატოვანი ენა, რაც მათ მოუწოდებს, შეასრულონ სხვადასხვა სახის კარმული რიტუალები, რათა ამაღლდნენ ზეციურ პლანეტებზე, დაიბადონ მდიდარ და ცნობილ ოჯახებში, მოიპოვონ ძალაუფლება და სხვა სიკეთენი. გრძნობათა დაკმაყოფილებისა და ფუფუნებით ცხოვრების მოსურნენი აცხადებენ, რომ არაფერია ამაზე ამაღლებული.
ამ ლექსში, პირველად, კრიშნა არჯუნასთან ვედებს ახსენებს. ის არჯუნას მოუწოდებს, გათავისუფლდეს კარმა-კანდა აზროვნებისგან, ანუ იმ იდეისგან, რომ ვედების გამოყენება უნდა მოხდეს მრავალი მსხვერპლშეწირვისთვის, სხვადასხვა ნახევარღმერთათვის სიამოვნების მინიჭების მიზნით, რათა მოვიპოვოთ მათი კურთხევა ისეთ წარმავალ საკითხებში, როგორიცაა: ვაჟები, ჯანმრთელობა, ძალაუფლება, სიმდიდრე, დღეგრძელობა, უხვი მოსავალი ან სამოთხისეული სიამოვნებანი. აღსანიშნავია, რომ წინა ნაწილში კრიშნამ არჯუნა საბრძოლველად წააქეზა იმ აზროვნებაზე დაყრდნობით, რომელსაც ახლა ის გმობს. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე კრიშნა არჯუნას ბრძოლისკენ მოუწოდებდა ზეციურ პლანეტებზე ადგილის მოსაპოვებლად, ახლა ის სულიერების უფრო მაღალ დონეზე საუბრობს, კერძოდ კი, ბუდდჰი-იოგაზე.
44. მათ, ვისი ჭკუაც მეტისმეტად არის მიჯაჭვული გრძნობათა დაკმაყოფილებასა და მიწიერ სიმდიდრეზე, ვინც ამის გამო ყოველთვის დაბნეული არიან, არ ჰყოფნით სიმტკიცე, გადაწყვიტონ უზენაესი უფლისადმი ერთგული მსახურება.
ვედების ხატოვანი სიტყვებით დატყვევება, მათი რეალური მიზნის ცოდნის გარეშე, მხოლოდ დაბნეულობის მომტანია. უმეცრებისა და მატერიალური მიჯაჭვულობების გამო, კარმა-კანდებს არ ძალუძთ მათი ჭკუის უზენაესზე კონცენტრაცია. ამის ნაცვლად, ისინი ვედებს გამამართლებელ საბაბად იყენებენ, რომ ვედების მიზანს თავი აარიდონ: მიენდონ უზენაეს ღვთაებრივ პიროვნებას. შემდეგ ლექსებში, კრიშნა ხსნის, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ აზროვნებისგან თავის დაღწევა.
45. ვედები, უმთავრესად, მატერიალური ბუნების სამი მოდუსის ფარგლებში საქმიანობას ეხება. ო, არჯუნა, აღიმართე ამ სამ მოდუსზე მაღლა. გათავისუფლდი ყოველგვარი ორმაგობის გამოვლინებისგან, ამ სამყაროში რაიმეს მოხვეჭასა თუ შენარჩუნებაზე შფოთვისგან და მყარად დადექი შენს ჭეშმარიტ „მე“-ში.
კრიშნა მიუთითებს არჯუნას, რომ მატერიალურ მოვალეობებზე მაღლა დადგეს. იმის ნაცვლად, რომ იბრძოლოს ზეციური სიამოვნებების მისაღებად ან სახელის გატეხვის თავიდან ასარიდებლად, ის თვითრეალიზაციაში უნდა გამყარდეს. არჯუნამ მოიშველია არგუმენტი იმის შესახებ, რომ ოჯახური ტრადიციების განადგურება კარმა-კანდას რიტუალების შესრულების აღკვეთასაც გამოიწვევს. კრიშნა სწორედ ამ არგუმენტს პასუხობს და არჯუნას მოუწოდებს, რიტუალებზე მაღლა დადგეს, რადგან ისინი მატერიალური ბუნების მოდუსებით არის მოცული.
შრილა პრაბჰუპადა კომენტარს აკეთებს კრიშნას მიერ მატერიალური ბუნების სამი მოდუსის პირველად მოხსენიებაზე და ამ საკითხს შემდეგნაირად აჯამებს: „ვიდრე ცოცხალი არსება მატერიალურ სხეულშია, მას მატერიალურ მოდუსების გავლენის ქვეშ უწევს საქმიანობაც და მისი ნაყოფის მიღებაც. ადამიანმა უნდა ისწავლოს ისეთი ორმაგობების ატანა, როგორიცაა: ბედნიერება და უბედურება, სიცივე და სიცხე… და ამ გზით გათავისუფლდეს მოპოვებასა და დაკარგვასთან დაკავშირებული შფოთვისგან. ამგვარ ტრანსცენდენტურ მდგომარეობას აღწევს ის, ვინც კრიშნას სრული ცნობიერება მოიპოვა და მთლიანად უფლის კეთილი ნების მოიმედეა“.
კრიშნა მის არგუმენტს ორმოცდამეექვსე ლექსში აჯამებს.
46. დიდ წყალსაცავს შეუძლია შეასრულოს ყველა მოთხოვნილება, რასაც კი პატარა ჭა ემსახურება. სწორედ ასევე, ვისაც ვედების უმაღლესი დანიშნულება ესმის, იგი ვედებში აღწერილი ყოველი სიკეთის მფლობელი ხდება.
შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა განმარტავს, რომ ინდოეთში თითოეული ჭა კონკრეტული დანიშნულებით გამოიყენება: სასმელი წყლისთვის, ტანისამოსის რეცხვისთვის, ჭურჭლის გასარეცხად ან საბანაოდ. თუმცა, ყველა ამ მოქმედების ერთდროული შესრულება შესაძლებელია მდინარის ან ტბის სანაპიროზე. როდესაც სუფთა წყლის წყარო ხელმისაწვდომია, აღარ გვჭირდება ერთი ჭიდან მეორესთან მისვლა ჩვენი მიზნების შესასრულებლად. მსგავსად, მას, ვინც არის ვიჯანათაჰ და ვედური მიზნის სრული ცოდნა გააჩნია, მხოლოდ ბუდდჰი-იოგას შესრულება ესაჭიროება უფლის საამებლად. ბუდდჰი-იოგას შესრულებით, ვედების მიზანიც სრულდება. შესაბამისად, კარმა-კანდას რიტუალების აღვლენა საჭირო აღარ არის. ისიც კი განიწმინდება, ვისაც მატერიალური სურვილები გააჩნია, მაგრამ ბუდდჰი-იოგას ასრულებს, რადგან იგი ტრანსცედენტულ ცოდნაშია გამყარებული.
ვინაიდან კრიშნამ არჯუნას აუხსნა მოქმედების რამდენიმე ალტერნატიული დონე, შემდეგ ლექსებში იგი იმ კონკრეტულ დონეებს შეეხება, რომლის შესრულების კვალიფიკაციაც არჯუნას გააჩნია.
47. შენ უფლება გაქვს, შეასრულო შენზე დაწესებული მოვალეობები, მაგრამ შენი შრომის ნაყოფი შენ არ გეკუთვნის. ნურასოდეს მიიჩნევ თავს საკუთარ მოქმედებათა შედეგების მიზეზად და ნურც მოვალეობის შესრულებას აირიდებ.
ეს მნიშვნელოვანი ლექსი, რომელშიც უფალი არჯუნას მითითებას აძლევს ნიშკამა-კარმა-იოგა შეასრულოს, იწყება ფრაზით „კარმანი ევადჰიკარას ტე“. არჯუნას ადჰიკარა (უფლება), მისი პირადი უფლებამოსილება, ევა (უსათუოდ) ვრცელდება კარმაზე (მოქმედებაზე). თუმცა, ამ მოქმედებისას, მან არ უნდა შექმნას დამატებითი უკუგებითი რეაქციები მისი მოქმედების შედეგებით ტკბობის სურვილით. მოვალეობის ცნება, რომლის დროსაც, თავად მოქმედების შესრულების პროცესია ჯილდო და არა მისი შედეგი, მზარდად უცხო ხდება თანამედროვე საზოგადოებისთვის.
შრილა პრაბჰუპადას განმარტებაში აღწერილია მოქმედებისადმი სათანადო მიდგომა: „ამიტომ, უფალმა არჯუნას მოვალეობის შესასრულებლად, შედეგზე ფიქრის გარეშე ბრძოლა ურჩია. მის მიერ ბრძოლაში მონაწილეობაზე უარის თქმა მიჯაჭვულობის ერთ-ერთი მხარეა, რაც ადამიანს გათავისუფლების გზაზე ეღობება. ნებისმიერი სახის მიჯაჭვულობა, მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე, მატერიალური ტყვეობის მიზეზია. უმოქმედობა ცოდვაა, ამიტომ მოვალეობის მოხდის მიზნით, ბრძოლაში მონაწილეობის მიღება არჯუნას ხსნის ერთადერთი სასიკეთო გზა გახლდათ“.
კრიშნა შემდეგ შლოკაში, მოქმედებისთვის საჭირო ცნობიერებას განმარტავს.
48. მშვიდად, ყოველგვარი მიჯაჭვულობის გარეშე, შეასრულე შენი მოვალეობა, ო, არჯუნა, თავი ანებე დარდს გამარჯვებასა და მარცხზე. საკუთარი თავის ასეთი სიდინჯით მართვას იოგა ეწოდება.
ის, ვინც საქმიანობას ეწევა, მაგრამ ამ საქმიანობის შედეგებზე მიჯაჭვულობა არ გააჩნია, კარმა-იოგას ასრულებს. განჯაჭვულობის სრულყოფილება კი, კრიშნასთვის საქმიანობის შედეგების შეთავაზებით ხდება. შესაბამისად, კრიშნა არჯუნას ეუბნება, რომ უარი საქმიანობაზე კი არა, არამედ, ამ საქმიანობის შედეგზე თქვას.
საგულისხმოა შემდეგი ლექსი, რადგან ის უკავშირდება კითხვას, რომელსაც არჯუნა კრიშნას დაუსვამს მესამე თავის დასაწყისში.
49. ო, დჰანანჯაია, მთელი არსებით ჩაერთე ერთგულ მსახურებაში და ამით აირიდე ყოველგვარი მანკიერი საქმიანობა, ამ გონება-განწყობით მიენდე უფალს. ისინი, ვინც საკუთარი შრომის შედეგებისკენ ილტვიან, ძუნწები არიან.
რა ნაყოფს მიიღებს ის, ვინც ცდილობს, რომ საკუთარი საქმიანობის შედეგით დატკბეს? მხოლოდ დაბადებასა და გარდაცვალებას. კრიშნა კიცხავს შედეგებისკენ ლტოლვას და განადიდებს ბუდდჰი-იოგას, რომელსაც შრილა პრაბჰუპადა, ამ და შემდეგ ორ ლექსში, თარგმნის, როგორც „ერთგული მსახურება“. ცოცხალი არსება დაუღალავად უნდა იღვწოდეს ტანჯვისგან გათავისუფლებისთვის და უფრო ღრმად არ უნდა ეფლობოდეს მასში. ბუდდჰი-იოგა ათავისუფლებს და მისი შესრულების შედეგები მომდევნო ლექსშია აღწერილი.
50. უფლის ერთგული მსახურებით დაკავებული ადამიანი, ამ ცხოვრებაშივე აღწევს თავს როგორც კარგი, ასევე ცუდი საქმიანობის შედეგებს. ამიტომ, სიცოცხლე მიუძღვენი იოგას, რომელიც ყოველგვარი შრომის სრულყოფილი ხელოვნებაა.
საქმიანობა იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ გავთავისუფლდეთ მისი კარგი და ცუდი შედეგებისგანაც. არჯუნა უფრთხის იმ ცოდვით საზღაურს, რომელსაც ნათესავების დახოცვა მოუტანს, მაგრამ ცოდნისმიერი მიუჯაჭველი საქმიანობა დაიცავს მას მისივე მოქმედებების შედეგისგან. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ განვეჯაჭვოთ ჩვენი მოქმედების შედეგებს.
გიანა იოგებს სურთ შედეგებისგან გათავისუფლება, ყოველგვარ მოქმედებაზე უარის თქმის გზით. იგივე შედეგის მიღწევა მარტივად შესაძლებელია მიჯაჭვულობის გარეშე საქმიანობით. მაგალითად, ვერცხლისწყალი მომწამვლელია, მაგრამ აიურვედი ექიმის ხელში, იგი ძლიერი წამალი ხდება. მსგავსად მაშინ, როდესაც რეგულარული, მიჯაჭვული საქმიანობა სულს მატერიალური სამყაროს ხაფანგში ამწყვდევს, განჯაჭვულ და პასუხისმგებლიან საქმიანობას, რომელიც ცოდნით არის შესრულებული და მიზნად ისახავს უზენაესს აამოს, გათავისუფლებისკენ მივყავართ.
51. უფლის ამგვარი მსახურებით, დიადი ბრძენნი და ერთგულნი, მატერიალურ სამყაროში თავიანთი შრომის შედეგების ტვირთს იხსნიან. ამით თავს აღწევენ დაბადება-სიკვდილის წრე-ბრუნვაში ტრიალს და მაღლდებიან ღმერთის სავანემდე, სადაც არ არსებობს ტანჯვა.
შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა განმარტავს, რომ განჯაჭვულ საქმიანობას სულის რეალიზებულ ცოდნამდე მივყავართ. თვითრეალიზაციის შემდეგ კი, პიროვნება თანდათან უფლისგან ცოდნის წყალობასაც იღებს და შესაძლებლობა ეძლევა, რომ მას მიენდოს. მსგავსი მინდობა მას მატერიალური სამყაროსგან ათავისუფლებს, გათავისუფლების შემდეგ კი, შესაძლებელი ხდება, ვაიკუნთჰას მიაღწიოს. ეს აღმასვლა ცნობილია, როგორც „იოგას საფეხურები“. ბჰაგავად-გიტას პირველი ექვსი თავი იოგას საფეხურებს დეტალურად ხსნის.
52. როდესაც შენი გონება ილუზიის უღრანი ტყიდან გამოაღწევს, გულგრილი გახდები ყველაფრის მიმართ, რაც მოგისმენია და რასაც მოისმენ.
ვედების კარმა-კანდა ნაწილში აღწერილია, თუ როგორ არის შესაძლებელი მოქმედებათა შედეგების მიღწევა. ამ ლექსში, კრიშნა მას მატერიალური ილუზიის უღრან ტყეს ადარებს. არჯუნა მოცულია მოქმედებათა შედეგებზე ორიენტირებული აზროვნებით. ის ფიქრობს, რომ ბედნიერება შეუძლებელია და უბედურება გარდაუვალი, თუ მის მოვალეობას შეასრულებს და იბრძოლებს. თუმცა, კრიშნა ეუბნება, რომ ბუდდჰით ბრძოლით ის მტკიცე გონებას მიაღწევს (ვიავასაიატმიკა-ბუდდჰი) და გულგრილი გახდება როგორც ბედნიერების, ისე უბედურების მიმართ.
შემდეგ ლექსში, კრიშნა დამატებით აღწერს გულგრილობას ვედური რიტუალების მიმართ, ვედური მიზნის მიღწევისთვის.
53. როდესაც შენს ჭკუას აღარ ააღელვებს ვედების ხატოვანი ენა და ჩასწვდები საკუთარ ჭეშმარიტ „მეს“, სულიერ ტრანსში ჩაიძირები, მაშინ მიაღწევ ღვთაებრივ ცნობიერებას.
წარმატების მისაღწევად, არჯუნამ უნდა გადალახოს ანგარებიანი სურვილები და ბუდდჰი-იოგაში განმტკიცდეს. სურვილი, ისეთი ვედური მოვალეობების აღსრულებისა, როგორიცაა, ესა თუ ის მსხვერპლშეწირვა და რიტუალი, აღარ უნდა აღელვებდეს სამადჰის – უზენასზე მტკიცედ მიპყრობილი ცნობიერების მიღწევის გზაზე მდგომ იოგს.
თუმცა, სწავლების ნაკლებობას ხომ არ გადააწყდება ის ერთგული, რომელიც უგულებელყოფს ვედურ წერილებში მოცემულ ლექსებს? შრილა პრაბჰუპადა აღწერს იმ სწავლებას, რომელიც ბუდდჰი-იოგას სხვადასხვა დონეზე ვლინდება: „ცოცხალი არსება, იძენს რა კრიშნას ცნობიერებას, უშუალოდ უკავშირდება უფალს. სულიერ მდგომარეობაში კი, კრიშნას ყოველი მითითება მისთვის გასაგები ხდება. მისი ყოველი საქმე წარმატებით დაგვირგვინდება. ამგვარ სრულყოფილ ცოდნას იგი ვერ შეიძენს რამე სხვა საქმიანობით, ამისთვის საკმარისია კრიშნას ან მისი წარმომადგენლის, სულიერი მოძღვრის, მითითებათა შესრულება“.
ამ ლექსში, კრიშნამ დაასრულა ბუდდჰი-იოგას პირველადი აღწერა. ორმოცდამეთოთხმეტე ლექსში, არჯუნა მას ოთხ კითხვას უსვამს „ღვთაებრივი ცნობიერების“ შესახებ, რომელიც კრიშნამ ახსენა. ორმოცდამეთხუთმეტე ლექსიდან, კრიშნა ოთხივე კითხვას თანმიმდევრულად პასუხობს.
54. არჯუნამ თქვა: ო, კრიშნა, რა ნიშნები ახასიათებს მას, ვისი ცნობიერებაც ასე ჩაძირულია ღვთიურ ცნობიერებაში? რაზე საუბრობს იგი და როგორ გამოხატავს თავის აზრებს? როგორ ზის და როგორ დადის?
არჯუნა დაინტერესებულია, როგორ უნდა ამოიცნოს სთჰიტა-პრაჯნა, ანუ ის, ვინც განმტკიცებულია ღვთიურ ცნობიერებაში. შესაბამისად, ის შემდეგ კითხვას სვამს: „რა მახასიათებლები აქვს ასეთ პიროვნებას? როგორ საუბრობს? როგორ ზის? როგორ დადის?“
შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა განმარტავს, რომ არჯუნას პირველი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: „როგორ შეიძლება იმ პიროვნების აღწერა, რომელიც ტრანსცედენტულ ცნობიერებაშია (სთჰიტა-პრაჯნა) განმტკიცებული? რა თვისებები გააჩნია მას?“ კრიშნა ამ კითხვას ორმოცდამეთხუთმეტე ლექსში პასუხობს. ერთი შეხედვით, თითქოს, არჯუნას კითხვები გარეგნული ქცევების აღწერას ეხება, შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა ამ კითხვების შინაგან, სიღრმისეულ მნიშვნელობასაც წარმოაჩენს.
55. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ო, პართჰა, როდესაც ადამიანის ჭკუა გრძნობათა განცხრომის ყველა სურვილისგან განიწმინდება და მისი ამგვარად განწმენდილი ჭკუა კმაყოფილებას მხოლოდ საკუთარ თავში პოულობს, მაშინ მასზე ამბობენ: იგი ფლობს წმინდა ღვთაებრივ ცნობიერებას.
სთჰიტა-პრაჯნას პირველი მახასიათებელია მატერიალური სურვილებისგან განწმენდა. ის მიჯაჭვული არ არის არც ბედნიერებაზე და არც უბედურებაზე. ამის ნაცვლად, ის სრულ კმაყოფილებას პოულობს საკუთარი თავისკენ მტკიცედ მიმართული ცნობიერების გზით.
შემდეგ ორ ლექსში, კრიშნა არჯუნას მეორე კითხვას პასუხობს. „როგორ საუბრობს ის?“ – ეს კითხვა ნიშნავს შემდეგს: „რა გავლენა აქვს სხვათა სურვილებს, ბრაზსა და გულგრილობას ასეთი პიროვნების გონებასა და სიტყვებზე? როგორ რეაგირებს ის?
56. ვინც აუღელვებელი რჩება სამმაგი ტანჯვის დროს და არც ბედნიერების ჟამს არის აღფრთოვანებული, ვინც თავისუფალია მიჯაჭვულობის, შიშისა და მრისხანებისგან, მას უწოდებენ საკუთარი ჭკუის მომთვინიერებელ ბრძენს.
57. ვინც მატერიალურ სამყაროში ცხოვრობს და თავისუფალია მასზე მიჯაჭვულობისგან, არც ძალიან ხარობს, როდესაც კარგი რამ შეემთხვევა და არც ცუდი რამ აბრაზებს, არც აქებს და არც აძაგებს რამეს – ფლობს სრულყოფილ ცოდნას.
სთჰიტა-დჰი-მუნი გამყარებულია ცოდნაში და თავი შორს უჭირავს მატერიალური სამყაროსგან. ის ტრანსცედენტულ პლატფორმაზე ცხოვრობს და, შესაბამისად, მის ჭკუას ვერაფერი მატერიალური აღელვებს. შრილა პრაბჰუპადა წერს: „კრიშნას ცნობიერების მფლობელ ასეთ პიროვნებას საერთოდ არ აწუხებს სამმაგი ტანჯვის ზემოქმედება, ვინაიდან, ტანჯვას უფლის წყალობად ღებულობს, რაკი თვლის, რომ წარსული ცოდვების გამო, კიდევ უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებს, მაგრამ კვლავ უფლის უმიზეზო წყალობით, მისი განსაცდელი თანდათან მცირდება. სწორედ ასევე, საკუთარ ბედნიერებაშიც უფლის დამსახურებას ხედავს, ვინაიდან მიაჩნია, რომ თავად ამ ბედნიერების ღირსი არ არის“.
ის მახასიათებლები, რომელსაც კრიშნა ამ ლექსში მოიხსენიებს, კრიშნას ცნობიერ პიროვნებას აღწერს. თუმცა, ისინი იმ გათავისუფლებული პიროვნების აღწერასაც ერგება, რომელიც კრიშნას ცნობიერი არ არის. ამაღლებულ ერთგულზე გავლენას არ ახდენს ბედნიერება ან უბედურება, რადგან მის ცნობიერებას აღარაფერი ესაქმება მატერიასთან. თუმცა ის, ვინც უბრალოდ გათავისუფლებულია ბრაჰმანში, შესაძლოა, ნეიტრალური იყოს მატერიალურ სამყაროსთან მიმართებაში, მაგრამ დადებითად არ ურთიერთქმედებდეს კრიშნას ცნობიერებასთან. შესაბამისად, ეს მახასიათებლები თანაბრად შეიძლება ერგებოდეს პერსონალისტებსაც და იმპერსონალისტებსაც. თუმცა, შრილა პრაბჰუპადა აქცენტს აკეთებს პერსონალისტებზე.
შემდეგი შეკითხვა – „როგორ ზის იგი?“, ნიშნავს შემდეგს: „როგორ არ ურთიერთქმედებს ის საკუთარ შეგრძნებებთან? როგორია მისი გონება, როდესაც გრძნობები ჩამოცილებულია გრძნობათა ობიექტებს?“ შემდეგ ორ ლექსში, კრიშნა ამ კითხვაზე პასუხობს.
58. ვისაც გრძნობათა ობიექტებისგან საკუთარი გრძნობების ჩამოცილება შეუძლია ისევე, როგორც კუს შეაქვს თავი და კიდურები ბაკანში, მყარად არის განმტკიცებული სრულყოფილ ცნობიერებაში.
ასეთი პიროვნება მხოლოდ მაშინ იყენებს გრძნობებს, როდესაც საჭიროა. შემდეგ ლექსში აღწერილია, თუ რამდენად წარმოადგენს სირთულეს ეს თავშეკავება.
59. ხორცშესხმულმა სულმა შეიძლება, თავი შეიკავოს გრძნობათა დაკმაყოფილებისგან, მაგრამ გრძნობათა საგნების გემოს მაინც ინარჩუნებს. ხოლო უმაღლესი გემოს გამოცდის შედეგად, იგი კარგავს ლტოლვას გრძნობათა საგნების მიმართ და სულიერ ცნობიერებაში მტკიცდება.
ტრანსცედენტალისტს არ უჭირს უარის თქმა, რადგან მას უმაღლესი გემოს შეგრძნება გააჩნია. კრიშნა მიუთითებს, რომ ეს, უპირველესყოვლისა, ასეა ვაიშნავების შემთხვევაში. საკუთარი გრძნობების მსახურებისკენ მიმართვით, ერთგულები ბუნებრივად და სრულიად განეშორებიან მატერიას, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც კრიშნას მშვენიერებას გამოსცდიან.
60-63-ე ლექსებში, კრიშნა არჯუნას უხსნის, თუ რა საფრთხეები ახლავს არჯუნას გეგმას, რომ მოქმედებაზე უარი თქვას და ტყეში განმარტოვდეს, „ცოდნის შეძენისა“ და ცოდვის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით.
60. გრძნობები იმდენად ძლიერნი და შეუპოვარნი არიან, ო, არჯუნა, რომ შეუძლიათ იძულებით წარიტაცონ ჭკუა იმ ადამიანისაც კი, რომელიც ფლობს ცოდნას და ცდილობს, გრძნობები თავად მართოს.
კრიშნა არჯუნას ეუბნება: „არ მიატოვო შენი საქმიანობა. არ გახდე გიანი, ანუ ის პიროვნება, რომელსაც, უბრალოდ, შეუძლია სულიერისა და მატერიალურის გარჩევა. შეასრულე შენი მოვალეობა ბუდდჰი-იოგაში“. კრიშნა არჯუნას აჩვენებს გიანას პრაქტიკის ნაკლოვანებას, რათა ბჰაქტი-იოგას უპირატესობა წარმოაჩინოს.
61. ის, ვინც თავისი გრძნობები განაშორა მატერიალურ ობიექტებს და სრულად დაიმორჩილა, ვისი ცნობიერებაც ჩემკენაა მომართული, მტკიცე გონების ადამიანად არის ცნობილი.
ამ ლექსში საკვანძო სიტყვებია მატ-პარაჰ, ანუ ჩემთან ურთიერთობაში. ამრიგად, კრიშნა პირველად მოიხსენიებს საკუთარ თავს, როგორც ერთგულების სამიზნეს და ხაზს უსვამს ბჰაქტის. ჩვენი გრძნობების კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ მათი კრიშნასთან ურთიერთობაში ჩართვით. როდესაც ვიმორჩილებთ ჩვენს გრძნობებს, სრულიად მივმართავთ მათ კრიშნას მსახურებისკენ, ჩვენს ცნობიერებას ეწოდება პრატიშთჰიტა –განმტკიცებული.
ამ ლექსის პირველ ნაწილში აღწერილი პროცესი არის გრძნობების შებოჭვა. შემდეგ კი, კრიშნა მიუთითებს, რომ პიროვნება ცნობიერების მისკენ მიმართვაში უნდა განმტკიცდეს. კრიშნა ამბობს, რომ ის, ვინც ორივე მათგანს დაეუფლა „მტკიცე გონების ადამიანად არის ცნობილი“. თუმცა, რა მოხდება, თუ ამ ეტაპის მიღწევის მცდელობისას, პიროვნების გრძნობები სიამოვნების ობიექტებზე მიემართება და ამ ფაქტს კრიშნას მსახურებისგან განცალკევებულად განიხილავს?
62. სიამოვნების მომნიჭებელ გრძნობათა ობიექტების ჭვრეტისას, პიროვნება მათ ეჯაჭვება. ასეთი მიჯაჭვულობისგან ავხორცობა იბადება, ავხორცობისგან კი მრისხანება წარმოიშობა.
63. მრისხანება ბადებს სრულ ილუზიას, ილუზია კი ბინდავს მეხსიერებას, ამას მოჰყვება გონიერების დაკარგვა, რის შედეგადაც, ცოცხალი არსება კვლავ მატერიალურ მორევში იძირება.
საჭიროა, რომ ჭკუა რამისკენ იყოს მიმართული. თუ მას კრიშნასკენ არ მივმართავთ, სანაცვლოდ იმ შედეგს მივიღებთ, რაც ამ ლექსებშია აღწერილი.
სამოცდამეოთხე ლექსიდან დაწყებული, მეორე თავის თითქმის დასასრულამდე, კრიშნა არჯუნას ბოლო კითხვას პასუხობს: „როგორ დადის იგი?“ ამ კითხვის განმარტება შემდეგში მდგომარეობს: „ტრანსცედენტულ დონეზე მყოფ პიროვნებას, როგორ უპყრია ხელთ საკუთარი გრძნობები?“
64. მაგრამ მას, ვინც მიჰყვება შასტრების დანაწესებს, თავისუფალია ყოველგვარი მიჯაჭვულობისა და სიძულვილისგან; ვინც საკუთარი გრძნობები ალაგმა, უფლის სრული წყალობის მოპოვება შეუძლია.
კონტროლირებადი ჭკუითა და განმტკიცებული გონებით, ტრანსცედენტულ დონეზე მყოფი პიროვნება არ ინტერესდება გრძნობებისა და გრძობათა ობიექტების შერწყმით. ყველაფერი, რასაც ეს დიდებული სული აკეთებს, არის სიკეთის მომტანი და ამით ის სრულ კმაყოფილებას განიცდის.
65. მასზე, ვინც ამ გზით ჰპოვა კმაყოფილება [კრიშნას ცნობიერებაში], აღარ მოქმედებს მატერიალური ყოფიერების სამმაგი ტანჯვა; დაკმაყოფილებული ცნობიერების წყალობით, ადამიანი იძენს გონების სიმტკიცეს.
კრიშნას ცნობიერების საშუალებით, კრიშნასთან დაკავშირებული სული, თავისუფალია მატერიალური ცდუნებებისგან და სრულიად დაკმაყოფილებულია. ის არანაირ უბედურებას არ განიცდის, რადგან მისი გონება მყარია და მტკიცედ მიმართულია კრიშნასკენ (მატ-პარაჰ). მიუხედავად იმისა, რა მოეპოვება მას ან რას საქმიანობს, ბჰაქტის გარეშე, იგი არასდროს არის კმაყოფილი, როგორც ამას შრილა ვიასადევას უკმაყოფილებაში ვხედავთ, შრიმად-ბჰაგავატამის პირველ სიმღერაში. ვიასადევამ ვედებს თავი მოუყარა, დაუმატა პურანები და დაწერა მაჰაბჰარატა. ამ ყველაფერის მიუხედავად, ის შინაგან უკმაყოფილებას განიცდიდა, რადგან ბჰაქტიზე სათანადო აქცენტი არ გაუკეთებია. ის ამბობს: „მე მკაცრი მოწაფეობრივი აღთქმით, თვალთმაქცობის გარეშე, ვეთაყვანებოდი ვედებს, სულიერ მოძღვარსა და სამსხვერპლო საკურთხეველს. ვიცავდი წესებსაც და წარმოვაჩინე მოწაფეობრივი თანმიმდევრობის მნიშვნელობა მაჰაბჰარატას განმარტებით, რომლითაც ქალებს, შუდრებსა და სხვებსაც (ორგზისშობილთა მეგობრებს) კი რელიგიის გზის დანახვა შეუძლიათ. მე ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია, თუმცა, ყველაფერით აღჭურვილი ვარ, რაც ვედების მიხედვით არის საჭირო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, განსაკუთრებული ყურადღება არ გამიმახვილებია უფლის ერთგულ მსახურებაზე, რომელიც ესოდენ ძვირფასია როგორც ცოცხალი არსებისთვის, ისე, შეუმცდარი უფალისთვისაც“ (შრიმად-ბჰაგავატამი, 1.4.28-31).
რა ხდება მაშინ, როდესაც პიროვნება მოკლებულია კრიშნას ცნობიერებას?
66. მას, ვინც უზენაესთან არ არის დაკავშირებული [კრიშნას ცნობიერებაში], უნარი არ ექნება, სულიერება შესძინოს საკუთარ გონებას და დააშოშმინოს ჭკუა, რის გარეშეც წარმოუდგენელია, ადამიანმა ჰპოვოს სიმშვიდე, უამისოდ კი, განა მიაღწევს რაიმე ბედნიერებას?!
წინა ლექსში აღწერილ და ამ ლექსში წარმოჩენილ მდგომარეობებს შორის განსხვავება, კრიშნას არგუმენტს ამყარებს. თუ ჭკუა და გონება კრიშნაზე მედიტაციას განეშორება, ბედნიერებაზე საუბარიც კი ზედმეტია. კრიშნაზე ფიქრიდან ყურადღების გადატანა გრძნობათა ობიექტებზე, შედეგად მოიტანს მატერიალური სურვილებით სიამოვნებაში შთანთქმას.
67. როგორც ძლიერი ქარის ქროლვა წარიტაცებს წყალში მოცურავე ნავს, ერთ თავისუფლად მოხეტიალე გრძნობასაც კი, რომლისკენაც ჭკუაა მიმართული, შეუძლია წარიტაცოს ადამიანის გონიერება.
გულის წადილს მინდობილი ჭკუა პიროვნების გამჭრიახობას წარიტაცებს. შესაბამისად, მისი გონიერება უკონტროლო გრძნობათა არასასიკეთო ქარბორბალაში გაეხვევა. თუმცა, დამორჩილებულ გრძნობებს ზურგის ქარის შექმნა შეუძლიათ.
68. ამიტომ, ო მკლავუდრეკო, ის, ვინც საკუთარი გრძნობები განაშორა მათსავე ობიექტებს, უდავოდ მტკიცე გონიერებას ფლობს.
შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა ამბობს, რომ მაჰა-ბაჰო შემდეგს გულისხმობს: “ისევე, როგორც შენ იმორჩილებ შენს მტრებს, მკლავუდრეკო, ასე უნდა მოდრიკო შენი ჭკუაც“.
69. ის, რაც ღამეა ყოველი არსებისთვის, სიფხიზლის დროა საკუთარი თავის მფლობელისთვის, ხოლო ყოველი არსების ფხიზლობის ჟამის დადგომასთან ერთად, ღამდება საკუთარ გულში მომზირალი ბრძენისთვის.
მიჯაჭვული პიროვნება ისე განსხვავდება განჯაჭვული პიროვნებისგან, როგორც დღე ღამისგან. სთჰიტა-პრაჯნაზე ისევე ვერ ახდენს გავლენას შეგრძნებებით ტკბობის განწყობა, როგორც მძინარე კაცზე მისი არემარე. ის გულგრილია ბედნიერებისა და უბედურების მიმართ, რომელიც მისივე კარმიდან მომდინარეობს და უდრეკია, რადგან შეწყვიტა ობიექტების სიამოვნების წყაროდ დანახვა.
შემდეგ ლექსში, კრიშნას მაგალითი მოჰყავს სთჰიტა-პრაჯნას ბუნების წარმოსაჩენად.
70. მხოლოდ ის, ვისაც არ აწუხებს სურვილების განუწყვეტელი ნაკადი, მსგავსად ოკეანისა, რომელიც არასოდეს გადმოდის ნაპირებიდან, მიუხედავად იმისა, რომ მასში განუწყვეტლივ ჩაედინება მრავალი მდინარე, აღწევს მშვიდობას და არა ის, ვინც ასეთ სურვილთა დაკმაყოფილებას ესწრაფვის.
ის უდრეკია. ის არ არის გამოდევნებული გრძნობათა დაკმაყოფილებას. შემდეგ ლექსში, კრიშნა სიმტკიცეს ხსნის.
71. ჭეშმარიტ სიმშვიდეს მხოლოდ ის აღწევს, ვინც უარი თქვა გრძნობათა დაკმაყოფილების ყოველგვარ საშუალებაზე, ვინც თავისუფალია სურვილებისგან, ვინც დაკარგა ყოველგვარი საკუთრების გრძნობა და ვინც მოკლებულია ცრუ ეგოს.
მაჰარაჯა პრიავრატა ამ ლექსში აღწერილი პიროვნების ნათელი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ის იქცეოდა, როგორც რელიგიური პრინციპების მიმდევარი ამქვეყნიური მეფე, შინაგანად განჯაჭვული და მშვიდი იყო, რადგან მისი ჭკუა მტკიცედ მიმართული იყო უზენაეს ღვთაებრივ პიროვნებაზე.
ამ ლექსით სრულდება კრიშნას პასუხი კითხვაზე „როგორ დადის იგი?“ შემდეგ ლექსში, კრიშნა მეორე თავს მოკლედ აჯამებს.
72. ასეთია უფლისთვის მიძღვნილი სულიერი ცხოვრების გზა, რომლის მიღწევის შემდეგაც, ადამიანი თავისუფლდება ცდუნებათა ბორკილებისგან და თუ ამგვარი ღვთიური ცნობიერებით შეხვდება სიკვდილს, იგი ღმერთის სასუფეველში შეღწევის უფლებას იძენს.
კრიშნა ხოტბას ასხამს სთჰიტა-პრაჯნას მდგომარეობას.
ამ თავში ბევრი საკითხია განხილული: ვედები, მატერიალური ბუნების მოდუსები, კარმა-იოგა, კარმა-კანდა, გიანა, სანქჰია, ბუდდჰი-იოგა, ვედანტა, ატმანი, განჯაჭვულობა, სამადჰი, სანნიასა და ბჰაქტი-იოგა.
შრილა პრაბჰუპადა წერს: „შრილა ბჰაქტივინოდა თჰაკურამ, ბჰაგავად-გიტას მეორე თავს მთელი თხზულების მოკლე შინაარსი უწოდა. ბჰაგავად-გიტას ძირითადი თემებია: კარმა-იოგა, გიანა-იოგა და ბჰაქტი-იოგა. ამათგან, ამ თავში გამოკვეთილად არის განხილული კარმა-იოგა და გიანა-იოგა, ხოლო ბჰაქტი-იოგა მხოლოდ გაიელვებს, როგორც მთლიანი თხზულების თანმდევი შინაარსი“.