მე მომენდე“
ბჰაგავად-გიტას მიმოხილვა

ბჰურიჯანა დასა

წინამდებარე წიგნი დაფუძნებულია შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურას, შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანასა და მისი ღვთაებრივი მოწყალება ა.ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადას, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დაამარსებელი – აჩარიას განმარტებებზე.

თარგმანი: კახა გორდაძე

ლექსები და შრილა პრაბჰუპადას კომენტარები ქართულ ენაზე დაფუძნებულია ზაზა უჯმაჯურიძის (ნანდაპრია დას) თარგმანზე წიგნიდან „ბჰაგავად-გიტა როგორც ასეთი“.

პირველ თავში მოცემული ლექსები ასევე ეფუძნება დავით თუთბერიძის (დევარატა დას) თარგმანს.

 

პირველი თავი
ბრძოლის ველზე შეკრებილ ლაშქართა დათვალიერება

* * *

1. დჰრიტარაშტრამ თქვა: ო, სანჯაია, მაუწყე რა ჰქმნეს კურუქშეტრას რჯულის ველზე შეკრებილმა, ბრძოლის ჟინით აღსავსე ჩემმა და პანდუს ვაჟებმა.

მაჰაბჰარატა დეტალურად აღწერს იმ პოლიტიკურ ინტრიგებს, რომლებიც კურუქშეტრას ბრძოლის წინაპირობა გახდა და, რომელზედაც ახლა, ბრმა მეფე დჰრიტარაშტრა მის ვეზირს – სანჯაიას ეკითხება. მაჰაბჰარატას ამ ეპიზოდში პანდუს შვილები, მოკავშირეებთან ერთად, ბრძოლის ველზე არიან განლაგებული, რათა შეებრძოლონ დჰრიტარაშტრას შვილებსა და მათ მოკავშირეებს. გადაჭარბების გარეშე, ასობით მილიონი მებრძოლი: ძლევამოსილი მხედართმთავრებით დაწყებული, უბრალო ქვეითი მეომრებით დამთავრებული, ბრძოლის ველზე  შეკრებილან იარაღით ხელში, ცხენებსა და სპილოებზე ამხედრებულნი, რათა ყველა დროის უდიდეს ბრძოლაში ჩაერთონ.

ეპოსის კულმინაცია სწრაფად მწიფდება. რომელი მამაცი მეომრები გადარჩებიან? რომელი მხარე გაიმარჯვებს? ჰპოვებს თუ არა კეთილი ბოროტზე გამარჯვებას? ბრძოლა სადაცაა დაიწყება (გიტას პირველი 27 ლექსი ბრძოლის მოქმედების ველს აღწერს) და უეცრად, კრიშნა ჩვენს ყურებს, გონებასა და გულებს იმ ფილოსოფიას შთააგონებს, რომელიც უკვდავებაში გამოგვაღვიძებს.

შრილა პრაბჰუპადა კრიშნას თანაგრძნობას ამგვარად ხსნის: 
„ძალიან რთულ დავალებას შევეჭიდეთ – ადამიანების დარწმუნებას კრიშნას ცნობიერების მიღებაში, მაგრამ ეს ერთადერთი სარგებელი, ჩვენი ცხოვრების უმაღლესი მიზანია. კრიშნა პირადად მოვიდა, რათა ეს მეცნიერება ჩვენთვის გადმოეცა. რატომ დაგვიტოვა კრიშნამ ბჰაგავად-გიტა? მისი ჩვენდამი თანაგრძნობის გამო, რათა „ჩემი გაუჩინარების შემდეგ, ადამიანებმა გამოიყენონ ბჰაგავად-გიტა; ისევე, როგორც მე გადავეცი ის ჩემს ძვირფას მეგობარ არჯუნას, ისინიც შეძლებენ თავისუფლების მიღწევასა და სიკვდილის კლანჭებიდან თავის დაღწევას!“. სწორედ ესაა ბჰაგავად-გიტას მიზანი.“ (ლექცია, 7 სექტემბერი, 1975 წელი, ვრინდავანი).

შრილა პრაბჰუპადა განმარტავს, რომ პირველივე ლექსში ვლინდება დჰრიტარაშტრას მიკერძოებულობა: „პანდავებიც და დჰრიტარაშტრას შვილებიც ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, მაგრამ დჰრიტარაშტრას შეკითხვა ნათელს ჰფენს მის ძმისწულებისადმი დამოკიდებულებას. მან განგებ მოიხსენია საკუთარი შვილები „კურუდ“ და ამით პანდუს შვილები ოჯახის მემკვიდრეობას ჩამოაშორა.“

დჰრიტარაშტრას ეშინოდა. მისი შვილების მოწინააღმდეგეებში შედიოდნენ არჯუნა და ბჰიმა. ყველაზე შიშის მომგვრელი – კრიშნა, თავად ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ასევე ბრძოლის ველზე იყო და არჯუნას ეტლს მართავდა.

გარდა  ამისა, ბრძოლა უნდა შემდგარიყო კურუკშეტრას წმინდა დჰამაზე. პანდავები ზედმიწევნით ღვთისმოსავნი იყვნენ და დჰრიტარაშტრას არ სურდა დჰამას ხელსაყრელი გავლენა დახმარებოდა პანდავებს ან უარყოფითად ემოქმედა მის შვილებზე. მას ბრძოლის დაწყება და პანდავების სიკვდილი სურდა. იმედოვნებდა, რომ დჰამას გავლენით პანდავები უარს იტყოდნენ მათ მოთხოვნებზე სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. ამიტომ, დჰრიტარაშტრამ სანჯაიას ჰკითხა: „რა მოიმოქმედეს ჩემმა შვილებმა და პანდუს შვილებმა?“.

2. სანჯაიამ თქვა: ო, მეფეო! ოდეს იხილა პანდავთა ლაშქრის საბრძოლო წყობა, მეფე დურიოდჰანა საკუთარ მოძღვარს მიეახლა და ეს სიტყვები წარმოთქვა:

3. ჰოი მოძღვარო, შეხედე პანდუს ვაჟთა ძლევამოსილ ლაშქარს, ასე გამოცდილად რომ განულაგებია შენს საზრიან მოწაფეს, დრუპადას ძეს.

დურიოდჰანა დიდი პოლიტიკოსი იყო. მას შეეძლო დჰრიშტადიუმნას სახელის პირდაპირ მოხსენიება, თუმცა, გამიზნულად უწოდა მას დრუპადას ძე. დრუპადა და დრონა მტრები იყვნენ და დრონაში ბრაზის წასაქეზებლად, დურიოდჰანამ მას შეახსენა, რომ მისი მტრის შვილი – დჰრიშტადიუმნა ხელმძღვანელობდა არმიის განლაგებას. რადგანაც დრონა ბუნებრივად პანდავებისკენ იხრებოდა, განსაკუთრებით კი, არჯუნა, მისი დიადი მოწაფე სარგებლობდა მისი კეთილგანწყობით, დურიოდჰანას ეშმაკობების გამოყენება სჭირდებოდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ დრონა სრული შემართებით იბრძოლებდა.

დრუპადა და დრონა ერთ გურუკულაში სწავლობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დრონა ღარიბი ბრაჰმანის შვილი იყო, დრუპადა კი – პრინცი. წარმომავლობაში სხვაობის მიუხედავად, ისინი ახლო მეგობრები გახდნენ. გრძნობებს აყოლილი დრუპადა, ერთხელ, მეგობარს დაჰპირდა, რომ, როდესაც სამეფოს მემკვიდრეობით მიიღებდა, მის ნახევარს უწილადებდა. დრონამ მეგობრის სიტყვები გულთან მიიტანა.

სწავლის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგ, დრონა გრიჰასთჰას ცხოვრების წესს დაადგა და ერთხელაც მისი ვაჟი შიმშილისგან ატირებული იხილა. დრონა იმდენად ღატაკი იყო, რომ არ შეეძლო შვილისთვის რძის შეძენა. შემდეგ კი, დრუპადას დაპირება გაახსენდა და გაიფიქრა: „მოდი, მივალ ჩემს ძვირფას მეგობართან და ერთ ძროხას შევევედრები.“

დრუპადას სასახლეში მისვლისას, დრონა არასათანადოდ მიიღეს. დრუპადამ უთხრა: „მე შენი მეგობარი ვარ? მეგობრობა მხოლოდ თანასწორებს შორისაა შესაძლებელი. სასწრაფოდ დაიკარგე აქედან!“. დრონამ შურისძიების ფიცი დადო. მოგვიანებით, კურუსა და პანდავების ორივე შტოს პრინცებს მასწავლებლად დაუდგა საბრძოლო ხელოვნებაში და მის გურუ-დაქშინად შემდეგი მოითხოვა: „შეიპყარით დრუპადა და მომგვარეთ.“

კაურავებმა პირველებმა სცადეს, მაგრამ დრუპადამ მარტივად დაამარცხა ისინი და დრონას უკან გაუგზავნა შერცხვენისთვის. დრონაჩარია შეშფოთდა. შემდეგი ნაბიჯი არჯუნამ გადადგა. დანარჩენმა პანდავებმაც ზურგი გაუმაგრეს მას, როდესაც პანჩალას – დრუპადას სამეფოს თავს დაესხა. ხელჩართული ბრძოლის შედეგად, არჯუნამ დრუპადა შეიპყრო, თოკით შებოჭა და დრონაჩარიას ტერფებთან მიჰგვარა. დრონაჩარიამ დრუპადას სამეფოს ნახევარი წაართვა და, შესაბამისად, იგი თავის მტრად აქცია.

შემდეგ დრუპადამ მსხვერპლშეწირვა აღავლინა, რათა ძე მიეღო დრონას მოსაკლავად. სწორედ ეს ძე იყო დჰრიშტადიუმნა, რომელიც დრონაჩარიას ეახლა სამხედრო მეცნიერების შესასწავლად. მიუხედავად იმისა, რომ დრონაჩარიამ კარგად უწყოდა დჰრიშტადიუმნა, მისი მოკვლისთვის დაიბადა, უკან არ დაუხევია მის გაწვრთნაზე. ასეთია ბრაჰმანის ლიბერალური დამოკიდებულება. ბრაჰმანთა ლიბერალურ გულს მზეს ადარებენ, რომელიც არავის ეზოს აკლებს მზის სხივებს, მათ შორის, არც ქურდების. დრონაჩარიას უკან არ დაუხევია სამხედრო საიდუმლოებების დჰრიშტადიუმნასთვის გაზიარების პროცესში.

4. ამ ლაშქარში მრავალი გმირი მშვილდოსანია, რომელნიც ბრძოლაში ბჰიმასა და არჯუნას არ ჩამოუვარდებიან. მათ შორის არიან: იუიუდჰანა, ვირატა და დრუპადას დარი სხვა დიადი მებრძოლნი.

კიდევ ერთხელ, დურიოდჰანამ დრუპადა იმისთვის ახსენა, რომ დრონაში ბრაზი გაეღვივებინა. დურიოდჰანამ ასევე ახსენა არჯუნა და ბჰიმა. არჯუნა ძლევამოსილი მტერი იყო. ის არამარტო დრონას მოწაფე იყო, არამედ სამოთხისეულ პლანეტებზეც იმოგზაურა, შეებრძოლა უფალ შივას და ბევრი ღვთაებრივი იარაღი მოიპოვა.

თუმცა, დურიოდჰანას განსაკუთრებით ეშინოდა ბჰიმას მგრგვინავი ტემპერამენტისა და საბრძოლო ხელოვნების. სწორედ ამიტომ მოიხსენიებს მის სახელს პირველს. ბჰიმა გააფთრებული იყო დჰრიტარაშტრას ვაჟებზე. ბრძოლამდე მან სამი ფიცი დადო:

  1. დაიფიცა, რომ დჰრიტარაშტრას ასივე ძეს მოკლავდა. ბრძოლის დროს, არჯუნასა და სხვა პანდავებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დჰრიტარაშტრას რამდენიმე ძე მოეკლათ, მაგრამ ამისგან თავი შეიკავეს, რათა ბჰიმასთვის ფიცის აღსრულების საშუალება მიეცათ. ბრძოლის დროს, ბჰიმას ბრაზი ცეცხლს მოეცვა. ის ყვიროდა, ხტუნაობდა და დჰრიტარაშტრას თითოეული მოკლული ძის სისხლს სვამდა. პანდავების მხარეს მებრძოლ მეომრებსაც კი აშინებდათ მისი მძვინვარება;
  2. დაიფიცა, რომ დურიოდჰანას ბარძაყის ძვლებს დაუმსხვრევდა. დრაუპადისთვის შეურაცხყოფის მიყენებისას, დურიოდჰანამ ფეხზე მიანიშნა და დრაუპადის უთხრა: „მოდი და კალთაში ჩამიჯექი! შესანიშნავად შეძლებ ჩემს სიამოვნებას.“ ბჰიმას ბრაზი და სიძულვილი ახრჩობდა. 13 წლის განმავლობაში შინაგანად იწვოდა კაურავებისთვის განაჩენის აღსრულების მოლოდინში;
  3. დაიფიცა, რომ დუჰშასანას მკერდს გადაუხსნიდა, გულს ამოგლეჯდა და მის სისხლს დალევდა. დუჰშასანა დრაუპადის შეკრულ კურთხეულ თმას შეეხო. ამის გამო, ბჰიმამ ასევე დაიფიცა, რომ მას ორივე ხელს მოაგლეჯდა. დრაუპადიმ პირობა დადო, რომ თმას იქამდე არ შეიკრავდა, ვიდრე მას დუჰშასანას სისხლით არ განიბანდა. მოგვიანებით, ბჰიმა ხელის გულებით დრაუპადის მიართმევს დუჰშასანას სისხლს.

დურიოდჰანამ ყველა ეს მეომარი ჩამოთვალა, რათა დრონაჩარიასთვის ებიძგებინა გვერდით გადაედო მისი სენტიმენტები პანდავების მიმართ და ისინი ბრძოლაში დაეხოცა. შემდეგ მან პანდავების ძალის აღწერა განაგრძო.

5. იქ არიან: დჰრიშტაკეტუს, ჩეკიტანას, კაშირაჯას, პურუჯიტის, კუნტიბჰოჯასა და შაიბიას მსგავსი დიადი, ძლევამოსილი, გმირი მეომრები.

6. ასევე ძლევამოსილი იუდჰამანიუ და უძლიერესი უტამაუჯა, სუბჰადრასა და დრაუპადის ვაჟები. ყველა მათგანი ეტლებით ბრძოლის დიდოსტატია.

7. ახლა ისმინე უმაღლესო ბრაჰმანთა შორის, მინდა იმ უძლეველ მხედართმთავრებზეც გამცნო, ჩემს ფალანგებს რომ წარუძღვებიან:

დურიოდჰანას არ სურდა პანდავების შესახებ მისი შიშების მსმენელთა დათრგუნვა. ამიტომაც მან დასძინა: „ნება მიბოძეთ, ჩემს მხარეს მებრძოლ დიად მეომრებზეც მოგახსენოთ.“

8. ეს ხართ თქვენ, ბრძოლაში უძლეველნო: შენ, ბჰიშმა, კარნა, კრიპა, აშვატთჰამა, ვიკარნა და ბჰურიშრავა, სომადატას ძე.

დურიოდჰანა ორ დიად მეომარს ესაუბრებოდა: ბჰიშმასა და დრონაჩარიას. ვიდრე მეფე დრონაჩარიას მიმართავდა, გარშემო სხვა მეომრებიც შემოეხვივნენ. შესაბამისად, დურიოდჰანამ, როგორც გაქნილმა დიპლომატმა, კაურავების ძალის აღწერა ამ სიტყვებით დაიწყო: „ბჰავან ბჰიშმაჰ ჩა კარნაჰ ჩა“. მაგრამ, ვიდრე სიტყვას წარმოსთქვამდა, კიდევ ერთ დილემას გადააწყდა. მის წინაშე ორი დიადი მეომარი იდგა: ბჰიშმა არმიის მხედართმთავარი იყო, ხოლო დრონა – მისი სამხედრო გურუ. ამრიგად, რომელი უნდა მოიხსენიოს პირველი?

დურიოდჰანა ჭკვიანი იყო. იცოდა, რომ ბჰიშმა ქშატრია იყო, დრონა კი – ბრაჰმანი. თუ ბჰიშმას პირველს ახსენებდა, დრონაჩარია შეურაცხყოფილი დარჩებოდა. თუმცა, როგორც ქშატრია, ბჰიშმასთვის მისაღები ეტიკეტი იყო ბრაჰმანისთვის მეტი პატივის მიგება. შესაბამისად, დურიოდჰანამ თქვა ბჰავან ბჰიშმაჰ: „ისეთი პიროვნებები, როგორიც ხარ შენ – დრონაჩარია, და ბჰიშმა.“

შემდეგ მან კარნა მოიხსენია. ბჰიშმა და კარნა ერთმანეთს მტრობდნენ. შესაბამისად, კარნა ფიქრობდა: „რა აზრი აქვს? ვიბრძოლებ და ყველას დავხოცავ, მაგრამ მთელ დიდებას ეს მხცოვანი გენერალი მიიწერს“. მან ფიცი დადო, არ ებრძოლა, ვიდრე ბჰიშმას არ მოკლავდნენ.

დურიოდჰანამ შემდეგი კრიპაჩარია მოიხსენია, დრონას ნათესავი. შემდეგ კი – აშვატთჰამა, დრონას ვაჟი. ამ გზით დრონას გულის მოგებას იმედოვნებდა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დურიოდჰანამ შემდეგი მისი ძმა – ვიკარნა დაასახელა. ვიკარნა ბჰიშმას ან დრონას სადარი მეომარი არ იყო, მაგრამ, ვინაიდან ერთადერთი იყო ძმათაგან, რომელმაც პროტესტი განაცხადა კაურავების მხრიდან დრაუპადის შეურაცხყოფის ფაქტზე, დურიოდჰანა ვარაუდობდა, რომ იგი პანდავებს თანაუგრძნობდა და შესაძლოა, მოწინააღმდეგის მხარეს გადასულიყო. შესაბამისად, დურიოდჰანა მიეპირფერა ვიკარნას, მისი სახელის დიდებულ მეომრებს შორის მოხსენიებით, რომლებზეც იმედებს ამყარებდა.

მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლის საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანი საფიქრალი იყო სამხედრო ლიდერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქშატრიებს ბრძოლა უყვართ, მათ ყოველთვის არ აღელვებთ ვის მხარეს იბრძვიან. ამრიგად, იუდჰიშთჰირამ ბრძოლის წინ გამოაცხადა, რომ რელიგიური პრინციპების თანახმად, ბრძოლამდე მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლა ნებადართული იყო, თუმცა, ბრძოლის დაწყების შემდეგ, მეომრები არჩეულ მხარეს უნდა დარჩენილიყვნენ.

კრიშნაც და დურიოდჰანაც აქტიურად ცდილობდნენ მეომრების გადმობირებას. კრიშნამ და კუნტი-დევიმ მის ვაჟს – კარნას მიმართეს და შესთავაზეს პანდავების მხარეს ბრძოლა. კრიშნამ გაუმხილა კარნას, რომ ის რეალურად პანდავების უფროსი ძმა იყო და წააქეზა ძმების მხარეს ებრძოლა, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც ბჰიშმას სიკვდილამდე ის ბრძოლაში ჩართვას ვერ მოახერხებდა. თუმცა, კარნამ უარი არ თქვა მის ლოიალურობაზე დურიოდჰანას მიმართ.

თავის მხრივ, დურიოდჰანამ სცადა ვიკარნას შენარჩუნება და პანდავების ბიძის – შალიას მხარდაჭერის მოპოვება. კარნას შესაბამისი მეეტლე სჭირდებოდა, შალია კი სახელგანთქმული მეეტლე და მაჰარათჰა მეომარი იყო. როდესაც შალია და მისი არმია შორი მანძილიდან გამოემგზავრნენ პანდავების მხარეს საბრძოლველად, გზად სასიამოვნო პირობებით მოწყობილი მოსასვენებელი დახვდათ, რომელიც დურიოდჰანამ მოაწყო. დურიოდჰანას გაქნილმა წარმომადგენლებმა შალია მოსასვენებელში მიიწვიეს და ისეთი პატივი მიაგეს, რომ შალიამ თქვა: „ეს ყველაფერი იუდჰიშთჰირას მოწყობილი იქნება. ვინც ეს ჩემთვის მოაწყო, მის მხარეს მსურს ბრძოლა“. ამ დროს დურიოდჰანაც გამოჩნდა და უთხრა: „ეს ყველაფერი მე მოვაწყვე და მსურს, ჩემს მხარეს იბრძოლო“. შალია მის სიტყვას აღარ გადასულა, დურიოდჰანას მხარეს იბრძოლა და კაურავების არმიის ბოლო მხედართმთავრის როლის შესრულებაც მოუწია.

9. მრავლად არიან აქ სხვა გმირებიც ჩემი გულისთვის თავს რომ დადებენ, მრავალგვარი იარაღით აღჭურვილნი და სამხედრო საქმის კარგად მცოდნენი.

10. განუზომლად დიდია ჩვენი ძალები ბჰიშმას მიერ უზადოდ გამაგრებული, მათი ძალა კი, ბჰიმა რომ იცავს გულმოდგინედ, შეზღუდულია.

შრილა პრაბჰუპადამ სიტყვა „აპარიატჰამ“ თარგმნა, როგორც „განუზომელი“ და მისი განმარტებაც მეათე ლექსს ამ კუთხით ხსნის. შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანამ სიტყვა „აპარიატჰამ“ იმავე მნიშვნელობით განმარტა. თუმცა, შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა სიტყვა „აპარიატჰამ“ საწინააღმდეგო მნიშვნელობით ახსნა. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ როგორ განვმარტავთ პირველ სიტყვას, ეს ლექსი შეიძლება ნიშნავდეს „ჩვენი ძალები განუზომელია“ ან „ჩვენი ძალები შეზღუდულია“. როდესაც პირველ მნიშვნელობას ვიყენებთ (როგორც ეს შრილა პრაბჰუპადას განმარტებაშია), წინადადება ასე გრძელდება: „… და ჩვენ საიმედოდ გვიცავს ბაბუა ბჰიშმა“. ბჰიშმასთვის ამის მოსმენა გამამხნევებლად ჟღერდა.

თუმცა, მეორე განმარტება დრონაჩარიას გამხნევებას ისახავდა მიზნად: „ჩვენი ძალები შეზღუდულია, რადგან ბაბუა ბჰიშმა გვიცავს“. ბჰიშმა ბუმბერაზი მეომარი იყო, მაგრამ, ვინაიდან პანდავებს უჭერდა მხარს, დურიოდჰანა გრძნობდა, რომ ის სრული ძალით არ იბრძოლებდა. დრონაჩარიასთვის მეორე მნიშვნელობა იყო მისაღები და დურიოდჰანას გზავნილი ასე გაიგო: „ჩვენი ძალები შეზღუდულია ბჰიშმას გახლეჩილი ლოიალურობის გამო. ამიტომაც, დრონა, უფრო მეტი ძალით უნდა იბრძოლო, რომ ბჰიშმას სისუსტის დაბალანსება შეძლო“. ამრიგად, დიპლომატიაში გაწაფულმა დურიოდჰანამ ერთი სიტყვით ორივე მათგანი წააქეზა: ბჰიშმაც და დრონაც.

11. ახლა უკლებლივ ყველა მხარში უნდა ამოუდგეთ ბაბუა ბჰიშმას, როგორც კი ბრძოლის ასპარეზზე შესასვლელ სათანადო სტრატეგიულ ადგილებზე განალაგებთ ლაშქართა რიგებს.

შრილა პრაბჰუპადა ამ ლექსის განმარტებაში ამბობს: „დურიოდჰანამ ბჰიშმას სიმამაცის შექებასთან ერთად ისიც გაითვალისწინა, რომ დანარჩენ მეომრებს, ვაითუ, დამცირებულად ეგრძნოთ თავი. ამიტომ იგი ჩვეული დიპლომატიით შეეცადა შექმნილი უხერხულობის გამოსწორებას: ჯერ ხაზი გაუსვა ბჰიშმადევას უდავოდ უდიდეს გმირობას, მაგრამ, რადგან იგი საკმაოდ მოხუცებული იყო, ყველას განსაკუთრებით უნდა ეზრუნა მის საიმედო დაცვაზე“.

12. ამ დროს კი ბჰიშმამ, კურუთა გვარის ღირსეულმა მამამთავარმა, ნიჟარაში ჩაჰბერა და ლომის ღრიალის დარმა მქუხარე ხმამ სიხარულით აღავსო დურიოდჰანა.

ბჰიშმამ პასუხი არ გასცა დურიოდჰანას. ამის ნაცვლად, მან თავის ნიჟარას ჩაჰბერა, რაც ნიშნავდა, რომ „შენი გმირული სიტყვების მიუხედავად, გამარჯვება ან დამარცხება უფლის ხელშია. მე ჩემს მოვალეობას აღვასრულებ და სიცოცხლეს გავწირავ შენს დასაცავად, მაგრამ ეს ვერ იქნება შენი გამარჯვების გარანტია“. ნიჟარა, რომელიც ვიშნუს სიმბოლოა, მიანიშნებდა რომ დურიოდჰანას გამარჯვების შანსი არ ჰქონდა ამ ბრძოლაში, რადგან კრიშნა, ვიშნუს სათავე, მეტოქის მხარეს იმყოფებოდა.

13. ამის შემდეგ, უმალ გაისმა ნიჟარების, დაფდაფების, საყვირებისა და ბუკების ყურისწამღები ხმა.

14. საპასუხოდ, თეთრცხენებიან საბრძოლო ეტლში მსხდომმა უფალმა კრიშნამ და არჯუნამ თავიანთ ღვთაებრივ ნიჟარებს ჩაჰბერეს.

15. უფალმა კრშნამ ჩაჰბერა პანჩაჯანიას (ხუთღეროვანს), არჯუნამ – დევადატტას (ღვთისბოძებულს), საგმირო საქმეებით განთქმულმა უძღებმა ბჰიმამ კი, შიშისმომგვრელი პაუნდრა (ლერწამი) ააღრიალა.

არჯუნა უნიკალურ მდგომარეობაში იყო. კრიშნა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, მის მეეტლეობას დათანხმდა. ცეცხლის ღმერთმა, აგნიმ, მას ეტლი შესწირა. ჩიტრარათჰამ, განდჰარვას განმგებელმა, ულამაზესი თეთრი ცხენები გადასცა. ინდრამ, მამამისმა, ნიჟარა და ისრების ქარქაში აჩუქა.

16-18. კუნტის ძემ, მეფე იუდჰიშთჰირამ, ანანტავიჯაია (ძლევამოსილი) აახმიანა; ნაკულამ და საჰადევამ კი – სუგჰოშა (კეთილხმოვანი) და მანიპუშპაკა (თვლებით მოოჭვილი). ჰოი მეფეო, გამორჩეულმა მოისარმა მეფემ კაშისა, ძლევამოსილმა შიქჰანდიმ, დჰრიშტადიუმნამ, ვირატამ, უძლეველმა სატიაკიმ, დრუპადამ, დრაუპადის ვაჟებმა, სუბჰადრას მკლავუდრეკმა ვაჟმა აბჰიმანიუმ და სხვა მეომრებმა – ყველამ თავისი ნიჟარა ააჟღერა.

19. შიშისგან შეკრთა დჰრიტარაშტრას ძეთა გულები, როცა ჭექა-ქუხილის დარმა საშინელმა ხმამ შეარყია მიწა და ზეცა.

20. მაშინ მეფეო, ჰანუმანის დროშის ქვეშ მდგარმა არჯუნამ მშვილდი მოზიდა, მაგრამ სამიზნედ მწყობრში ჩამდგარი დჰრიტარაშტრას ვაჟები იხილა და ამ სიტყვებით მიმართა უფალ კრიშნას:

მძიმე ატმოსფერო სუფევდა. მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქშატრიები შეკრებილიყვნენ ბრძოლის ჟინით აღვსილნი. ეს ომი განსხვავდებოდა იმ სიტუაციისგან, რომელსაც 1960-იან წლებში შრილა პრაბჰუპადა აკრიტიკებდა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტუდენტები, და არა ქშატრიები, გაგზავნა ბრძოლის ველზე. ეს მებრძოლი კაცები იყვნენ. ბრძოლა სისხლში ჰქონდათ. როგორც ერთგულები ჩადიან ვრინდავანსა და მაიაპურში მთელი მსოფლიოდან, ეს ქშატრიებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულიყვნენ საბრძოლველად. სწამდათ, რომ ბრძოლის ველზე სიკვდილი სამოთხისეული პლანეტებისკენ მიმავალ გზას გაუხსნიდა.

ორივე არმია ბრძოლის ველზე განლაგებულიყო. ნიჟარებმა ხმა გამოსცეს. მეომართა თმები ყალყზე იდგა მოლოდინში. კრიშნა არჯუნასთან იყო მის ეტლთან ერთად.

ჰანუმანი, რომელიც ეტლის დროშას ამშვენებდა, მზად იყო, საომარი ყიჟინა მოერთო, რათა ბჰიმას დახმარებოდა მტრის შეშინებაში. მაჰაბჰარატას წინა ეპიზოდებში აღწერილია ჰანუმანისა და ბჰიმას შეხვედრა. ერთხელ, როდესაც არჯუნა ღვთიური იარაღების ძიებაში იყო, დანარჩენი პანდავები ბადარიკააშრამში – მაღალმთიან ჰიმალაებში დახეტიალობდნენ. უეცრად, მდინარე ალაკანანდამ დრაუპადის წინაშე ლამაზი და სურნელოვანი ათასფურცლიანი ლოტოსის ყვავილი გამორიყა. დრაუპადი ლოტოსის ყვავილის სილამაზემ და სურნელმა დაატყვევა. „ბჰიმა, ეს ლოტოსის ყვავილი როგორი ლამაზია. ის მეფე იუდჰიშთჰირას უნდა მივართვა. შეგიძლია, კიდევ რამდენიმე მომიტანო? შეგვიძლია, ცოტა ჩვენს თავშესაფარშიც წავიღოთ, კამიაკაში“.

ბჰიმამ მის იარაღს ხელი დაავლო და გორაკის გზას შეუდგა, სადაც მოკვდავებს ფეხის დადგმის უფლება არ ჰქონდათ. სირბილისას სპილოებსა და ლომებს აფრთხობდა. ხეებს ხელის კვრით ფესვებიანად გლეჯდა. სულ არ აღელვებდა ჯუნგლების მრისხანე მხეცები და წინ მიიწევდა, ვიდრე უზარმაზარმა მწოლიარე მაიმუნმა გზა არ გადაუღობა.

„რატომ ხმაურობ ასე და ცხოველებს აშინებ?“ – ჰკითხა მაიმუნმა. „ჩამოჯექი და ცოტა ხილი მიირთვი“.

„გვერდით გაიწიე,“ – უბრძანა ბჰიმამ. ეტიკეტი უკრძალავდა მაიმუნზე გადაბიჯებას. და მაიმუნმა რა უპასუხა?

„ძალიან მოხუცი ვარ იმისთვის, რომ გავინძრე, გადამახტი“.

ბჰიმა თანდათან უფრო ბრაზდებოდა და ბრძანება გაიმეორა, მაგრამ მაიმუნი ისევ ასაკს იმიზეზებდა და ბჰიმას სთხოვა, მისი კუდი უბრალოდ გვერდით გადაეწია. საბოლოოდ, ძლევამოსილმა ბჰიმამ კუდს ხელი დაავლო და აწევა სცადა, მაგრამ ხელი მოეცარა. გაოცებული შეეკითხა მაიმუნს, თუ ვინ იყო და სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა, როდესაც შეიტყო, რომ მის წინაშე მისივე ძმა, ჰანუმანი იდგა. ბჰიმაც და ჰანუმანიც ვაიუს შვილები იყვნენ. ჰანუმანმა გულითადად მიიღო ბჰიმა და აჩვენა მისი უზარმაზარი ფორმა, რომლითაც ლანკას გადაახტა. შემდეგ კი ბჰიმა დალოცა.

„ჩემი გამოსახულება შენი ძმის, არჯუნას დროშაზე იქნება. როდესაც ბრძოლის ველზე ლომივით დაიბღავლებ, ჩემი ხმა შენსას შეუერთდება, რათა მტრის გულებში შემზარავი შიში დათესოს. თქვენ გამარჯვებას მოიპოვებთ და დაიბრუნებთ სამეფოს“.

ახლა კი, არჯუნამ, რომლის ეტლსაც კრიშნა მართავდა და ჰანუმანის გამოსახულებიანი დროშა ამშვენებდა, მშვილდი ხელში აიღო. ცხენები და სპილოები ცქმუტავდნენ. მალე ნატყორცნი ისრები იმ ბრძოლას გახსნიდა, რომელსაც დიდხანს ელოდნენ. ბრძოლის დაწყების ზღვარზე, არჯუნამ შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა:

21-22. არჯუნამ თქვა: „ო, შეუცდომელო, გთხოვ გაიყვანო საბრძოლო ეტლი ორ ლაშქარს შუა, რათა ვიხილო ვინ დარაზმულა ომის მსურველი და ბრძოლის ველზე ვისთან მიწევს მხარდამხარ დგომა“.

ბჰაგავად-გიტაში პირველად კრიშნა ამ ლექსშია ნახსენები. რას აკეთებს? ის არჯუნას ეტლს მართავს და მის ბრძანებებს ასრულებს. ეს საუცხოო რამაა: კრიშნა, უზენაესი შემოქმედი, ბრძანებებს იღებს მისი ერთგულისგან, თითქოს ის მას ემსახურებოდეს.

შრილა პრაბჰუპადა განმარტავს: „მიუხედავად იმისა, რომ უფალი კრიშნა ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა, თავისი უმიზეზო წყალობით, იგი საკუთარ მეგობარს, არჯუნას ემსახურება. უნაკლოა მისი სასიყვარულო ურთიერთობა თავის ერთგულებთან და, შესაბამისად, ამ ლექსში მოიხსენიება, როგორც შეუცდომელი… ურთიერთობა უფალსა და მის მსახურს შორის უაღრესად თბილი და ტრანსცენდენტურია. მსახური ყოველთვის მზადაა ემსახუროს უფალს და უფალიც ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ რაიმე სამსახური გაუწიოს თავის ერთგულს“. კრიშნას თვისებათაგან, მისი ბჰაქტა-ვათსალა თვისება ყველაზე მომხიბვლელია.

მეოცე ლექსში არჯუნამ მშვილდი ხელში აიღო და მზად იყო ბრძოლის დასაწყებად. ორივე არმია მოლოდინშია. ახლა კი, მომდევნო ლექსში, არჯუნა უეცრად ამბობს: „ო, შეუცდომელო, გთხოვ, გაიყვანე ჩემი ეტლი ლაშქართა შორის, რათა ვიხილო აქ შეკრებილი, ბრძოლას მოწყურებული მეომრები, რომლებთანაც მომიწევს შერკინება ამ დიდ ომში“. არჯუნას თხოვნა ბრძოლაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეულ მერყეობაზე მიუთითებს.

23. მინდა შევხედო იმ მეომრებსაც, ჩვენს წინააღმდეგ რომ შეკრებილან დჰრიტარაშტრას უკეთური ძის საამებლად.

24. სანჯაიამ თქვა: ო, ბჰარატას შთამომავალო, არჯუნას თხოვნით, გრძნობათა უფალმა ბრწყინვალე ეტლი ორ ლაშქარს შუა გაიყვანა.

25. ბჰიშმას, დრონასა და ყოველთა მხედართმთავართა წინაშე, უფალმა მიმართა არჯუნას: შეხედე პართჰა, კურუთა მთელი მოდგმა აქ შეიკრიბა.

კურუს არმიაში ასობით მილიონი მეომარი შედიოდა და ამის მიუხედავად, კრიშნამ ეტლი პირდაპირ ბჰიშმასა და დრონას წინაშე შეაჩერა. ამ გზით კრიშნამ აიძულა არჯუნა დაენახა, რომ მისი ბაბუაც და გურუც მზად იყვნენ მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. შესაბამისად, კრიშნამ წინა პლანზე წამოსწია არჯუნას ნათესაური კავშირები, რათა შესაძლებლობა მისცემოდა, ბჰაგავად-გიტაზე ესაუბრა. კრიშნა განგებაც აღიზიანებს არჯუნას და ეუბნება: „მხოლოდ კურუს წარმომადგენლები შეკრებილან ორივე მხარეს“.

შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანა კრიშნას სიტყვებს ამგვარად ხსნის: „შენს ეტლს ვმართავ, ვინაიდან მამაჩემის დისწული ხარ, მაგრამ ახლა, ბრძოლის მიტოვებისკენ იხრები“. ამიტომაც, კრიშნა ხუმრობით მიანიშნებს: „რა აზრი აქვს მტრის არმიაზე ყურებას?“.

ამ გზით მოახდინა კრიშნამ არჯუნას გონებაში მომწიფებული აზრების გაცხადება. სანჯაია ამ სცენას აღუწერს დჰრიტარაშტრას და შემდეგ ოჯახის იმ წევრებს უსახელებს, რომლებიც არჯუნას წინ დგანან.

26. ორ ლაშქარს შუა მდგომმა არჯუნამ იხილა მამაპაპანი, მოძღვრები, ბიძები, ძმები, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები, მოყვრები და მოკეთეები.

შრილა პრაბჰუპადა არჯუნას წინაშე მდგომთა სახელებს მოიხსენიებს: „ბრძოლის ველზე არჯუნას მთელი ნათესაობა დახვდა. იგი ხედავდა ბჰურიშრავას, რომელიც მამამისის თანატოლი იყო, ბაბუებს: ბჰიშმასა და სომადატას, მოძღვრებს: დრონაჩარიასა და კრიპაჩარიას, დედის ძმებს: შალიასა და შაკუნის, საკუთარ ძმებს, როგორიც იყო – დურიოდჰანა, შვილებს, როგორიც იყო – ლაქშმანა; მეგობრებს, როგორიც იყო – აშვატთჰამა; კეთილისმსურველებს, როგორიც იყო – კრტავარმა და ა. შ. ერთი სიტყვით, მან დაინახა ორივე ლაშქარი, რომლის რიგებშიც ბევრი მისი ახლობელი ერია.

27. იხილა რა საომრად შეკრებილი ამდენი ნათესავი და მეგობარი, არჯუნა თანაგრძნობამ მოიცვა და ეს წარმოთქვა:

კრიშნამ იმგვარად მიმართა ეტლი, რომ არჯუნა პირისპირ წარმდგარიყო ბჰიშმასა და დრონას წინაშე. ამრიგად, მისახვედრია, რომ სწორედ კრიშნამ მოაწყო ეს სცენა, რათა არჯუნაში თანაგრძნობა გამოეწვია კურუკშეტრას ბრძოლის დაწყებამდე და პატივსაცემი ბაბუა ბჰიშმას და მისი სამხედრო გურუს – დრონას შესაძლო მოკვლამდე.

ოცდამერვე ლექსიდან არჯუნა დაიწყებს იმ მიზეზთა აღწერას, რომლის გამოც, ბრძოლის სურვილი აღარ აქვს, თუმცა, კრიშნა ყველა ამ მიზეზს გააბათილებს. არჯუნას მიერ წამოყენებული აღნიშნული მიზეზები შეგვიძლია ხუთ კატეგორიად დავყოთ:

  1. თანაგრძნობა. არჯუნას დიდი თანაგრძნობა და სიბრალული აქვს მათ მიმართ, ვისი მოკვლაც მოუწევს. მას არ სურს საყვარელი ადამიანების მოკვლა.
  2. სიამოვნების მიღება. ეს ნაკლებად კეთილშობილური მიზეზია. არჯუნამ იცის, რომ მისთვის შეუძლებელი იქნება მოპოვებული სამეფოთი ტკბობა, რომელიც ოჯახის წევრების სიცოცხლედ დაუჯდება.
  3. ოჯახის განადგურება. ამდენი დიდებული ქშატრიას სიკვდილით ურწმუნოება გამეფდება. დაუცველ ქალებს უკეთური კაცები წაბილწავენ. შესაბამისად, საზოგადოებაში მოიმატებს არასასურველი ორსულობები. აღარ აღესრულება ტრადიციული ვედური რიტუალები, რადგან აღარავინ დარჩება მათი აღსრულების კვალიფიკაციის მქონე. ამრიგად, ჯოჯოხეთი ელოდება ოჯახსაც და ამ ოჯახის გამანადგურებელსაც.
  4. შიში ცოდვის ჩადენის საზღაურის მიმართ. არჯუნა ფიქრობს, რომ სამეფო ბედნიერებით ტკბობა არ ღირს იმ ტანჯვად, რომელსაც ცოდვის ჩადენა მოუტანს ოჯახის წევრებისა და მასზე ზემდგომთა მკვლელობის გამო.
  5. ყოყმანი. არჯუნა დარწმუნებული არ არის, რომ მტერზე გამარჯვება იმაზე უკეთესია, ვიდრე მტრის მიერ მასზე გამარჯვება. სამეფო ისეც აყვავებულია დურიოდჰანას მმართველობის ქვეშ, მაშ რატომ უნდა იბრძოლონ პანდავებმა სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად? რატომ უნდა შეეწიროს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე მისთვის და მისი ოჯახისთვის სამეფო გვირგვინის მოპოვებას?

არჯუნა გულაჩუყებულია, თანაგრძნობითაა გამსჭვალული და ლოგიკურად მსჯელობს. მან იცის შასტრები, ზრდილი და ჭკვიანია. სწორედ ამ თვისებების გამო არის გულგატეხილი, როდესაც მის მეგობრებსა და ნათესავებს საბრძოლო შემართებით ხედავს.

28. არჯუნამ თქვა: „ო, კრიშნა, ჩემს წინაშე მდგომი, ბრძოლის სურვილით შეპყრობილი მეგობრებისა და ნათესავების შემყურეს, სხეული მიკანკალებს და პირი მიშრება“.

მართალია, დურიოდჰანა მზად იყო მკვლელობისთვის სამეფოს შენარჩუნების მიზნით, განა ისეთ გულისხმიერ და თანაგრძნობით აღსავსე ერთგულსაც, როგორიც არჯუნაა, შეეძლო ასე უგუნურად მოქცევა? განა სამეფოს მოპოვება, რომელიც, საბოლოო ჯამში, დროებითი მონაპოვარია, უსაზღვრო ცოდვის ჩადენად ღირს? შრილა პრაბჰუპადა განმარტავს, რომ არჯუნას სიმპტომები გამომდინარეობდა „მისი გულჩვილობიდან, რაც დამახასიათებელია უფლის წმინდა ერთგულისთვის“.

29. ტანში მაჟრჟოლებს, თმები ყალყზე  მიდგება, ხელიდან მივარდება მშვილდი განდივა, კანი კი ალმოდებულივით მეწვის.

30. თავგზა ამებნა და ერთ ადგილზე ვეღარ ვჩერდები, უბედურების ნიშნებს ვხედავ, ჰოი კეშავა, ჩანს რომ უკუღმა დატრიალდა ბედის ბორბალი.

ამ ლექსში ნიმიტტანი და ვიპარიტანი მნიშვნელოვანი სიტყვებია. შრილა პრაბჰუპადა სიტყვა ნიმიტტანის თარგმნის, როგორც „მიზეზები“ და ვიპარიტანის – როგორც „საწინააღმდეგო“. არჯუნა განჭვრეტს, რომ ის მოვლენები, რომელზეც შიშობს, აუცილებლად მოხდება და ფიქრობს, რომ „ეს ბრძოლა ჩემი სურვილების საწინააღმდეგო შედეგს მოიტანს“.

ოცდამეათე ლექსის განმარტებაში, შრილა პრაბჰუპადა აჯამებს არჯუნას მსჯელობის ნაკლოვანებას, ისევე, როგორც ნაკლოვანია თითოეული განპირობებული სულის მსჯელობა: „ბრძოლის ველზე არჯუნა მხოლოდ ისეთ მომავალ კაცთაკვლასა და აუტანელ ტანჯვას ხედავდა, რომ ვერც მტერზე გამარჯვების შემდეგ იქნებოდა ბედნიერი… როდესაც ადამიანი მომავალში მხოლოდ იმედების გაცრუებას ხედავს, ებადება კითხვა: „რატომ ვარ აქ?“ მატერიალურ ყოფიერებაში ყველა საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს – არავის აინტერესებს უზენაესი პიროვნება. არჯუნამ მხოლოდ კრიშნას ნებით გამოავლინა უვიცობა საკუთარი ჭეშმარიტი მიზნის მიმართ, კერძოდ, ვიშნუს, ანუ კრიშნას მიმართ. განპირობებულ სულს ავიწყდება ეს ჭეშმარიტება, ამიტომ იგი მიწიერი ტკივილებით იტანჯება. ამის გამო იყო, რომ არჯუნა ბრძოლაში გამარჯვებასაც მხოლოდ გლოვის მომტანად თვლიდა“.

შესაძლოა, არჯუნას გლოვას ვუყურებდეთ, მაგრამ შეგვეძლოს განჭვრეტა, რომ ის გამარჯვებას მოიპოვებს, რადგანაც კრიშნა მისი მეეტლეა. არჯუნა არ მოხვდება სამოთხისეულ პლანეტებზე და არც ისინი, ვისაც ის მოკლავს, მაგრამ სულ ცოტა, სამეფოს მაინც მოიპოვებს. თუმცა, არჯუნას არ უღირს სამეფოს მოპოვება იმ ცოდვის ჩადენად, რომელიც ბრძოლის დროს მკვლელობებით მოუწევს. ის მხოლოდ მისი სურვილების საწინააღმდეგო შედეგსა და ბრძოლის მასზე გავლენას ხედავს. სწორედ ამის გამო, ის ბრძოლის სურვილს კარგავს.

31. ძვირფასო კრიშნა, ვერ გამიგია, რას გვარგებს ბრძოლაში საკუთარი მოდგმის ამოწყვეტა? ამის შემდეგ რა ფასი ექნება თუნდაც გამარჯვებას, სამეფოს ან ბედნიერებას?!

31-35-ე ლექსები არჯუნას მხრიდან ბრძოლაზე თავშეკავების მეორე მიზეზს აღწერენ. შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი არჯუნას მსჯელობას ასე ხსნის: „ბრძოლაში გავიმარჯვებ, მაგრამ უკიდურესად დავიტანჯები. ვისაც მე დავხოცავ, მზის პლანეტაზე ამაღლდებიან, მაგრამ მე კარგ შედეგებს არ მოვიმკი“. არჯუნა განაგრძობს მის მიერ განჭვრეტილი აუტანელი შედეგების აღწერას.

32-35. ჰოი გოვინდა, რაში გვარგია სამეფო, ბედნიერება ან თვით სიცოცხლე, როდესაც ბრძოლის ველზე ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულან ისინი, ვისთან ერთადაც ყოველივე ამით ტკბობა გვინდოდა. ო, მადჰუსუდანა, როდესაც მოძღვარნი, მამები,
შვილები, ბაბუები, ბიძები, სიმამრები, შვილიშვილები, სიძეები და სხვა ნათესავები მზად არიან, თავი და საკუთრი ქონება გაწირონ ჩემს სამტროდ. ო, ყოველი ცოცხალი არსების მასულდგმულებელო, კიდეც რომ მომკლან, მათი მოკვლა როგორ ვისურვო, თუნდაც სამი სამყაროს ხელმწიფება აღმითქვან. რა სიხარულს მოგვანიჭებს
დჰრიტარაშტრას ვაჟთა დახოცვა?!

არჯუნა კრიშნას უწოდებს ჯანარდანას – ყოველი ცოცხალი არსების მასულდგმულებელს. ის გაოცებულია, როგორ შეუძლია კრიშნას, ყოველთა მასულდგმულებელს, ისურვოს ყველას სიკვდილი. სიტყვა ჯანარდანას  სხვა მნიშვნელობაც აქვს. ჯანა ნიშნავს „პიროვნებას“ და არდანა – „მკვლელს“. შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანა გვიხსნის, რომ არჯუნა კრიშნას ჯანარდანას  უწოდებს, რათა მიანიშნოს, რომ: „ო ჯანარდანა, თუ მათი სიკვდილი აუცილებელია, მაშინ შენ, ვინც დედამიწას ტვირთს აშორებ, უნდა მოკლა ისინი. შენთვის ეს არ იქნება ცოდვის ჩადენა, უზენაესო ზედამხედველო“. ამ გზით, არჯუნა იმედოვნებს, რომ ცოდვის ჩადენა არ მოუწევს.

რა თქმა უნდა, პანდავებმა ბრძოლა მოიგეს და სამეფო ტახტი დაიკავეს. თუმცა, მათი მმართველობა მხოლოდ ოცდაჩვიდმეტი წელი გაგრძელდა. არჯუნას სწამს, რომ მოკლევადიანი სამეფო სიამოვნებები არ ღირს ცოდვის ჩადენად, ჯოჯოხეთში მილიონობით წელი ტანჯვად, რომელსაც მეგობრების, გურუს, ბაბუების, ბიძაშვილებისა და სხვა ნათესავების მკვლელობა მოუტანს. არჯუნა ასკვნის, რომ სიამოვნებისკენ ლტოლვა და სამომავლო ტანჯვის მიყურადება სულელური საქციელია. ამგვარ მსჯელობას ის 36-ე ლექსში აგრძელებს.

36. ცოდვას მაინც დავიდებთ მათი მოკვლით, ვინაც ჩვენზე ხელი აღმართა. ჩვენ არ შეგვფერის დჰრიტარაშტრას შვილებისა და ჩვენი მეგობრების დახოცვა. ჰოი მადჰავა, როგორ მოვიმკით ბედნიერებას საკუთარი საგვარეულოს განადგურებით?

არჯუნა კრიშნას მადჰავას უწოდებს – ბედის ქალღმერთის მეუღლეს. შესაბამისად, შრილა ბალადევა ვიდიაბჰუშანას განმარტებით, არჯუნა კრიშნას ეკითხება: „ო მადჰავა, ბედის ქალღმერთის მეუღლევ, რატომ მიბიძგებ უიღბლო ბრძოლაში ჩართვისკენ?“

არჯუნა ამბობს: „ასეთ ბოროტმოქმედთა მკვლელობით ცოდვა მაინც მოგვეწევა“. შრილა პრაბჰუპადას განმარტებაში ვკითხულობთ, რომ ვედური განაწესის თანახმად, ბოროტმოქმედთა (თავდამსხმელთა) მკვლელობა ცოდვად არ ითვლება. შემდეგ, ექვსი ტიპის ბოროტმოქმედს აღწერს: 1) ვინც სხვას წამლავს, 2) ვინც სხვის სახლს ცეცხლს უკიდებს, 3) ვინც სხვას სასიკვდილო იარაღით ესხმის თავს, 4) ვინც სხვას სიმდიდრეს ჰპარავს, 5) ვინც სხვის მიწას ეპატრონება და 6) ვინც სხვის ცოლს იტაცებს.

პანდავებს კაურავების მხრიდან, ექვსივე ტიპის ბოროტმოქმედების გადატანა მოუწიათ. დურიოდჰანამ ბჰიმას მოწამლული ორცხობილა აჭამა. მან ააგებინა ცვილის სასახლე პანდავებისთვის და შეთქმულება მოაწყო სასახლისთვის ცეცხლის გასაჩენად, ვიდრე პანდავებს ეძინათ. შაკუნიმ კამათლებით თამაშში მოტყუებით პანდავებს მთელი ქონება წაართვა, რის შედეგადაც, კაურავები პანდავების ქონებას დაეპატრონნენ. საბოლოოდ კი, მათ ბინძური გზით სცადეს დრაუპადის მითვისება, ერთხელ, კამათლებით თამაშისას, მეორედ კი, როდესაც ჯაიადრათჰამ მისი მოტაცება სცადა. ართჰა-შასტრა მსგავსი ბოროტმოქმედების მკვლელობის უფლებას იძლევა. მაშ რატომ ამბობს არჯუნა, რომ მათი მკვლელობით ცოდვა მაინც წამოეწევა?! შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურას განმარტებით, არჯუნა საუბრობს დჰარმა-შასტრის დონიდან და არა ართჰა-შასტრიდან გამომდინარე. დჰარმა-შასტრა, რომელიც უფრო ავტორიტეტულია, ამბობს, რომ მეგობრებისა და ნათესავების მკვლელობა არასდროსაა დაშვებული.

37-38. ო, ჯანარდანა, თუკი ისინი, ანგარებით დაბრმავებულნი, ძმათამკვლელ ომს ცოდვად არ თვლიან, ჩვენ თუ ოჯახის განადგურება დანაშაულად მიგვაჩნია, რატომ არ გვმართებს ამ ცოდვისგან თავშეკავება?

არჯუნა შიშობს, რომ ორი ძლევამოსილი დინასტიის ბრძოლა აუცილებლად ერთმანეთის შემაძრწუნებელი განადგურებით დასრულდება (ესაა არჯუნას მესამე მიზეზი, რათა არ იბრძოლოს).  ქშატრიული სული ოჯახურ სიამაყეს წარმოშობს. ქშატრიები ინარჩუნებდნენ რელიგიურ ტრადიციებს ოჯახში და მომავალ თაობას გადასცემდნენ. რა მოხდებოდა თუ ყველა კშატრიია ბრძოლაში დაიღუპებოდა? მთლიანი საზოგადოება, რომელიც ვედურ ხელმწიფეთა ავტორიტეტს ეყრდნობოდა, ჩამოიშლებოდა. აღარ შესრულდებოდა მსხვერპლშეწირვა წინაპრებისა და მომავალი თაობების მიმართ. დაუოკებლობა, თავქარიანობა და უხამსობა დაისადგურებს ახალგაზრდა მამაკაცებს შორის. ძლევამოსილი დინასტიის გაცამტვერება რეალურად მსოფლიოს მომავალს ჩაახშობს და უსაზღვრო უიღბლობას მოიტანს. არჯუნას შესანიშნავად ესმოდა ეს ყველაფერი.

39. საგვარეულოს განადგურებით ოჯახის საუკუნო ტრადიციებიც ისპობა, რის გამოც, ოჯახის გადარჩენილ წევრებს ურწმუნოება ეუფლება და უკეთურ საქმეებში ებმებიან.

არჯუნა შიშობს, რომ თუ უღმერთოდ მოკლავს მის ბაბუასა და გურუს, ქალები იფიქრებენ „ჩვენი მამაკაცები ურწმუნონი გახდნენ, მაშ ჩვენც უარვყოთ სარწმუნოება“.

40. დინასტიაში გამეფებული უღმერთობისგან, ო კრიშნა, საგვარეულოს მანდილოსნები გაირყვნებიან და შერეული სისხლის შთამომავლობას დაუდებენ სათავეს.

კრიშნა არჯუნას „პართჰას“ უწოდებს მისი ქშატრიული წარმომავლობის შესახსენებლად. ამ ლექსში კი არჯუნა ასე მიმართავს კრიშნას: „ვარშნეია, ვრიშნის შთამომავალო“, რადგან სურს, კრიშნა დაფიქრდეს რას იგრძნობდა ვრიშნის დინასტია რომ განადგურების პირას ყოფილიყო.

41. ჯოჯოხეთი ელით ამ უჯიშო თაობებსა და მათ გაჩენაში დამნაშავე ადამიანებს. წინაპრებიც დაემხობიან, რადგან მათი სულის მოსახსენებლად აღარავინ შესწირავს პურსა და წყალს.

შეგვიძლია არჯუნას არგუმენტები გავამყაროთ იმით, რომ „შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუც კი გაემგზავრა გაიაში, რათა შრადდჰას ცერემონია აღევლინა მისი გარდაცვლილი მამისთვის. როგორ შეიძლება მსგავსი მსხვერპლშეწირვები უმნიშვნელოდ ჩავთვალოთ? წინაპრები ამ ცერემონიების იმედად არიან, რათა ტანჯვისგან გათავისუფლდნენ. თუ წინაპრებისადმი შეთავაზების წმინდა წესი შეწყდება,  ოჯახის წინა თაობები ჯოჯოხეთში ჩარჩებიან“. ამრიგად, არჯუნა თვლიდა, რომ მისი ცოდვითი ქმედებები წვლილს შეიტანდა ამ შეთავაზებების შეწყვეტაში.

შრილა პრაბჰუპადა ამ ლექსის განმარტებაში არჯუნას ეჭვს პასუხობს:

დევარში-ბჰუტაპტა-ნრნამ პიტრნამ
ნა კინკარო ნაიამ რნი ჩა რაჯან
სარვატმანა იაჰ შარანამ შარანიამ
გატო მუკუნდამ პარიჰრტია კარტამ

 „ვინც ჰპოვა განთავისუფლების მომნიჭებლის, მუკუნდას, ლოტოსისადარ ტერფთა თავშესაფარი, მიატოვა ყოველგვარი მიწიერი მოვალეობა და მთელი არსებით დაადგა ამ გზას, აღარა სძევს რაიმე ვალდებულება ნახევარღმერთთა, ბრძენთა, საერთოდ ცოცხალ არსებათა, ოჯახის წევრთა, კაცობრიობისა და წინაპრების წინაშე“. ღმრთეების უზენაესი პიროვნების ერთგული მსახურებით, იგი თავისთავად იხდის მთელ ამ ვალდებულებებს.

42. ოჯახური ტრადიციების დამანგრეველთა და მათი უჯიშო შთამომავლების ცოდვათა გამო, დაირღვევა ყველა რჯული და კანონი, ოჯახური კეთილდღეობა კი გაქრება.

43. ჰოი კრიშნა, კაცობრიობის მასულდგმულებელო, გადმოცემით ასე მსმენია, რომ საგვარეულო დინასტიის დამამხობლები ჯოჯოხეთში ჰპოვებენ სამარადისო სამყოფელს.

44. საკვირველია, რომ თვითონ ვაპირებთ ამ საშინელი ცოდვის ჩადენას და ისე დავხარბდით მეფობით ტკბობას, ნათესავების დახოცვასაც არ ვერიდებით.

45. ამას ჯობია, დჰრიტარაშტრას იარაღასხმულმა შვილებმა ბრძოლის ველზე მომკლან უმწეო და უიარაღო.

თუ არჯუნა არ იბრძოლებს, ის მისი მოვალეობის შესრულების გზას ასცდება და თავის გასატანად მათხოვრობა მოუწევს. მათხოვრობა კი წარმოუდგენელი ქმედებაა ქშატრიასთვის. ეს შემთხვევა ნათლად წარმოაჩენს ქშატრიას სულისკვეთებას:

მას შემდეგ, რაც ბჰიმა ჰანუმანს შეხვდა, მან განაგრძო სურნელოვანი ათას-ფურცლიანი ლოტოსის ყვავილების ძიება დრაუპადისთვის. საბოლოოდ, იგი ამ ლოტოსებით სავსე ტბას მიადგა და წყალში შეაბიჯა. ეს კუვერას ტბა იყო და ბჰიმას მასში შესვლის ნებართვა არ ჰქონდა. ასობით იაკშა და რაკშასი გადაეღობა ბჰიმას და ეუბნებოდნენ: „აქ რას აკეთებ? ამ ტბაში შესვლის უფლება არ გაქვს! წადი და კუვერასგან ნებართვა აიღე. თუ ის ნებას დაგრთავს, შეგიძლია იმდენი ყვავილი დაკრიფო, რამდენსაც მოისურვებ, თუ ეცდები ყვავილების მისი ნებართვის გარეშე შეგროვებას, კუვერას არმია გაგანადგურებს“.

ბჰიმა წყლიდან ამოხტა და დაიყვირა: „მე კშატრიია ვარ! კშატრიიები არავის ევედრებიან წყალობას!“. შემდეგ კი იაკშები და რაკშასები ბჰიმას თავს დაესხნენ, თუმცა, მან ყველა მათგანი გაანადგურა.

ქშატრიასთვის მათხოვრობა წარმოუდგენელია. მისი კულტურა და მისი ფსიქოლოგია ამის უფლებას არ იძლევა. ამიტომაც არჯუნა ამბობს, რომ ურჩევნია, უიარაღოდ და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მტერმა სიცოცხლეს გამოასალმოს, ვიდრე უსაზღვრო ცოდვაში გაეხვიოს ან იძულებული გახდეს მათხოვრობით თავი გაიტანოს.

46. სანჯაიამ თქვა: ოდეს წარმოსთქვა ეს სიტყვები ბრძოლის ველზე მყოფმა არჯუნამ, დარდისაგან გულმოკლული ეტლში დაეშვა და მშვილდ-ისარი გვერდზე გადადო.

არჯუნამ ფიცი დადო, მოეკლა ყველა, ვინც კი მიანიშნებდა, რომ მშვილდ-ისარი დაეყარა. მოგვიანებით, მაჰაბჰარატაში განვითარებულმა ერთმა მოვლენამ კიდევ ერთხელ გამოსცადა ეს ფიცი.

ბრძოლის დროს, კარნამ დაამარცხა და მძიმედ დაჭრა იუდჰიშტჰირა, რის შემდეგაც, კარნამ იგი მასხრად აიგდო და უთხრა: „შენ ქშატრიაც კი არ ხარ! ბრძოლა უნდა ისწავლო. ნახე, როგორ მარტივად დაგამარცხე! შენი მოკვლით თავსაც არ შევიწუხებ“.

როდესაც არჯუნამ იუდჰიშტჰირას დაშავების შესახებ გაიგო, მყისიერად დატოვა ბრძოლის ველი და მისი უფროსი ძმის კარვისკენ გაეშურა. არჯუნას მიერ ბრძოლის ველის დატოვების შესახებ შეიტყო თუ არა, იუდჰიშტჰირამ დაასკვნა, რომ არჯუნამ მისი ღირსებისთვის შური იძია, კარნა სიცოცხლეს გამოასალმა და სწორედ ამ ამბის შესატყობინებლად მივიდა კარავში. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. არჯუნამ ბრძოლის ველი მხოლოდ იუდჰიშტჰირას დაშავებაზე მღელვარების გამო დატოვა.

არჯუნას დანახვისთანავე იუდჰიშტჰირამ მას ჰკითხა: „მოკალი კარნა და ჩემს გამო შური იძიე?“

არჯუნამ უპასუხა: „არა, კარნა არ მომიკლავს. მხოლოდ იმისთვის მოვედი, რომ მენახა რამდენად ძლიერ დაშავდი“.

იუდჰიშტჰირა განრისხდა. მან უთხრა: „ბრძოლის ველი კარნას მოკვლის გარეშე დატოვე? მხდალო! როგორ შეგეძლო ამის გაკეთება? უკეთესია თუ შენს მშვილდ განდივაზე უარს იტყვი!“.

ამ სიტყვების გაგონებაზე არჯუნა გააფთრებული ფიქრობდა: „როგორ ბედავს იუდჰიშტჰირა განდივაზე უარის თქმაზე მიმანიშნოს, რომელიც ჩემს სიცოცხლეზე უფრო ძვირფასია! მე ფიცი დავდე მოვკლა ყველა, ვინც…“

არჯუნამ ხმალი იშიშვლა ძმის მოსაკლავად. კრიშნამ დაუყოვნებლივ მკლავი დაუჭირა და უთხრა: „კარგი, მოგიწევს იუდჰიშტჰირას მოკვლა შენი ფიცის გამო, მაგრამ მოკალი ის დამცირებით. ქშატრიასთვის დამცირება სიკვდილზე უარესია“.

იუდჰიშტჰირა სინანულით აღვსილი იჯდა არჯუნას მიმართ თქმული სიტყვების გამო, როდესაც ბრაზმორეული არჯუნა მიუახლოვდა და უთხრა: „ამბობ, რომ მხდალი ვარ, რადგან ბრძოლის ველი კარნას მოკვლის გარეშე მივატოვე, მაგრამ შეხედე შენ რა გააკეთე. უყურებდი როგორ შეურაცხყვეს ჩვენი ცოლი დრაუპადი. სრულიად მარტო შევძლებდი კაურავების არმიის განადგურებას შენ რომ ამისი უფლება მოგეცა. შენ კაცი არ ხარ! შენ მეფე არ ხარ!“

არჯუნამ დაასრულა იუდჰიშტჰირას მიმართ დამამცირებელი სიტყვების ამონთხევა. თუმცა, მაშინვე მის ფეხებს შეეხო და პატიება სთხოვა.

არჯუნა ზერელედ არ ეპყრობოდა მის ფიცს განდივას მშვილდზე. ამიტომაც ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც არჯუნა, პანდუსა და ინდრას დიდებული ძე, თავისი ნებით გვერდით გადადებს მშვილდს და ეტლში ჩაეშვება მძიმე სევდით აღსავსე. წარმოდგენაც კი რთულია, თუ როგორ აწუხებდა არჯუნას ის უბედურება, რაც მას და მთელს მსოფლიოს თავს უნდა დასტყდომოდა.