7 გზა უზენაეს უფალთან დასაკავშირებლად
ბჰაგავად-გიტა, თავი 9, ლექსი 18
შივარამა სვამი
***
ძალიან ლამაზ ლექსს წაგიკითხავთ, რომელიც ბჰაგავად-გიტას მე-9 თავის, მე-18 ლექსია. მე-9 თავს ჰქვია “ყველაზე საკრალური ცოდნა“, რომლის მე-18 ლექსშიც, კრიშნა რამდენიმე საუცხოო მედიტაციას გვიზიარებს, ჩვენს ურთიერთობაზე მასთან. აქ წარმოდგენილია შვიდი სხვადასხვა გზა, რომლითაც კრიშნას ვუკავშირდებით და რომლითაც, რეალურად შეგვიძლია კრიშნას დანახვა ჩვენს ცხოვრებაში.
კარგით, მზად ხართ? სანსკრიტზე ასე ჟღერს:
გატირ ბჰარტა პრაბჰუჰ საქში
ნივასაჰ შარანამ სუჰრიტ
პრაბჰავაჰ პრალაიაჰ სთჰანამ
ნიდჰანამ ბიჯამ ავიაიამ
თარგმანი:
“მე ვარ მიზანი, მასულდგმულებელი, მბრძანებელი, მოწმე, სავანე, თავშესაფარი და უახლოესი მეგობარი. მე ვარ შექმნა და განადგურება, საფუძველი ყოვლისა, განსასვენებელი ადგილი და მარადიული მარცვალი”.
ამრიგად, შვიდი დასაწყისში და დამატებით კიდევ ხუთი, რაც თორმეტს გვაძლევს. თუმცა, მოდით პირველ შვიდზე გავამახვილოთ ყურადღება და კიდევ წავიკითხოთ.
კრიშნა საკუთარ თავზე საუბრობს. ის ამბობს: “მე ვარ მიზანი, მასულდგმულებელი, მბრძანებელი, მოწმე, სავანე, თავშესაფარი და უახლოესი მეგობარი. მე ვარ შექმნა და განადგურება, საფუძველი ყოვლისა, განსასვენებელი ადგილი და მარადიული მარცვალი”.
ბუნებრივია, ბევრად მეტია სასაუბრო, ვიდრე 8-10 წუთში ჩავატევ. მაგრამ დაუკვირდით, კრიშნა ამბობს: “მე ვარ მიზანი”. გატიჰ… გატიჰ ნიშნავს, რომ ის თავად არის გზა და ის არის გზის დასასრულიც. ამრიგად, რა არის ჩვენი მიზანი? ყველას აქვს მიზნები. ცხოვრებაში გვაქვს მთავარი მიზნები ან მიზანი და მეორადი მიზნები, რომლებიც მთავარი მიზნის მიღწევას ემსახურებიან. ასე რომ, რა არის ჩვენი რეალური მიზანი ცხოვრებაში? განა საბოლოო მიზანი ისაა, რომ ბევრი მეორადი მიზნები გვქონდეს? როგორიცაა, ჩემი სახლი, ოჯახი, სამსახური, მანქანა, ჩემი ის და ეს… და საბოლოო მიზანია, რომ გარდაიცვალო, რითაც ყველაფერი დასრულდება? ანუ, მიზანი ისაა, რომ ყველაფერი დასრულდეს?
მაგრამ ამ ლექსში, კრიშნა უკეთეს მიზანს, უკეთეს დანიშნულების ადგილს გვაძლევს. ამაზე უკვე მისაუბრია და სიახლე არ არის. ეს მიზანია, რომ შესაძლებლობა გვაქვს მასთან მივიდეთ. ამრიგად, ის თავად არის მიზანი. მაგრამ, თუ ეს გაქვს მიზნად, როგორ უნდა მიხვიდე ამ მიზნამდე? შენს მიზანთან მიდიხარ თანმხვედრი ამოცანების შესრულებით და რწმუნდები, რომ ნამდვილად სწორ გზას ადგახარ.
კრიშნასთან მისაღწევი გზა კი, ბჰაქტი იოგაზე გადის. და რა დამხმარე მიზნები გვაქვს მთავარი მიზნის მისაღწევად? ესენია, ცხოვრების სტილი, ბჰაქტი, გალობა, კონკრეტულად კი ჰარე კრიშნა მანტრის გალობა, ცხოვრების ზედმეტად არ ჩახლართვა, სიმარტივე ყველაფერში… ესენია დამხმარე მიზნები, იმ მთავარი მიზნის მისაღწევად. და საბოლოო მიზნის მიღწევა ხდება უზენაესის მიმართ სიყვარულის გამოღვიძების გზით.
შემდეგია: მასულდგმულებელი. ვინ გვასულდგმულებს? “ოჰ, ჩემი თავისთვის ვმუშაობ, ჩემს თავს ვკვებავ”. მართლა? შეგიძლია დაამზადო ხილი, ბოსტნეული, სანელებლები და ყველაფერი, რითაც იკვებები? საიდან მოდიან ისინი? და ვისი საშუალებით მოდიან? ეს არ ხდება მეცნიერების წყალობით. არც ფერმერის წყალობით ყოფილა. ფერმერი უბრალოდ პროდუქტს მოიმკის იმ პროცესიდან, რომელიც კრიშნამ დაადგინა. კრიშნაა მასულდგმულებელი. ის გვაძლევს ჟანგბადს, მზის სხივებს, ქარს და წყალს, რომელსაც ჩვენ ვაბინძურებთ. ისაა მასულდგმულებელი და ამიტომაც, ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მასულდგმულებელთან და როგორც აღინიშნა, ეს ურთიერთობა არის ჩვენი მიზანი.
და ვინ არის უფროსი? ის ამბობს, რომ ის მბრძანებელია. პრაბჰუ… პრაბჰუ მბრძანებელს, ბატონს ნიშნავს. შეგიძლიათ თქვათ: “მე მბრძანებელი არ მყავს”. მართლა? სცადე სუნთქვის შეწყვეტა და ნახე გყავს თუ არა მბრძანებელი. სადავეები ჩვენს ხელში არ არის. ჩვენ ხელქვეითები ვართ. ჩვენ უზენაესს ვექვემდებარებით, რომელიც გარკვეულ კანონებს განსაზღვრავს.
ფრენას რატომ არ ვცდილობთ? არ სცადოთ, რადგან ის არ გამოვა. თუ მაინც ცდით, კლდიდან ნუ გადმოეშვებით, მიწაზე სიარულისას სცადეთ. ფრენა არ შეგიძლიათ. რატომ? რადგან შენ ამისთვის არ ხარ შექმნილი. აი, ფრინველები კი არიან.
ასე რომ, ისაა მბრძანებელი. როდესაც მბრძანებელი გვყავს, მისდამი ანგარიშვალდებული ვართ და მასთან ურთიერთობა გვაქვს. მბრძანებელი, როგორც წესი, ცოტა მკაცრად ჟღერს, მაგრამ რეალურად თარგმანი ჟღერს ასე, რადგან სიტყვა პრაბჰუ არის ის, ვისაც უყვარხარ. როგორც შენს მშობლებს, დედას და მამას უყვარხარ. ამ ტიპის მბრძანებელი.
შემდეგია: მოწმე. ფიქრობ, რომ რამე დაფარულად შეგიძლია გააკეთო? რომ ოდესმე მარტო ხარ? ასეთი რამ არ არსებობს. ის მოწმეა. ის ყველაფერს ხედავს, რასაც აკეთებ და სწორედ ამიტომ არსებობს კარმის კანონი. ყოველ შენს ქმედებას მოსდევს უკუქმედება. ასე რომ, ნუ გგონია, რომ რამეს გააკეთებ და შედეგებს თავს აარიდებ. შესაძლოა პოლიცია ყველაფერს ვერ ხედავს, მაგრამ კრიშნა ყოვლისმხედველია. და ის მოწმეა. შეგიძლია გარშემო მიმოიხედო და ის ვერ დაინახო, მაგრამ ის გხედავს. რადგან ის ყველგანაა და ყველაფერშია.
და ის სავანეა. სავანე ნიშნავს, რომ ის საცხოვრებელია. ამ საკითხზე აქამდეც გვისაუბრია, რომ ერთის მხრივ, კრიშნა ის სამყაროა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ახლა სახლში ვზივარ და ჩემს უკან ბიბლიოთეკა მოჩანს. ეს სახლი კი, ამ პლანეტაზეა. და ისაა ეს პლანეტაც და ეს სამყაროც, ის არის ყველაფერი, რაშიც მე ვცხოვრობ. მე კი, კრიშნასთან ურთიერთობა მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მის სამყაროში ვცხოვრობ. ეს სამყარო მე არ შემიქმნია, მე უბრალოდ მასში ვცხოვრობ. და მთელი კაცობრიობა გულმოდგინედ ვურევთ მას. ეს იმას ჰგავს, ვინმე რომ სახლში მიგიწვევთ და მის სახლს თავდაყირა დააყენებთ. ზუსტად ამას ვაკეთებთ. მაგრამ ეს მისი სავანეა.
და ის თავშესაფარია. თავშესაფარი ნიშნავს, რომ ის საბოლოო ნავსაყუდელია. ვინ გადაგვარჩენს, ვინ შეძლებს ჩვენს გამოხსნას სიკვდილისგან? ვინ გვიხსნის ხანდაზმულობისგან? ვინ აგვარიდებს ავადმყოფობას? კრიშნაა ის პიროვნება, ვისაც ყველას ხსნა შეუძლია.
და ეს უმშვენიერესია: სუჰრიტ. ის ამბობს: “მე უახლოესი მეგობარი ვარ”. შენ ყოველთვის გყავს მეგობარი კრიშნას სახით. მიუხედავად იმისა, რომ მას უგულებელვყოფდით ერთი ცხოვრებიდან მეორე ცხოვრებამდე, ის მაინც ყოველთვის მზადაა გამოგვეხმაუროს, ის ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, როდესაც გვჭირდება… თუ მოვუხმობთ. და ის ყოველთვის გაგვანდობს მის სახელებს, ჰარე კრიშნა მანტრის სახით.
ის ჩვენი მეგობარია და ჩვენთვის საუკეთესო სურს. და სწორედ ამიტომ, გვთავაზობს საუკეთესო რჩევებს. თუმცა, კითხვა შემდეგშია: ვაპირებთ კი ამ რჩევის გათვალისწინებას?
ამრიგად, შვიდი გზა, რომლითაც კრიშნას ვუკავშირდებით:
- მიზანი
- მასულდგმულებელი
- მბრძანებელი
- მოწმე
- სავანე
- თავშესაფარი
- უახლოესი მეგობარი.
შესანიშნავი რამეებია მედიტაციისთვის. ჰარე კრიშნა!