ძვირფასო მეგობრებო!

2020 წლის 31 აგვისტოს, ბჰადრაპადას თვის ნათელი მთვარის მეცამეტე დღეს აღინიშნება უდიადესი სულიერი მოღვაწისა და რელიგიური რეფორმატორის, გაუდია ვაიშნავიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის შრილა ბჰაქტივინოდა თჰაკურას მოვლინების დღე. მან ააღორძინა უფალი ჩაიტანიას მოძღვრება ღმერთის მიმართ უანგარო ექსტატიური სიყვარულის შესახებ.
ამ დღის აღსანიშნავად კიდევ ერთხელ გთავაზობთ პირველ თავს (მონანიება) შრილა ბჰაქტივინოდა თჰაკურას ტრაქტატიდან “შარანაგატი”

თავი 1 – მონანიება
(7 სიმღერა)

სიმღერა 1
უფალო ჩემო, მიგატოვე და ტანჯვით აღსავსე წუთისოფელში ამოვყავი თავი. ახლა კი შენს ლოტოსის ტერფებთან მსურს მოვიტანო ჩემი ვაების ნაღვლიანი ისტორია:
მე შენ გიხილე უფალო ჩემო ჯერ კიდევ მაშინ, დედის საშოში რომ ვიყავი და აუტანელი ტკივილები მტანჯავდა. წამიერად მომევლინე და კვლავ მიმატოვე უბედური მსახური შენი. მაშინ დავიფიცე რომ გაჩენის დღიდან, ტანჯვის ტვირთისგან თავდახსნილი, ქედს მოვიდრეკდი შენს წინაშე და თაყვანს გცემდი შენ. მაგრამ ვაი რომ დაბადებისთანავე ამქვეყნიური ხიბლის ბადეში გაეხვა ჩემი გონება. საყვარელმა შვილმა და ოჯახის მემკვიდრემ, მშობლებისა და ნათესავების კალთაში ნებივრობას მივეცი თავი. დღე დღეს მისდევდა, მე კი სიცილსა და მხიარულებაში ვატარებდი დროს. დედის ალერსმა დამავიწყა გაჩენის ტანჯვა და მე ვიწამე რომ ეს ქვეყანა სულაც არ არის უსიამოვნო. ბავშვობის წლები თანატოლებთან გართობაში გაილია. როცა წამოვიზარდე და გონი მომეცა, კითხვასა და სწავლას მივყავი ხელი. ვმოგზაურობდი, მრავალი ადგილი მოვიარე, საკუთარი განსწავლულობით ვამაყობდი მუდამ, სიმდიდრეც მოვიხვეჭე და გულმოდგინედ დავიწყე ოჯახზე ზრუნვა, შენ კი დაგივიწყე უფალო ჰარი!
ახლა უკვე დაბერებული მწარედ ტირის ბჰაქტივინოდა: წლები გავიდა, მე კი შენს სამსახურში ჩასადგომად დრო ვერ ვიპოვე. ახლა რა მელის, რა მეშველება მე უბედურს, უქმად გავლიე ცხოვრება ჩემი!

სიმღერა 2
ქედმაღალმა, მწიგნობრობით ტკბობაში გავატარე დრო, შენს ლოტოსის ტერფებს კი თაყვანს არ ვსცემდი. ახლა შენს იქით აღარ დამრჩა თავშესაფარი.
რაც მეტს ვსწავლობდი, მით უფრო იზრდებოდა ჩემი იმედები, რადგანაც განსწავლულობა მიმაჩნდა ცხოვრების ჭეშმარიტ გზად. ვაი რა ფუჭი აღმოჩნდა ეს იმედები და უსარგებლო განსწავლულობა ჩემი. ახლა კი მივხვდი რომ წუთისოფლის მეცნიერება სინამდვილეში სიბნელე და უმეცრებაა. ამქვეყნიური ცოდნა შენი ილუზორული ენერგიის ნაყოფია. იგი დაბრკოლებაა ერთგული მსახურების გზაზე და მარადიულ სულს წუთისოფლის სიამტკბილობას დახარბებულ ვირად აქცევს. აჰა, მე ვარ ერთი ასეთი საპალნის ვირი, ამქვეყნიური ყოფის კურტანს რომ ათრევდა ცხოვრების გზაზე. სიბერეში კი ტკბობის ძალა შემომელია, კმაყოფილებას ვერაფერში ვეღარ ვპოულობ. ტანჯვად იქცა ცხოვრება ჩემი, ჩემი ცოდნა გაუფასურდა, უმეცრების ისრით გაპობილი ჩემი გული კი უსაშველო ტკივილით იწვის.
ჰოი უფალო, არავითარ სიმდიდრეს მე აღარ ვეძებ შენი ლოტოსის ტერფების გარდა. ისინი მინდა ვაქციო ჩემი ცხოვრების აზრად და ამიტომაც სხვა ყველაფერზე უარს ამბობს ბჰაქტივინოდა.

სიმღერა 3
ახალგაზრდობაში ქონების მოხვეჭასა და კეთილდღეობას ვახმიე ძალა, რჯულის კანონს მივსდიე და დავქორწინდი. მე და ჩემმა მეუღლემ უამრავი დრო მოვახმარეთ ოჯახის ფეხზე დაყენებას, შვილებიც გავაჩინეთ, მაგრამ გული სულ უფრო და უფრო მიმძიმდებოდა. საზრუნავი დღითიდღე მატულობდა და ბოლოს შევამჩნიე რომ ჩემი ცხოვრება ერთ ადგილზე გაყინულიყო. მერე კი სიბერეც მოვიდა და მომავლის შიშით აღავსო ჩემი დაუდეგარი ჭკუა. ახლა ავადმყოფობით გაწამებული, მუდმივ შიშისაგან ციებიანივით ვკანკალებ. ხოლო ჩემს გულში, ჩემს გაუმაძღარ გულში სურვილების ცეცხლი კვლავაც გიზგიზებს, გამოსავალს კი ვერსაით ვხედავ. წყვდიადმა მოიცვა ყოველივე და სასოწარკვეთილებამ შემიპყრო. არავის ძალუძს ცხოვრების დინების შეჩერება და სიკვდილის ჟამიც მომიახლოვდა. ო როგორ მინდა გავწყვიტო მიწიერი სურვილების მტანჯველი ჯაჭვი, შენ შემოგიდგე და გემსახურო, მაგრამ რაღა დროსია, ალბათ ფუჭია ეს ოცნებები. ახლა უმწეოდ დარჩენილი შენ მოგმართავ უფალო ჩემო!
ასე ამბობს ბჰაქტივინოდა: ყოველივე ამაოა შენი წყალობის გარეშე, გევედრები შენი ლოტოსის ტერფებთან მიბოძო თავშესაფარი.

სიმღერა 4
ჩემი უწესო ცხოვრებით ცოდვა ვამრავლე და აურაცხელი ტანჯვა-წვალება მოვუტანე ყველას. ანგარებით აღძრულმა გულმოწყალება განვაგდე და სხვათა სიხარული მწუხარებად მივიღე. სიცრუით შევიმოსე, სხვისი ტანჯვით ვახარე გული და ხორციელი სურვილების უძირო ზღვად ვაქციე იგი. მრისხანებით აღსავსემ, დიდებით მთვრალმა შურისა და ეჭვის სამკაულით დავიმშვენე თავი. ქედმაღლობას მოვუხმე, ამპარტავნობა ავისხი აბჯრად და მიწიერ საქმეთა დახლართულ გზებზე შევადგი ფეხი. ძილსა და უქნარობას დამონებულმა კარი დავუხშე ყველა სასიკეთო საქმეს, სამაგიეროდ მხნე და ფხიზელი ვიყავი მუდამ როცა ცოდვის ჩადენას ვეშურებოდი. ასე დამამხო ჩემმა სიხარბემ და გამომხრა ავხორცობამ ჩემმა. მორწმუნეთაგან უარყოფილი, უკეთური და ბოროტი ადამიანი ღვთისგმობაში ატარებს დღეებს. მე ვარ სწორედ ასეთი კაცი, ყოველგვარ სიკეთეს მოკლებული, მუდამ ბოროტისაკენ მიდრეკილი, გამოფიტული და ცხოვრებისაგან მრავალგზის ნაგვემი. სიბერეში კი ყოველგვარ იმედს მოკლებული, ბოგანო და დამცირებული ბჰაქტივინოდა უზენაესი ღმერთის ლოტოსის ტერფებს მოუთხრობს თავის ცხოვრების მწუხარებით აღსავსე ამბავს.

სიმღერა 5
ჰოი უფალო! გთხოვ შეისმინო ამბავი ჩემი მწუხარებისა.
წუთისოფელის სამსალას დავეწაფე და მეგონა უკვდავების ნექტარს ვსვამდი. ახლა კი ჩემი ცხოვრების ჰორიზონტზე მზე უკვე ჩადის. უკან დარჩა სიყრმისა და განსწავლის წლები მაგრამ ავისა და კარგის გარჩევა მაინც ვერ შევძელ. ოჯახიც შევქმენი, მიწიერ სიამეთა ხიბლიც ვიგემე, ბავშვებიც გავაჩინე და მეგობრებიც ვიმრავლე, მაგრამ სიბერე მოვიდა და ბედნიერებამ ზურგი მაქცია. დავსნეულდი და დავჩაჩანაკდი, სხეული ჩემი გამოიფიტა და გრძნობები დაჩლუნგდა, ახალგაზრდული ტკბობის ძალას მოკლებული კი სულით დავეცი. სიბრძნეც არა მაქვს, ერთი მისხალი ერთგულებაც არ გამაჩნია, ახლა ვინღაა ჩემი შემწე, ჩემი მფარველი. მხოლოდ შენ უფალო ჩემო, დაცემულ სულთა ბოლო იმედო. ეს მე ვარ, ადამიანთა შორის უმდაბლესი ცოდვილი სული და ამიტომაც გევედრები – შემიფარე შენი ლოტოსის ტერფების ჩრდილქვეშ. ახლა რომ გამზომო და ამწონო, ვერავითარ კეთილ თვისებას ჩემში ვერ ნახავ, ამიტომაც გევედრები, მოიღე მოწყალება და მკაცრად ნუ განმსჯი. ძალა მომეცი შენი ლოტოსის ტერფების ნექტარი შევსვა და ასე იხსენ ბჰაქტივინოდა.

სიმღერა 6
ამ მოკრძალებულ ლოცვას შენს ლოტოსის ტერფებს ვუძღვნი, ახლად ამოსულ მოლზე ურბილესს. ეს ტერფებია თაშესაფარი დაცემულ სულთა, მიწიერი ყოფის ხანძარში რომ იდაგებიან. მე კი დავტოვე მათი ჩრდილი და ცხოვრებისგან დაგვალული ჩემი არსება ისე გამოშრა როგორც უდაბნოს ქვიშა. ძალა არ მყოფნის წინ რომ წავიდე. მწუხარე აჩრდილებივით ენაცვლებიან ერთმანეთს დღენი. ახლა შენი ლოტოსის ტერფებია ჩემი ერთადერთი სურვილი, ჰოი თავმოდრეკილთა და მორჩილთა ღმერთო. ო ღმერთო ჩემო, ნუთუ შობილა ვინმე ჩემზე მეტად ცოდვილი. გთხოვ შემიბრალო და მიწყალობო შენს ერთგულებთან ურთიერთობა და მათ ბაგეთგან თუ მოვისმენ შენი გართობის მადლიან ამბებს, ყოველნაირი მანკიერება ჩამომეხსნება. მე ახლა მხოლოდ ერთადერთი იმედით ვცოცხლობ – მინდა დღედაღამ რომ ვგალობდე შენს წმინდა სახელს შენს მარადიულ სასუფეველში. შენი უღირსი მსახური ბჰაქტივინოდა მცირე ადგილსღა გევედრება შენი ლოტოსის ტერფების ჩრდილქვეშ.

სიმღერა 7
ჰოი უფალო, ჩემმა უბედურმა ჭკუამ წუთისოფლის ტყვეობაში ჩამაგდო, მაგრამ გამოსახსნელად შენი წმინდა ერთგული გამომეცხადა. როცა იხილა რა საცოდავი ვიყავ, შემიბრალა და ასე მომმართა: აჰა ისმინე კეთილი ცნობა რათა იხაროს გულმა შენმა. შენს დასახსნელად უფალი შრი-კრიშნა-ჩაიტანია მოევლინა ნავადვიპის მიწას და მისი წყალობით მრავალმა ცოდვილმა სულმა უკვე გადალახა ამქვეყნიური ტანჯვის ოკეანე. დანაპირების შესასრულებლად იგი მოვიდა ოქროსფერ სხეულში როგორც ბრაჰმანის ვაჟი თავის ძმასთან – სალოს ნიტიანანდასთან ერთად. მათ ერთად ჩაძირეს ნადიის მიწა ღვთაებრივი ნეტარების ოკეანეში. შრი-ჩაიტანია თვით უზენაესი უფალი შრი კრიშნაა – ნანდა მაჰარაჯას ვაჟი, რომელიც უფასოდ არიგებს თავის წმინდა სახელს. ახლა წადი და შენი ხსნა ჰპოვე – ასე მითხრა წმინდა ერთგულმა. ამის გამგონე ბჰაქტივინოდა ტირილით ეახლა შენს ლოტოსის ტერფებს და ახლა თავის ცხოვრების ამბავს უყვება.