თითოეული ადამიანი მოვალეა შეიმეცნოს თავისი ადგილი ღმერთთან მიმართებაში და ამის შესაბამისად იმოქმედოს. თუ ამას შევძლებთ, ჩვენი ცხოვრება წარმატებული იქნება. ზოგჯერ საწინააღმდეგო გრძნობა გვეუფლება და ვამბობთ: „ღმერთი არ არსებობს“, ან „ღმერთი მე ვარ“, ან კიდევ „ღმერთი საერთოდ არ მენაღვლება“. მაგრამ, სინამდვილეში, ასეთი გამომწვევი სულისკვეთება ვერ გვიშველის. ღმერთი არსებობს და ჩვენ ყოველ წუთს შეგვიძლია მისი დანახვა. თუ უარს ვიტყვით ღმერთის სიცოცხლეში ნახვაზე, მაშინ იგი ჩვენს წინაშე უმოწყალო სიკვდილის სახით დადგება. თუ ერთ ასპექტში არ ვისურვებთ მის დანახვას, იგი მეორე ასპექტით წარმოგვიდგება. ერთი სიტყვით, მას ვერსად გავექცევით.
როგორც კი ადამიანი სულის არსებობას შეიმეცნებს, მას მაშინათვე შეუძლია ღმერთის არსებობის შემეცნებაც. განსხვავება ღმერთსა და სულს შორის იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი ძალიან დიდი სულია, ხოლო ცოცხალი არსება – ძალზე პატარა, მაგრამ თვისობრივად ისინი თანასწორნი არიან. აქედან გამომდინარე, ღმერთი ყოვლისგამჭოლია, სული კი – ლოკალიზებული. მაგრამ ბუნებით და თვისებით ისინი იგივენი არიან.
📖 მეცნიერება თვითრეალიზაციის შესახებ – ა.ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა